ჰაერის ტენიანობა

მცენარეებისთვის მნიშვნელოვანია სახლში მათთვის სასურველი ტენიანობის შენარჩუნება. ზოგ მათგანს, მაგ. დეკორატიულ სატაცურს მშრალ ჰაერზე ყვავილობა არ შეუძლია, თუნდაც რწყავდნენ ისე, როგორც საჭიროა. პრეტენზიულ მცენარეებში კი ძალიან დაბალი ტენიანობა კოკრებს და ფოთლებს აცვენს, ზრდას ანელებს. ბუნებაში მცენარეები მათთვის შესაფერის ადგილს ირჩევენ საცხოვრებლად.
კლიმატი მცენარისთვის ფართო მცნებაა და მოიცავს ტემპერატურას, განათებას, გრუნტის ტენიანობას, მის სტრუქტურას, ჰაერის ტენიანობას. ეს უკანასკნელი  სახლში დამოკიდებულია ამინდზე, ჩართულ გათბობაზე. დახურულ ფანჯრებშიც კი გაზაფხულ-ზაფხულში წვიმიან ამინდში ეს მაჩვენებელი იშვიათადაა 50 % ზე დაბლა, ზამთარში კი გამათბობელი ძალიან აშრობს ჰაერს და 10-15 % მდე ჩამოდის, თუ არც ისე ყინავს და გათბობა არც ისე დიდზეა აწეული, მაშინ ტენიანობა 30-50 % ს აღწევს. ზოგი მცენარისთვის ეს კომფორტულია, სხვებისთვის- არც ისე.
როგორ ავწიოთ ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელი: ტენიანობის მაღალ დონეს სახლის პირობებში სხვადასხვა გზით აღწევენ. ყველაზე მისაღები მეთოდია შესხურება. ზრდის ეტაპზე მცენარეთა უმეტესობას დილა-საღამოს ნამავენ. მცენარის დანამვა არ შეიძლება შუადღეზე, მწველი მზის დროს, რომ ფოთლების დამწვრობა არ გამოიწვიოს. არ ინამება მცენარეები, რომელთა ფოთლები ძირში ეხვევიან ღეროს, ასეთი მცენარის დანამვისას წყალი ჩადის ასე შემოხვეულ უბეებში, ჩერდება იქ და მერე ლპობას იწვევს, განსაკუთრებით ცივ ამინდში. ასევე არ ნამავენ ხაოიანფოთლიან მცენარეებს - იებს, გლოქსინიებს.
 შესხურება ეფექტურია, როცა ჰაერის ტემპერტურა 24-26 გრ ია, ტენიანობა კი - 30-40 %.  უფრო მეტი სიცხის დროს შესხურება უკვე უეფექტო ხდება - წყალი მომენტალურად ორთქლდება.
როგორი წყლით ინამება მცენარე: წყალი უნდა იყოს რბილი. ხისტი წყალი, რომელიც მარილებს შეიცავს, მცენარეზე ლაქებს ტოვებს. ამიტომ სჯობს მისი დანამვა გადადუღებული ან დისტილირებული წყლით.
წყალი უნდა იყოს თბილი. ცივი წყალი ფოთლებზე მოხვედრისას ალაქავებს მათ, განსაკუთრებით - მგრძნობიარე მცენარეებზე. ამიტომ  შედარებით თბილ წყალს ასხამენ ბოთლში ან პულვერიზატორში. შესხურებისას ჰაერში წვეთები გრილდება და პრაქტკიკულად მცენარეს ოთახის ტემპერატურის წვეთები ეცემა.
თუ მცენარეს მეტი ტენიანობა ესაჭიროება, კონკრეტულად მითითებულია, როგორ სჯობს - ქოთნის დადება სველ კერამზიტიან სადგამზე, სველ ხავსზე, ტორფზე,.. ზოგჯერ კი წერია - ხშირი შესხურება, რეგულარული დანამვა, პერიოდული შესხურება. რა იგულისხმება ამაში? ხშირი და რეგულარული გულისხმობს ყოველდღიურ დანამვას დილა-საღამოს. პერიოდული - თუნდაც ერთ შესხურებას დღის განმავლობაში ან 2 დღეში ერთხელ. ასე სჭირდება იმ მცენარეებს, რომლებისთვისაც შესხურება მხოლოდ ჰიგიენაა და არა ჰაერის ტენიანობის მოსამატებელი საშუალება.თუ მას შესხურება არ სჭირდება, არც ინამება, მაგრამ თუ მცენარე ვერ იტანს შესხურებას, იგი არ უნდა დადოთ ისეთი მცენარეების გვერდით, რომლებიც ინამება.
როგორ გავზარდოთ ჰაერის ტენიანობა შესხურების გარეშე: თუ დანამვით ტენიანობას ვერ ზრდით ან გარკვეული მცენარეები არ ინამება, საჭიროა სხვა გზის მოძებნა. ამაში დაგეხმარებათ სადგამი, ან ნებისმიერი ჭურჭელი, რომელშიც წყალი ჩასხმული. შეიძლება ასევე ქოთნის გარშემო ან მასში მიწაზე ხავსის დადება, რომელსაც ნამიან მდგომარეობაში შეინარჩუნებთ. პერიოდულად ხავსს ცვლიან, რადგან იგი დროთა განმავლობაში ლპება. საჭიროა ასევე ქოთანში მის ქვეშ მიწის შემოწმებაც. მხოლოდ ხავსი უნდა დაინამოს ისე, რომ მის ქვეშ მიწაში ნესტი არ გაჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება ქინქლა. იგი ხავსში თავიდან შეუმჩნეველია, მერე კი უცებ უამრავი ჩნდება. დასველებულ ხავსს ზიანიც მოაქვს, მიწა ზედმეტად ნესტიანდება და მცენარეს ფესვები ულპება.
თუ სიმშრალის მიზეზი ჩართული გამათბობელია, მასზე სველ პირსახოცს აფენენ, რომელსაც დილა-საღამოს ასველებენ. ასე ნარჩუნდება საჭირო ტენიანობა ჰაერში და მცენარეც დაცულია სიცხისგან და გამოშრობისგან.
კიდევ არსებობს ჰაერის დამტენიანებლები - ხელსაწყო, რომელიც ზომავს ჰაერის ტენიანობას და ზრდის მას საჭიროებისას. მისი არჩევისას მნიშვნელოვანია სიძლიერე. ძლიერი ხელსაწყო სწრაფად და ეფექტურად ზრდის ტენიანობას დიდ შენობებში. მასში ასხამენ ანადუღარ ან დისტილირებულ წყალს, თუნდაც მოცემულ რეგიონში არ იყოს მეტად ხისტი წყალი.წყლიდან მარილები მაინც ილექება ან თავად ხელსაწყოში, ან მიწის ზედაპირზე მორწყვის შედეგად.
მთავარია გახსოვდეთ: ჰაერის ტენიანობას ვერ გაზრდით ხშირი და უხვი მორწყვით, ასე ხშირად ემართებათ დამწყებ მოყვარულებს, როცა ცდილობენ ჰაერის ტენიანობის ნაკლებობის კომპენსირებას მომატებული სიხშირის  და უხვად მორწყვით.
არასაკმარისი ტენიანობის ნიშნები: ხმება ფოთლის წვერები, კიდეები, მცენარე არ ყვავილობს ან ცვივა კოკრები და ყვავილები. მას ხშირად ემტერება აბლაბუდა ტკიპა.
ზედმეტი ტენიანობის ნიშნები: ზედმეტი ტენიანობა ისევე მავნეა მცენარისთვის, როგრც ნაკლებობა - ზედმეტი ნესტი ჰაერში იწვევს მცენარისთვის მავნე მიკროფლორის წარმოქმნას და გამრავლებას, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებას - ნაცრისფერ ლპობას, ლაქოვნებას. ზოგადად, ჰაერის მაღალი ტენიანობა არაა მავნე მცენარისთვის, რომ არა ნესტისმოყვარე მიკრობები, რომელთა გამრავლებას ხელს უწყობს  უმოძრაო ჰაერი. სწორედ ამიტომ ორქიდარიუმში, სადაც ჰაერის ძალიან მაღალი ტენიანობაა, რამდენიმე ვენტილატორს ათავსებენ.
არიან მცენარეები, რომლებსაც არ სჭირდებათ ჰაერის მაღალი ტენიანობა და ადვილად გადააქვთ სიმშრალე: ალოე, სუკულენტები, აკაცია, ალბიცია, ასპიდისტრა, ადენიუმი, დეკორატიული სატაცური, გასტერია, ჰორტენზია, ჰიბისკუსი, გინურა, კალანჰოე, ჯინჭარა ყვავილი, კლივია, რძიანა, კლდისდუმა, ოლეანდრი, პეპერომია, სამოთხის ჩიტი, ვეფხისტყავა, სტაპელია, სტეფანოტისი, ჭორტანა, ფიკუსი,ჰავორტია, ჰემანტუსი, ქლოროფიტუმი, ჰოია, ევკალიპტი, ეუჰარისი.
ჰაერის ტენიანობა და კაქტუსები: მათ უყვართ დანამვა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისინი უნდა დაინამოს წვრილნახვრეტებიანი პულვერიზატორიდან დილით ან საღამოს, როცა გარეთ ნამიანდება, ისიც მხოლოდ ზაფხულში და თბილ შენობაში. ერიდებიან ორპირს. ეს მათთვის ჰიგიენური პროცედურაცაა და ბუნებაშიც ასეა იქ, სადაც ისინი იზრდებიან - ჩვენს რეგიონში ნამი დიდი წვეთების სახით ედება ყველაფერს და ფეხები მუხლამდე გისველდებათ ნამიან ბალახში სიარულის დროს, იქ კი ნამი ძალიან წვრილი და მსუბუქია.
ჰაერის ტენიანობა და იები: მათ არ მოსწონთ წყლის წვეთების მოხვედრა ფოთოლზე, მაგრამ ცხელ ზაფხულში სიმშრალე მათზეც მოქმნედებს, ამიტომ იებიან ქოთნებს  იღებენ ფანჯრის რაფებიდან და დებენ დაბლა, იატაკზე, სადაც  შედარებით სიგრილე და ნაკლებ მშრალი ჰაერია. ასევე სასარგებლოა დღეში რამდენჯერმე მათთან ახლოს ჰაერში წვრილნახვრეტებიანი პულვერიზატორიდან წყლის შესხურება. ასე მათ  უადვილდებათ სიცხის გადატანა.  
ჰაერის ტენიანობის გაზრდის მეთოდი: სიცხეში  პულვერიზატორიდან საღამოობით შეიძლება ჰაერის ნაცვლად ფარდების დანამვა, ასე ყვავილებსაც და ადამიანებსაც უადვილდებათ სუნთქვა, ფარდა დილისთვის შრება. იგივე შეიძლება ზამთარშიც გამათბობლის ჩართვსას, კარგია ასევე სველი პირსახოცების დაფენა გამათბობლებზე, მათ დღეში რამდენჯერმე ასველებენ - დილით, შუადღეზე და საღამოს. ასევე კარგია თავად მცენარეების დანამვაც დილა-საღამოს. ყოველივე ამის შემდეგ მცენარეები შესანიშნავად იგრძნობენ თავს. - მათ შორის ვენერას თმაც და დეკორატიული სატაცურიც, რომლებიც ასეთი მოვლის პირობებში ყოველწლიურად იყვავილებენ.

ასევე იხილეთ ბმულზე საჭირო ინფორმაცია: https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/191-niadagis-mjaveoba-da-wylis-sixiste.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

30 April 0 8 564
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно