ეხმეა

ეს მცენარე პოპულარული 90 იანი წლებიდან გახდა მისი საოცარი გარეგნობის გამო. ძლიერი ეკლიანი ფოთლები და მკვეთრი უხეში ყვავილედები მის საოცარ უპრეტენზიოობასთან ერთად - აი, მიზეზი მისი სწრაფი გავრცელებისა მოყვარულ მეყვავილეებს შორის.იგი ბრომელიასებრთა ოჯახს ეკუთვნის. უმეტესობა ს. ამერიკის ტროპიკებიდანაა. ისინი ისწრაფვიან რაც შეიძლება მეტი სინათლისკენ. ტყის დაბალ იარუსებში ეს საკმაოდ რთული მისაღწევი იყო, რის გამოც ეხმეას ბევრი სახეობა მაღალი ხეების ტოტებზე დასახლდა. ეს უფრო მარტივი აღმოჩნდა მათთვის, ვიდრე საკუთარი ღეროს გაზრდა, რომ მზისკენ უფრო სწრაფად ასულიყვნენ. ასეთი მცენარეები ეპიფიტებს წარმოადგენენ. ხეებზე მათ ერთადერთი რამ აკლიათ - მიწა, მაგრამ ხის ტანზე და ტოტებზე საკმაო რაოდენობით გროვდება გაუხრწნელი ორგანული ნარჩენები. სწორედ ასეთ ადგილებზე სახლდებიან ეპიფიტური ბრომელიები. ასეთ შემთხვევაში მათ არ სჭირდებათ ძლიერი ფესვები. უბრალოდ, ფესვებს იყენებენ ხეებზე მოსაჭიდებლად.
სხვა ბრომელიასებრთა მსგავსად, ეხმეას გრძელი ქამრისებრი ფოთლები ქმნიან მილს რაშიც გროვდება წყალი წვიმის დროს, რასაც შემდეგ მცენარე ინარჩუნებს და იზოგებს გვალვაში. ფოთლების სიგრძე 60 სმ მდეა, მცენარის სიმაღლე მთლიანად 1მ ს აღწევს. ზოგ სახეობას ფოთლებზე თეთრი ქერცლები აქვს - ტრიქომები, ისინი იცავენ ფოთლებს გადახურების და გამოშრობისგან. ამიტომ ეხმეას ფოთლებს არ წმენდენ.
ზოლიანი ეხმეა ყველაზე ლამაზი და უპრეტენზიო და ყველაზე გავრცელებული მცენარეა მის გვარში. ზოლიანი ფოთლების როზეტებს ძალიან უხდება კონუსისებური იისფერი ყვავილედი მკვრივი წვეტიანი  ვარდისფერი ყვავილებით. ასევე გავრცელებულია მბრწყინავი ეხმეა ქვედა მხრიდან ვარდისფერი ფოთლებით და მკვეთრად წითელი საგველა ყვავილედებით, ასეთივე ყვავილედი აქვს კუდიან ეხმეას.
გავრცელება: ეხმეას სამშობლო ს. ამერიკაა-მექსიკიდან არგენტინამდე. იგი გვხვდება მზეზეც და ჩრდილშიც, კლდეებზეც და ხეებზეც, ზღვის დონეზეც და მთებშიც. სახელი ბერძნულია და - ბოლოს, წვერს ნიშნავს.
მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობა 3 წლმდეა, ზრდის ინტენსიობა საშუალო, ყვავილობის მერე  ძველი მცენარე კვდება.

ყვავილობა: საკმაოდ დიდხანს გრძელდება, რამდენიმე თვე, ყვავილობს ზაფხულში. მისი ყვავილედი დიდი რაოდენობის პატარა ყვავილებისგან შედგება. ეხმეას აყვავება ცოტა რთულია. ყვავილობს მხოლოდ მოზრდილი მცენარე - 4-6 წლიდან, თუმცა მაღაზიაში ხშირად ახალგაზრდა მოყვავილე მცენარეებსაც ნახავთ, მაგრამ ეს სხვადასხვა ხელოვნური სტიმულატორებით მიიღწევა მხოლოდ. მეწარმეები ხომ  ვერ დაიცდიან დიდხანს, ეს მეტ ხარჯებთანა დაკავშირებული. ამიტომ მათ მონახეს გზები მცენარის ნაადრევი ყვავილობისთვის. მაგრამ ასე ნაადრევი ყვავილობა მცენარეს ძალიან ასუსტებს და სახლში მცენარის ასეთი სტიმულირება არასწორი იქნება, ხშირად მიზეზი იმისა, რომ მცენარე არ ყვავილობს, მისი ნაადრევი მოცილებაა დედა მცენარისგან. ახალგაზრდა ეხმეა ვერ იღებს მისთვის საჭირო ნივთიერებებს და ნელა ვითარდება, თუმცა მე - 2 – 3 წელს მაინც შესაძლებელია მისი აყვავება, თუ მცენარეს მოათავსებთ პაკეტში  მწიფე ბანანთან და ვაშლთან ერთად. ყვავილობის სტიმულატორი ხილის მიერ გამოყოფილი ეთილენია. კიდევ ერთი საშუალება არსებობს საყვავილე ღეროს მისაღებად  - ფოთლების მილში ათავსებენ  ლობიოს ზომის კალციუმის კარბიდს.იგი წყალთან ურთიერთობისას წარმოქმნის ეთილენს. მაგრამ ასეთი ყვავილობიდან  ნახევარი წლის ან  1წლის შემდეგ მცენარე კვდება. თუ იგი ახალგაზრდაა, გვერდითა ტოტები არ უვითარდება, მოზრდილები კი ყვავილობის შემდეგ რამდენიმე წელს კიდევ ცხოვრობენ. ბუნებაში მისი ყვავილობა ჩვეულებრივ სიკვდილის წინ ხდება, ძირითადად გადატანილი სტრესის შემდეგ. სტრესის ჰორმონი სწორედაც ეთილენია. ამიტომ თუ შემთხვევით რომელიმე ცხოველი ძირს დააგდებს ხიდან ეხმეას ან როზეტს დაუზიანებს, გამოიყოფა ეთილენი გადატანილი სტრესის შედეგად და ეს განაპირობებს ყვავილობას. მცენარე ცდილობს  რაც შეიძლება სწრაფად დასტოვოს შთამომავლობა მოსალოდნელ სიკვდილამდე. სტრესია ასევე დღე-ღამური ტემოერატურის ცვლილება. ასეთ შემთხვევაშიც მოსალოდნელია მისი აყვავება. კარბიდის გამოყენებით იგი იყვავილებს დაახლოებით 2-3 თვეში. ასევე ხშირად აყვავებულა იგი, როცა ბინაში შედუღების სამუშაოები ტარდებოდა რემონტის დროს. მოყვავილებულ ყვავილედებს დროულად აშორებენ მცენარეს, რომ არ დალპეს.
განათება:  ადვილად ეგუება ნებისმიერს, თუმცა მოსწონს კარგი გაბნეული სინათლე. მცენარეს დებენ ს. მხარეს ზამთარში, ზაფხულში კი უჩრდილავენ, რომ მზემ ფოთოლი არ დაუწვას. განსაკუთრებით საშიშია ეს მბრწყინავი ეხმეასთვის. ოპტიმალური მაინც დას. ან აღ. მხარეა მისთვის. ზოგან იგი კარგადაა ჩრ.-დას. მხარეზეც, მაგრამ ზოგ სახეობას ჩრდილში და ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში ფოთლები მთლიანად მწვანე უხდება.
მორწყვა: რწყავენ მიწის გაშრობის შემდეგ. თუ მიწა ფხვიერია, ფესვების ლპობის და ზედმეტად მორწყვის საშიშროება ნაკლებია. პერიოდულად სჭირდება წყლის ჩასხმა როზეტის მილისებურ გულში - 10-16 დღეში ერთხელ ჰაერის ტემპერატურის გათვალისწინებით.  წყალი მილში მუდამ უნდა ჰქონდეს, მცირე ხნით დასაშვებია შეშრობაც. ზამთარში ძალიან იშვიათად ასხამენ შიგ წყალს. 16 გრ ზე დაბალ ტემპერატურაზე კი წყალი მილში საერთოდ არ უნდა იყოს. მას საკმაოდ სქელი ფოოთლები აქვს, და არც ისე დიდი ოდენობის წყალს აორთქლებენ, მილში არსებული წყალი კი  გვალვის გადატანაში ეხმარება მცენარეს,
სასუქი: მას კვებავენ სპეციალურად ბრომელიების სასუქით ან კომპლექსური სასუქით განახევრებული დოზებით. კარგია ასეე შარდოვანის მიხმარებაც. სასუქი სჭირდება ზაფხულობით 2 კვირაში ერთხელ.
ჰიგიენა: უმეტეს სახეობას უწყობენ თბილ შხაპს ან უწმენდენ ფოთლებს, გარდა ზოლიანი ეხმეასი, რომლის ფოთლებსაც ეკლები აქვს და მისი დაზიანებაა შესაძლებელი აქტიური წმენდისას,
ტენიანობა: მას სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა და რეგულარული დანამვა, თუმცა ეგუება მშრალ ჰაერსაც
ტემპერატურა: ოპტიმალურია ზაფხულში 20-26გრ, ზამთარში  - 17-18 გრ. თუმცა მბრწყინავ ეხმეას შედარებით თბილი გამოზამთრება სჭირდება
სუბსტრატი: ვინაიდან ბუნებაში იგი ხეებზე ცხოვრობს, მისთვის გამოდგება ფხვიერი ჰაერგამტარი სუბსტრატი - ტორფიანი, კორდის და ფოთლოვანი მიწის ნარევი. გამოდგება ნეშომპალიან -ხავსიანი მიწაც ან კიდევ ფიჭვის ქერქის ნამტვრევები ტორფთან და ქვიშასთან ერთად. იგი ხის ტოტზეც შეიძლება გაზარდოთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კარგად უნდა ემაგრებოდეს ტოტს ფესვებით. მიწაში გაზრდილ მცენარეს ფესვები კარგად აქვს გავითარებული, რომელიც მოიხმარს წყალს და საკვებს ნიადაგიდან. ხეზე მცხოვრებს კი ძლიერი ფესვები უვითარდება, რითაც იგი ემაგრება ტოტს, თუმცა მათ არ შეუძლიათ  წყლის და, მით უფრო, საკვები ნივთიერებების შეწოვა მათი მეშვეობით. თუ მას ხეზე ზრდიან,  მიწის გარეშე, ხის ნაჭერს ხვრეტენ, ნახვრეტში ათავსებენ მცენარეს, ფესვებს კი ახვევენ ხავსს-სფაგნუმში.

გადარგვა: მას არ სჭირდება დიდ ქოთანი პატარა ფესვების გამო. ზოგჯერ მცენარე საკმაოდ დიდ და ძლიერფოთლიანია, გადმოეკიდება ქოთნიდან და შესაძლოა გადმოყირავდეს კიდეც. ახალგაზრდა მცენარეების გადარგვა ყოველწლიურად ხდება. მოზრდილებს აღარ რგავენ. გადარგულ მცენარეს რამდენიმე დღე დებენ ჩრდილში და არ რწყავენ..
ფორმირება: არ სჭირდება, მხოლოდ ზოგჯერ ხდება შვილეული ტოტების მოცილება დედა მცენარისგან.
პრობლემები: 
 - მცენარე იშვიათად ავადმყოფობს, ზიანდება ფარიანათი, ბუგრით, ცრუფარიანათი ან აბლაბუდა ტკიპით.
 - ასაკთან ერთად ძველი როზეტის ხმობა ნორმალურია. ეს ყვავილობდან  0,5-1 წლის შემდეგ იწყება. თუმცა ზოგჯერ მეტი დროც გადის.
 - როზეტის ლპობა ზედმეტი მორწყვისას ვითარდება დაბალ  ტემპერატურაზე და მძიმე ნიადაგში. ასევე ხშირად ემართება ფესვების ლპობაც იმავე მიზეზით.
 - გახუნებული ფოთლები ზედმეტი განათების გამოა, საყვავილე ღერო და ყვავილედი ჭუჭყიანი ვარდისფერი ხდება, როცა  მცენარე სიცივეშია.
 - ღია ყავისფერი ლაქები ფოთლებზე მზით დამწვრობის შედეგია, დაჭმუჭნული მოწყენილი ფოთლები კი - წყლის ნაკლებობის.
 - ფოთლების გამხმარი წვერები მშრალი ჰაერის პირობებში ვითარდება.
 - ზოგჯერ ავადდება სოკოთი, რომელსაც მკურნალობენ ფუნგიციდებით.

გამრავლება: ყველაზე სწორი იქნება დაელოდით შვილეულ ტოტს, რომელსაც მოგვიანებით მოაშორებთ დედა მცენარეს და ცალკე გაზრდით.  მაგრამ ბევრს ეჩქარება და  ტოტს აშორებენ მაშინ, როცა მისი სიგრძე მოზრდილი მცენარის ნახევარი ან მესამედი გახდება. კარგია, თუ მას უკვე გავითარებული ექნება საკუთარი ფესვები. ასეთ  შემთხვევაში იგი 2-3 წელიწადში უკვე აყვავდება კიდეც. ადრე მოცილებული ტოტები კი 5 – 6 წლის მერე შეიძლება აყვავდეს. შვილეულ ტოტებს მოცილებისას აყრიან ხის აშირს და აშრობენ გარკვეული პერიოდი, მერე კი რგავენ ფხვიერ ნარევში. სასურველია დასათბურებაც, თუმცა - არა სავალდებულო. სითბოში მცენარე 1,5 თვეში დაფესვიანდება.
მისი გამრავლება თესლითაც შეიძლება, მაგრამ მაშინ მისი ყვავილობა კიდევ უფრო დააგვიანებს. ითესება ტორფნარევ ქვიშაში, ნათესს ასათბურებენ. დებენ ნახევრადჩრდილში 22-25 გრ ზე. ამოდის დაახლოებით 3 კვირაში. 3 თვეში ხდება პიკირება, მომდევნო წელი მცენარე აქვთ 22 გრ ტემპერატურაზე პერიოდული შესხურებით, მერე კი უვლიან , როგორც მოზრდილ მცენარეს.
ტოქსიკურობა: ცოტა შხამიანია, მისი წვენი კანის გაღიზიანებას იწვევს. შინაურ ცხოველებს არ იზიდავს  ეხმეას უხეში ფოთლები და მას გვერდს უვლიან. პირიქით - მცენარის ფოთლების წვეტიანმა კიდეებმა შეიძლება დააზიანონ ცხოველები და ბავშვები, ამიტომ მათ  ბავშვების და ცხოველებისგან მოშორებით დებენ.
ეხმეა  შვებულების დროს: მცენარე არაა მომთხოვნი მორწყვის მიმართ და ადვილად შეეგუება უწყლობას 2-3 კვირის განმავლობაში. შვებულებაში წასვლის წინ მას კარგად რწყავენ, როზეტში ასხამენ წყალს და ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე ფანჯრიდან მოშორებით.


Loading the player...
12 June 0 7 204
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно