გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ხეხილის საგაზაფხულო შეთეთრება

ბაღი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მოვლა და დაცვა სჭირდება. საგაზაფხულო სამუშაოები სწორედ მისი დაცვისკენაა მიმართული. სამუშაოები მოიცავს: გასხვლას, შესხურებას, კვებას, მორწყვას, ასევე  ხეხილის ცენტრალური ღეროს საგაზაფხულო შეთთრებას.შეთეთრება ხეს იცავს: გაზაფხულზე  მზით დამწვრობისგან; ხელს უწყობს დაავადებების და მავნებლების განადგურებას, რომლებმაც  ხეში კარგად გამოიზამთრეს. ხის ტანის შენარჩუნება საღ მდგომარეობაში ნიშნავს მისი მსხმოიარობის ვადების გახანგრძლივებას ქიმიური პრეპარატების გარეშე. შეთეთრება ასევე იცავს ხის ქერქს დახეთქვისგან, მღრღნელებისგან, ნაადრევად აყვავილებისგან.
რამდენი შეთეთრებაა საჭირო ბაღისთვის: ხშირად ამ პროცედურას უყურებენ, როგორც დეკორატიულ აქტს, მაგრამ ხის ჯანმრთელობისთვის ეს აუცილებელი პროცედურაა და წელიწადში რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს, სჯობს 3ჯერ მაინც. 2ჯერადი იმ შემთხვევაში კმარა, თუ გამიყენებული იქნება სპეციალური პრეპარატები, რომლებიც  დიდხანს არ ჩამოირეცხება.
ძირითადი საშემოდგომო შეთეთრებაა, რაც ტარდება ფოთლების დაცვენის მერე, სანამ კარგად აცივდება (ოქტომბერ-ნოემბერი)
მეორედ  გაზაფხულზე, კვირტების გამოშვებამდე, მზის საგაზაფხულო ბუნიობამდე
მესამედ კი ზაფხულში. ეს დამატებითი პროცედურაა და შედარებით იშვიათად ხდება, თუმცა ისიც იცავს ხეს მავნებლებისგან და დაავადებებისგან.
საგაზაფხულო შეთეთრების აუცილებლობა: გაზაფხულზე კარგი, თბილი ამინდების დადგომის მერე ხეებიც თბება 8-12 გრ მდე, სანამ ხის წვენი ამოძრავდება. ღამით ტემპერატურა ისევ ქვეითდება მინუსებამდეც კი, და წვენი ისევ იყინება, ეს კი მის გაფართოებას განაპირობებს. ხის შიგა ქსოვილები სკდება. მერე კი კანსაც ხეთქავს. შეთეთრება მზის სხივებს არეკლავს და შიგნით ტემპერატურის მატებას უშლის ხელს. ასე ხე კვლავ მოსვენების ეტაპზეა, ოღონდ ახლა არა ბუნებრივ, არამედ იძულებითში, შესაბამისად. ზრდა მოგვიანებით დაიწყება, რაც მცენარესაც იცავს და მოსავალსაც. თუ ვერ მოხერხდა შეთეთრება თებერვალ-მარტში, შეიძლება აპრილის პირველ ნახევარშიც .
ხეხილის მომზადება შეთეთრებისთვის: გამოუცდელი  მებაღეები ყოველგვარი მომზადების გარეშე იწყებენ ხის შეთეთრებას და ფუნჯის ყოველი გადასმისას აქეთ-იქეთ ცვივა ხის ქერქი, ნაფოტების სახით. ეს კი ზიანის მომტანი უფროა, ვიდრე სარგებლის. მოსამზადებელი სამუშაოები და შეთეთრებაც მხოლოდ მშრალ ამინდში ტარდება.
წინასწარი სამუშაოები:
ხის ირგვლივ მიწა კარგად უნდა გაიწმინდოს; ზემოდან უნდა დააფაროთ ცელოფანი, რომ ხის ხავსი, ქერქის ნაფოტები, მავნებლები არ მოხვდეს მიწაში: ხის საფხეკით გაასუფთავეთ ხის ტანი, ძველი დამსკდარი ქერქისგან; თუ ქერქი მჭიდროდ ეკვრის ხეს, მაგრამ ღრმა ნაპრალები ჩანს, მომრგვალებულბოლოიანი ჩხირით კარგად უნდა გასუფთავდეს ეს ნაპრალები  და შიგ წაუსვით ბაღის მალამო. კარგად დაათვალიერეთ მთავარი ტოტებიც და ნაპრალები კარგად დაამუშავეთ; რაც აუცილებლად მოსაშორებელია, მოხერხეთ, მიწაზე დაფენილ ცელოფანზე დაყრილი ნარჩენები გაიტანეთ ბაღიდან და მოშორებით დაწვით.
ამის მერე საჭიროა გასუფთავებული ზედაპირის დეზინფექცია. ამას აკეთებენ წვრილნახვრეტებიანი პულვერიზატორიდან ხსნარის შესხურებით. ასე ხსნარი უკეთ მოხვდება ნაპრალებში
დეზინფექციის ხსნარები: ყველაზე ცნობილია სპილენძის ან რკინის სულფატი 3 -5 % ხსნარი, ანუ 300-500გრ 10ლ წყალზე. თუ ხეს „სძინავს“, ამ ხსნარით მთელი ვარჯის დამუშავებაც შეიძლება. თუ კვირტები დაბერილია, 2 % იან ხსნარს იყენებენ, რომ ისინი არ დაზიანდეს, გამეორება მხოლოდ 4 - 5 წლის მერე  შეიძლება, რადგან პრეპარატი თანდათან ჩამოირეცხება და მიწაში ჩადის, სადაც გროვდება და მიწის მოწამვლას და მცენარის სიკვდილს იწვევს. ზოგჯერ დეზინფექციისთვის იყენებენ ნიტრაფენს, ეს უფრო მიშვებულ ბაღში გამოდგება, რადგან სპილენძის სულფატის შემცველობა მასში მაღალია და  ნეგატიურ შედეგს მეტად იწვევს. კიდევ კარგია ბორდოს 3% ხსნარიც, ხომი, ოქსიხომი, მათ ხსნიან წყალში და იყენებენ  ინსტრუქციის მიხედვით.
შტამბის და  ტოტების სადეზინფექციოდ გამდგება ასევე მინერალური მარილები მაღალი კონცენტრაციით. 10ლ წყალში იხსნება ერთერთი მათგანი: 1კგ სუფრის მარილი, 600 გრ შარდოვანა, 550გრ კალიუმის ქლორიდი, 650გრ ნიტროამოფოსკა. ამ მარილების დამატება შეიძლება  კირხსნარშიც. კიდევ გამოდგება ნაცრის ნაყენიც: 2-3 კგ ნაცარს ურევენ 5ლ წყალს, ადუღებენ და აციებენ. მერე წურავენ, უმატებენ 50გრ სარეცხ საპონს და ავსებენ 10ლ მდე. მიღებულ ხსნარს იყენებენ ხეების დასამუშავებლად. შეთეთრებას იწყებენ დეზინფექციიდან 3 დღის მერე, რომ ხსნარი ხემ კარგად შეიწოვოს. 

როდიდან შეიძლება ხის შეთეთრება: პატარა ახალგაზრდა ხეებს ნაზი ქერქი აქვთ და დეზინფექციის საშუალებების მაღალი კონცენტრაცია მის დაზიანებას იწვევს, ისეთივე ნახეთქებს აჩენს, როგორც მზის სხივები.  უნდა შეთეთრდეს ყველა ნარგავი, მაგრამ ახალგაზრდა მცენარეებისთის ნაკლებკონცენტრირებულ ხსნარს ხმარობენ.
შესათეთრებელი ხსნარი: იგი შეიცავს 3 კომპონენტს: თეთრ პიგმენტს (კირი,ცარცი,) ინსექტო-ფუნგიციდურ პრეპარატს, ნებისმიერ წებოვან მასას, რომელიც არ უშლის ქერქს სუნთქვაში ხელს. დამატებით შეიძლება თიხის ან ნაკელის არევაც. წებოვანი მასალის გარეშე პირველივე  წვიმა ჩამორეცხავს  თეთრ ფენას და მერე ისევ თავიდან გახდება გასაკეთებელი ყველაფერი. ამიტომ ურევენ სარეცხ საპონს, წებოს, რომელიც სპეც მაღაზიებში იყიდება.
ჩამქრალი კირი: კირი სამნაირი იყიდება: მყარი, ჩამქრალი ან ცომის სახით.  გამოცდილი მებაღეები თავად ამზადებენ ჩამქრალ კირს. იგი კარგია მავნებლების, სოკოს და ხავსის წინააღმდეგ. კირის ცომის მოსამზადებლად მყარ მასალას ხსნიან წყალში 1:1. რძესავით სითხის მისაღებად - 1:3.  კირი ჩაქრობისას  შიშინებს და შხეფებს აქეთ-იქეთ ყრის, ამიტომ მასთან მუშაობა დამცავი მოწყობილობებითაა საჭირო. ჩაქრობა 20-30 წთ გრძელდება. ახალჩამქრალ კირს 7-30 დღე ინახავენ, იგი კარგად ედება ხეს. რძისებრი სითხე იმ კონსისტენციის უნდა იყოს, რომ წასმისას ხეზე დარჩეს სქელი თეთრი სადა ფენა.
შემადგენლობა: 10 ლ წყალზე საჭიროა: 1. 2,5კგ კირი, 200-300გრ სპილენძის სულფატი, 50 გრ სარეცხი საპონი.
2. 1,5-2კგ ჩამქრალი კირი, 1კგ თიხა, 1კგ ნაკელი, 50 გრ სარეცხი საპონი.
3. ზედა შემადგენლობას უმატებენ 200გრ რკინის სულფატს.
4. 2კგ ჩამქრალი კირი, 400გრ სპილენძის სულფატი, 400გრ წებო.
5. ყველა ამ ნარევს შეიძლება დაამატოთ მინერალური მარილებიც.
6, ზოგჯერ კარგია ინსექტო-ფუნგიციდების დამატებაც. 

ქარხნული შესათეთრებელი ხსნარი: სპეც მაღაზიებში იყიდება მზა ხსნარები, რომელიც ყველა კომპონენტს შეიცავს.იგი ხეზე 1-2 წელი ჩერდება, შეთეთრება ხდება 5-7 გრ ზე.
შეთეთრების წესები: შეთეთრებულ ფენას ხეზე 2მმ სისქე უნდა ჰქონდეს, ძირითადად 2 ფენას უსვამენ. ხსნარი უნდა იყოს ერთგვაროვანი, არაჟნის კონსისტენციის. განიერი ფუნჯით ხსნარს უსვამენ ზემოდან ქვემოთ ისე, რომ არც ერთი ნაპრალი არ გამორჩეს. ხის ძირში მიწას 4-5 სმ ზე იღებენ და იმ ნაწილსაც ათეთრებენ, მერე კი მიწას ძველ ადგილზე აბრუნებენ. მეორე ფენა მთლად ქათქათა თეთრი უნდა იყოს, რომ მზის სხივები უკეთ აირეკლოს. ზოგადად, ათეთრებენ ტანს და დიდი ტოტების 1/3 ნაწილს. შეთეთრება სისტემატურ ხასიათს უნდა ატარებდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მას ეფექტი.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

15 June 0 39 654

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно