დიპლადენია

ქენდირისებრთა ოჯახის მცენარეა,წარმოშობით ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მთიანი რეგიონებიდან.ბუნებაში გავრცელებულია დაახლოებით 40-მდე სახეობა.ეს მცენარე უფრო ორანჟერეისათვისაა,ვიდრე ოთახისათვის.

  - დიპლადენია ბრწყინვალე Dipladenia splendens - მარადმწვანე ბუჩქი,ზრდიან როგორც ამპელურ მცენარეს.თავიდან ტოტები ბუსუსიანია,ასაკთან ერთად უშიშვლდება ღერო. ფოთლები საპირისპიროდაა განლაგებული,ოვალური ფორმის,ბოლოში წამახული,მოკლე ყუნწებზე,სიგრძით 20- სანტიმეტრამდე,ქვემოდან ძარღვის გაყოლებაზე ბუსუსიანია. 5-6  ყვავილი შეკრულია მტევნისებურ ყვავილედად.ყვავილის ხუთფურცლიანი ჯამი მკვეთრი ვარდისფერია,დიამეტრით 7-10 სანტიმეტრამდე.

  - დიპლადენია სანდერი Dipladenia sanderi - მარადმწვანე ლიანა.ოვალური,ბოლოში წამახული ფორმის ფოთლები განლაგებული აქვს საპირისპიროდ.ფოთლების სიგრძე 5-7 სანტიმეტრია,მოკლე ყუნწებით. 3-5 ყვავილი შეკრებილია მტევნისებურ ყვავილედად.ხუთფურცლიანი ყვავილის ჯამი ვარდისფერია,დიამეტრით დაახლოებით 8 სანტიმეტრი.

 - დიპლადენია მეჩხერი Dipladenia laxa - ფოთოლმცვენი ლიანა,ბუნებრივ პირობებში ზამთარში ფოთლები სცვივა.გრძელი მეჭეჭებიანი ღეროები წაგრძელებულ-კვერცხისებური ფოთლებით,სიგრძით 10 სანტიმეტრამდე.ფოთლები საპირისპიროდაა განლაგებული,ზემოდან შიშველია,ქვედა მხრიდან კი ოდნავ ბუსუსიანი ძარღვების გაყოლებით. 5-10 ცალი ყვავილი შეკრულია მტევნისებურ ყვავილედად.ყვავილის გვირგვინი თეთრი ან კრემისფერია,დიამეტრით 5 სმ.

 - დიპლადენია შესანიშნავი Dipladenia eximia - მარადმწვანე ლიანაა,წვრილი,ბუსუსიანი ღეროებით.ფოთლები ფართო,ოვალური ფორმისაა,ბოლოში წამახული,მოკლე ყუნწებით,სიგრძით 4 სანტიმეტრამდე,თითქმის შიშველი. 6-7 ყვავილი შეკრებილია მტევნისებურ ყვავილედად,გრძელ საყვავილე ღეროზე,მკვეთრი წითელი ფერის თანაყვავილედებით.ყვავილის გვირგვინი წითელია,დიამეტრით 8 სანტიმეტრამდე.  დიპლადენია - მოვლა სახლის პირობებში

ტემპერატურა: დიპლადენია უპირატესობას ანიჭებს ზომიერ ტემპერატურას,ზაფხულში დაახლოებით +20-25 გრადუსი,ზამთარში რეკომენდებულია უფრო გრილი - დაახლოებით +12-13 გრადუსი.დიპლადენია მეჩხერი კი იზამთრებს უფრო დაბალ ტემპერატურაზე +10.სახლში მსგავსი პირობებია შემინულ აივანზე.მარტისთვის მცენარე შედარებით თბილ ადგილზე გადააქვთ +16 გრადუსის ფარგლებში.გრილი გამოზამთრება აუცილებელია ყვავილის კვირტების ჩამოსაყალიბებლად და შემდგომში უხვად ყვავილობისათვის.

განათება: დიპლადენია სინათლისმოყვარულია,ზაფხულში ესაჭიროება სრულფასოვანი განათება,მაგრამ ყველაზე ცხელ საათებში (12-დან 3 საათამდე) მოჩრდილვა დასჭირდება.ყველაზე შესაფერისი ფანჯარა სამხრეთ- აღმოსავლეთის ან აღმოსავლეთის მხარის იქნება.ჩრდილო-დასავლეთის ფანჯარაც არ იქნება ურიგო,მაგრამ მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში.ზამთარში სინათლის მოთხოვნილება დამოკიდებულია ტემპერატურაზე,როდესაც მცენარე სიგრილეში იზამთრებს სინათლის ნაკლებობა კრიტიკული არ არის.თუ მცენარე ოთახის ტემპერატურაზე იმყოფება,უნდა იფიქროთ დამატებით განათებაზე.

მორწყვა: ზაფხულში საჭიროებს უხვ მორწყვას,ნიადაგი მთლიანად არ უნდა გამოუშრეს,მაგრამ მორწყვებს შორის ზედა ფენა უნდა შრებოდეს.შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე გრილი გამოზამთრების პირობებში მორწყვა იშვიათად ესაჭიროება,მხოლოდ ხანგრძლივად გამოშრობა დაუშვებელია.დიპლადენია ვერ იტანს წყლის ჩაგუბებას ფესვებში,განსაკუთრებით თუ ნიადაგი მძიმეა.

კვება: აპრილიდან სექტემბრამდე დიპლადენიას კვებავენ ყოველ ორ კვირაში.გამოიყენება კომპლექსური სასუქები ყვავილოვანი მცენარეებისათვის.შესანიშნავია‘’ფერტიკა-ლუქსი’’.ზაფხულში თვეში ერთხელ შეცაძლოა მიაწოდოთ კალიმაგნეზია (1,5 – 2 გრ. ერთ ლიტრ წყალზე) - ერევა სარწყავ წყალს.

ჰაერის ტენიანობა: ოპტიმალურია დაახლოებით 50%-55%. მცენარეს ესაჭიროება შესხურება,თუ იმყოფება თბილ ოთახში,ასევე ზაფხულის სიცხეებში.შეასხურეთ ისე რომ ყვავილებს არ მოხვდეს წყალი.როდესაც მცენარე ზამთარში სიგრილეში იმყოფება, შესხურებას არ საჭიროებს, +18 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ფოთლების სისველემ შესაძლოა სოკოვანი დაავადება გამოიწვიოს.

გადარგვა: ირგვება ყოველ წელს- გაზაფხულზე,მარტში ან აპრილში.დიპლადენიას ნოყიერი ნიადაგი ესაჭიროება: 2 წილი კორდის მიწა, 1 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა, 1 წილი წვრილი კენჭები.აუცილებელია კარგი დრენაჟი და მსხვილი სადრენაჟე ნასვრეტები.დიპლადენია ვერ იტანს ფესვებში ხანგრძლივად წყლის ჩაგუბებას.თუ გრუნტი ნელა და დიდხანს შრება,შეამოწმეთ ხომ არაა დახშული დრენაჟის ხვრელები.მორწყვის შემდეგ ნიადაგი გააფხვიერეთ.

გამრავლება: დიპლადენია მრავლდება კალმებით,რომლებიც გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში უნდა აიჭრას.კალმები უნდა დასათბურდეს და ნიადაგის გათბობით უნდა დაფესვიანდეს.შეიძლება დამაფესვიანებლების გამოყენებაც (კორნევინი ან ჰეტეროაუქსინი). კალმები მუდმივად ნესტიან ნიადაგში უნდა იმყოფებოდეს.ლპობის თავიდან ასაცილებლად ნიადაგი ფხვიერი და მსუბუქი უნდა იყოს (ფოთლოვანი ტყის მიწა ან ტორფი და ვერმიკულიტი თანაბარი რაოდენობით,შეიძლება დაემატოს ხის ნახშირის წვრილი ნატეხებიც). შესაძლებელია სუფთა ვერმიკულიტში დაფესვიანებაც,მაგრამ როგორც კი ფესვები 2-3 სანტიმეტრს მიაღწევს,ნიადაგში უნდა გადაირგას.წყალში დიპლადენია შედარებით ძნელად ფესვიანდება,საჭიროა დღეგამოშვებით წყლის გამოცვლა,წყალი გადადუღებული უნდა იყოს.

ეს უნდა იცოდეთ: დიპლადენია ზოგიერთ ცნობარში გვხვდება მანდევილას Mandevilla სახელწოდებით.თუმცა ეს სრულიად სხვადასხვა გვარის მცენარეებია,ძალიან გვანან ერთმანეთს და ერთიდაიგივე არეალში ბინადრობენ.ისინი განსხვავდებიან ყვავილის აგებულებით.სახელწოდება ‘’დიპლადენია’’ ბერძნული სიტყვებიდან წარმოდგება - diplos ორმაგი და aden ჯირკვალი.

ვარჯის ფორმირებისათვის და უხვი ყვავილობისათვის დიპლადენიას სხლავენ ადრე გაზაფხულზე,ან ყვავილობის დამთავრების შემდეგ შემოდგომაზე.ახალგაზრდა ტოტების ნასხლავი შეგიძლიათ გამოიყენოთ დასაკალმებლად.რადგან დიპლადენიას ყლორტები 3-5 მეტრს აღწევს სიგრძით,მას იყენებენ გრილი,მაგრამ ნათელი ჰოლების გასამწვანებლად.

ევროპის ქვეყნებში სადაც თბილი კლიმატია, დიპლადენია მეჩხერი შესაძლებელია დაირგას ღია გრუნტშიც.

შესაძლო პრობლემები: ფოთლები ყვითლდება და ცვივა - თუ ზამთარში ძალიან ცივა,ან ზაფხულში დიდი სიცხეებია.დაიცავით მორწყვის რეჟიმი,ნუ მორწყავთ თუ ნიადაგი არ შემშრალა.

ფოთლები უფერულია,ყვავილები მომცრო ზომისაა,ყვავილობა ხანმოკლეა - თუ სინათლის ნაკლებობაა.მცირე მოჩრდილვა მხოლოდ შუადღის საათებშია საჭირო,ზაფხულში.

ფოთლები ფერმკრთალია,დაშვებული,ყვავილები ცვივა - თუ ზედმეტად მშრალი ჰაერია ცხელ დღეებში.დადგით ქოთანი ფართო სადგამზე სველი კერამზიტით ან კენჭებით.შეასხურეთ მცენარეს დილის და საღამოს საათებში.თუ ყვავილი ბაღში დგას მორწყეთ ქოთნის გარშემო მიწა უხვად სარწყავით ან რეზინის მილით.

მცენარე ასევე ცუდად იზრდება და ყვავის თუ მას არ ყოფნის საკვები ნივთიერებები - სასუქი უნდა მიეწოდებოდეს მთელი ზაფხულის განმავლობაში.ხელსაყრელი პირობების დროს დიპლადენია ყვავის მაისიდან ნოემბრამდე.ყვავილები ორ კვირამდე ძლებს.ზრდასრულ მცენარეზე შესაძლოა გაიშალოს 50-80 ყვავილი.ეს ჭეშმარიტად დიდებული მცენარეა ზამთრის ბაღებისა და ორანჟერეებისათვის.https://yvavilebismovla.ge/metodebi/166-iodi-saxlis-mcenareebistvis.html 

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

10 May 0 3 164
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно