გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ორქიდეა ვანდა. მოვლა სახლის პირობებში.

ვანდა ყურადღებას იქცევს თავისი მდიდრული ყვავილებით,რომლებიც გაერთიანებულია საგველა ყვავილედებად.უფრო ხშირად ისინი მოიისფრო შეფერილობისაა,გვხვდება ასევე ყვითელი,ნარინჯისფერი,ჟოლოსფერი და თეთრი- იისფერი ხაზებით და კანტით.ზოგიერთი სახეობის ვანდას ყვავილებს სასიამოვნო არომატი აქვს.

ვანდას გრძელი და ღონიერი საჰაერო ფესვები აქვს (1 მეტრემდე სიგრძის,ბუნებრივ პირობებში კი უფრო გრძელი). მომრგვალო ნაპირების მქონე გრძელი ფოთლები განლაგებულია სიმეტრიულად,ერთმანეთის მოპირდაპირედ და ერთ სიბრტყეში.

ამ ორქიდეას ვერ ვუწოდებთ არაპრეტენზიულს,მას სიცოცხლისათვის განსაკუთრებული პირობები ესაჭიროება.მაგრამ, სწორ და კარგ მოვლას ვანდა პასუხობს წელიწადის ნებისმიერ დროს უხვი ყვავილობით.

დარგვა. ვანდას ზრდისათვის ნიადაგი არ ესაჭიროება,მას აქვს უნარი იცოცხლოს გაშიშვლებული ფესვთა სისტემით.მცენარეს ათავსებენ ჩამოკიდულ კალათში,ან ამაგრებენ ხის ქერქის ფრაგმენტზე.შეიძლება მისი ჩასმა ქოთანში,რომელსაც დიდი რაოდენობით ნასვრეტები აქვს,რათა ფესვებს მიეცეს სუნთქვის საშუალება,ეს ვანდასათვის  სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ვანდას გასაზრდელად სუბსტრატს არ ენიჭება უპირატესობა,რადგან არსებობს საშიშროება რომ ზედმეტი ტენისაგან მცენარეს ფესვები დაუზიანდება.მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სურვილი,მაგალითად ესთეტიური მოსაზრების გამო,მცენარე სუბსტრატში ჩასვათ, ის  უნდა იყოს ძალიან ფხვიერი,ჰაერგამტარი და სწრაფად შრობადი.მორწყვის შემდეგ სუბსტრატი მთლიანად უნდა შრებოდეს არაუმეტეს სამი დღისა.ვანდას სუბსტრატის ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ასეთი: ქერქის მსხვილი ნატეხები,გვიმრის ფესვები,ტორფი - 2:1:1 შეფარდებით.

ნახევარ წელიწადში ერთხელ სუბსტრატი სასურველია გამოიცვალოს,რადგან მორწყვა და სასუქები იწვევს მისი კიროვანი მარილებით გაჯერებას,რაც ვანდას ფესვებისათვის საზიანოა.

ჩვეულებრივ,ვანდას ყიდიან შავი პლასტიკის  კალათებით,უკეთესი იქნება თუ მცენარეს ამ კალათიდან არ ამოიღებთ და არ დაუზიანებთ ფესვებს.ამ პროცედურას ორქიდეა ძალიან მტკივნეულად იტანს.შეგიძლიათ ვანდა ამ კალათითვე დაკიდოთ ან ჩასვათ უფრო დიდი ზომის ნასვრეტებიან ქოთანში.

ვანდას სუბსტრატის გარეშე გამოზრდის ერთ-ერთი ვარიანტია მისი მინის ჭურჭელში ჩასმა,რაც საკმაოდ დეკორატიულად გამოიყურება.ორქიდეას სვამენ გამჭვირველე მინის ჭურჭელში,რომელსაც ფართო,მყრი სადგამი აქვს,ისე რომ შიგნით მხოლოდ ფესვები მოთავსდეს და მცენარის მწვანე ნაწილი ჭურჭლის გარეთ აღმოჩნდეს.ორქიდეა ვანდას რაც შეიძლება მეტი სინათლე ესაჭიროება,მინა კი,თუნდაც გამჭვირვალე,გარკვეულად გზას უღობავს მზის სხივებს.ამავდროულად ეს მეთოდი მაინდამაინც არაა სასურველი ვანდასთვის,რადგან მცენარის ფესვები და ყელი უნდა ნიავდებოდეს,მინის ჭურჭელი კი ჰაერს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.
ტემპერატურა. ყველაზე შესაფერის ტემპერატურად ითვლება +17 + 27 გრადუსი დიაპაზონი,ჰაერის ტენიანობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს,რადგან ვანდა შესანიშნავად იზრდება 50% -იანი ტენიანობის პირობებშიც.

წელიწადის თბილ პერიოდში სასარგებლოა ვანდას გამოტანა სუფთა ჰაერზე,იგი უნდა მოთავსდეს ორპირი ქარებისაგან დაცულ ადგილას,მსუბუქ ჩრდილში.

განათება. საკმაო რაოდენობის სინათლე - მთავარი ფაქტორია ვანდას წარმატებული ზრდისა და ყვავილობისათვის.უკეთესია ორქიდეას სამხრეთის,აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე განლაგება.სამხრეთის ფანჯარაზე მას ზაფხულში მცირეოდენი მოჩრდილვა დასჭირდება,ზამთარში კი ეს ადგილი მისთვის საუკეთესო იქნება.

ზამთარში მცირდება დღის ხანგრძლივობა,მზიანი დღეები იშვიათია,იკლებს ჰაერის ტემპერატურა.ეს ყველაფერი შეიძლება ორქიდეას მოსვენების მდგომარეობაში გადასვლის მიზეზი გახდეს,რაც ბუნებრივ პირობებში მისთვის არაა დამახასიათებელი.ამიტომ საჭიროა შეეცადოთ ვანდა სამხრეთის ფანჯარაზე მოათავსოთ,თუ ეს არ მოხერხდა დაუმატეთ მას ხელოვნური განათება.სასურველია ორქიდეა სინათლეს 12 საათის განმავლობაში იღებდეს. როდესაც ვანდას სინათლე არ ყოფნის,მისი ფოთლები მუქ მწვანე შეფერილობას იღებს,წყდება მისი ფესვების ზრდა და ფესვის ბოლოებს ეკვრება თხელი აპკი,ახალი ნაზარდი აღარ შეინიშნება.ამ ნიშნებით თქვენ მიხვდებით,რომ ორქიდეას დამატებითი განათება ესაჭიროება.თუ განათების დაყენება არ ხერხდება,აუცილებელია მორწყვის შემცირება და მხოლოდ ერთხელ 5-7 დღეში ერთხელ მორწყვა (ამავე დროს არ უნდა დაუშვათ ფოთლების დაჭკნობა). ამ პერიოდში სასუქის მიწოდებაც უნდა შეუწყვიტოთ.თუმცა ხანგრძლივი მოსვენების დღეები მცენარის ცხოველქმედებაზე ცუდად აისახება,ის დასუსტდება და საბოლოოდ დაიღუპება.

მორწყვა. მორწყვის წესების დაცვა, ვანდას სახლის პირობებში მოვლისას,აუცილებელია.სწორედ ზედმეტი ტენიანობა ხდება ამ ორქიდეების დაღუპვის მიზეზი.მორწყვა ხორციელდება ფესვთა სისტემის თბილ წყალში 20-30 წუთით მოთავსებით.მორწყვისას ფესვები თითქოს ივსება და მწვანდება.

მორწყვისას მოერიდეთ ფოთლების და ფესვის ყელის დიდი ხნით წყალთან კონტაქტს,თუ წყალი ფოთლებს შორის ჩავიდა,წყლიდან ამოსმის შემდეგ წყლის წვეთები შეუშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.

მორწყვებს შორის სუბსტრატი უნდა ასწრებდეს გაშრობას,ფესვები ვერცხლისფერი უნდა იყოს.თუ გაშრობის პროცესი გახანგრძლივდა,ფესვებმა შეიძლება ლპობა და კვდომა დაიწყოს.

სუბსტრატის დროული გაშრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ მცენარეს  საყვავილე ღერო ეზრდება.თუ სუბსტრატი არ გაშრა,საყვავილე ღერო ზრდას შეაჩერებს.ასევე შეჩერდება ფოთლების და ფესვების ზრდა.თუ შეამჩნევთ რომ თქვენმა ორქიდეამ ზრდა შეაჩერა,მორწყეთ ის იშვიათად,ისე რომ არ დაუშვათ ფოთლების და ფესვების ჭკნობა.

ასევე აუცილებელია მცენარის შუაგულის და ფოთლის უბეების ამოშრობა,რადგან წყლს ჩარჩენის შემთხვევაში იწყება ლპობა და მცენარე იღუპება.მორწყვაბს შორის ინტერვალი დამოკიდებულია განათებაზე და ოთახის ტემპერატურაზე.

სიცხეში, აქტიური ვეგეტაციის და ყვავილობის დროს,ორქიდეა 3 დღეში ერთხელ ირწყვება ასეთი პრინციპით:

პირველი დღე - მორწყვა.

მეორე დღე - ფესვები ოდნავ ნესტიანია.

მესამე დღე - სუბსტრატი და ფესვები ბოლომდე მშრალია.

ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით გრილ დღეებში,მორწყვა ხდება  5-7 დღეში ერთხელ.ზედმეტი ტენიანობა  განსაკუთრებით ამ დროსაა საზიანო,რადგან შესაძლოა სხვადასხვა სახის სიდამპლე გამოიწვიოს და მცენარე დაიღუპოს.

თუ მორწყვებს შორის დიდი ინტერველია,მცენარის ფესვები იწყებს შეჭმუჭვნას.რა თქმა უნდა აქამდე არ უნდა მივიყვანოთ მდგომარეობა.

მოსარწყავი წყალი სასურველია მაქსიმალურად რბილი იყოს,თბილი ან ოთახის

ტემპერატურის.

კვება. ვანდას კვება საჭიროა მაშინ,როდესაც ის აქტიური ზრდის პერიოდში იმყოფება.ანუ,მაშინ როდესაც ფესვის ბოლოებზე ჩანს ახალი ნაზარდი.

კვება ემატება მორწყვისთვის განკუთვნილ წყალს.სასუქის კონცენტრაცია ყურადღებით უნდა განისაზღვროს,თუ ის ზედმეტად მაღალი იქნება,ორქიდეას ფესვების ახალმა ნაზარდმა შესაძლოა დამწვრობა მიიღოს.უკეთესია შეიძინოთ ორქიდეებისათვის განკუთვნილი სასუქი და მკაცრად დაიცვათ ინსტრუქცია.შესაძლოა ჩვეულებრივი ყვავილების სასუქის გამოყენებაც,ამ შემთხვევაში დოზირება შეამცირეთ 2-3 ჯერ. (კემირა- ლუქსი,უნიფლორი,Green world).

სასუქის მიწოდება საკმარისია 3-4 კვირაში ერთხელ.ორქიდეა ფესვებით ჩასვით სასუქიან წყალში 20-30 წუთთ.

დამატებით ყვავილობის შესახებ. ყვავილები თავის მაქსიმალურ ზომას აღწევენ ყვავილობის მე-10 დღეს.ახალი გაშლილი ყვავილი შედარებით ფერმკრთალია,ფერი თანდათან უმუქდება 2-3 დღეს.ყვავილობის პერიოდში ვანდა ფოთლების ზრდას აჩერებს.ყვავილობის დამთავრების შემდეგ მცენარეს აცლიან საყვავილე ღეროს,ჭრილობა მუშავდება ბრილიანტის მწვანეთი (ზელიონკა).

მნიშვნელოვანია. ჯანმრთელი ვანდა ახდენს კენწეროს აქტიური ზრდის დემონსტრირებას.

გადარგვა. ვანდა ირგვება მაშინ,როდესაც ქოთანი საკმაოდ ეპატარავება,ან სუბსტრატი აქვს შესაცვლელი(დაახლოებით 6 თვეში ერთხელ).ყვავილობის პერიოდში გადარგვა არ ხდება,საჭიროა დაყვავილებას დაელოდოთ.

გამრავლება. თუ თქვენ გაგიმართლათ და თქვენმა ვანდამ მოგცათ გვერდითი ამონაყარი (შვილი),შეეცადეთ  გაზარდოთ და გააცალკევით ის დედა მცენარისაგან.მაგრამ იცოდეთ, ის მხოლოდ 4-6 წლის შემდეგ დაიწყებს ყვავილობას.შვილის დაცილება შესაძლებელია მაშინ,როდესაც მას საკუთარი ფესვები 5-6 სმ. სიგრძის ექნება.დაცილების დროს წარმოქმნილი ჭრილობები უნდა დამუშავდეს დანაყილი ნახშირით,ბრილიანტის მწვანეთი,სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატით.ჭრილობების დასველება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.

დედას დაცილებული შვილი უნდა ჩაირგას მომცრო,მისთვის შესაფერისი ზომის ქოთანში.შესაძლოა გამოიყენოთ მინის ჭიქაც,სუბსტრატის გარეშე.პატარა ორქიდეა ისევე ირწყვება როგორც მოზრდილი,3-5 დღეში ერთხელ,ოღონდ წყალში ის მხოლოდ 5-10 წუთის განმავლობაში უნდა გააჩეროთ.მორწყვის დრო თანდათანობით გაზარდეთ ვანდას ზრდის შესაბამისად.

დაავადებები. ყველაზე ხშირად ვანდები ავადდებიან ფუზარიოზით.ეს სოკოვანი დაავადებაა,რომლით დასნებოვნებაც ხდება ფოთლების ან ფესვების დაზიანების შემთხვევაში.

დაავადება აქტიურ ფაზაში გადადის არასწორი მოვლის პირობებში,პირველ რიგში მორწყვის დარღვევისას,როდესაც ხდება ორქიდეის მწვანე ნაწილის დასველება,ასევე ცუდი განათების პირობებში.ორქიდეა განსაკუთრებით დაუცველი ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაბალი ტემპერატურისა და სინათლის უკმარისობის დროს.

დაავადების პროფილაქტიკისათვის აუცილებელია მოაცილოთ გამხმარი,გამუქებული ფესვები და ძლიერ დაზიანებული ფოთლები.ფოთოლზე ჭრილობის წარმოქმნისას ის უნდა დამუშავდეს ნახშირით და ბრილიანტის მწვანეთი.თუ ფოთლები ყვითლდება და ყავისფერდება ძირებში,ერთმანეთის მიყოლებით ცვივა - ესე იგი მცენარე დაავადებულია.ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა მოაცილით დაზიანებული ღეროს ნაწილი.გადაჭერით ზედა დაზიანებული ფოთლიდან 6-7 სანტიმეტრით ზემოთ.შეეცადეთ გადაარჩინოთ დარჩენილი კენწეროს ნაწილი,თუ მას ექნება უნარი რომ ფესვები განივითაროს.ჭრილობას მიაყარეთ ნახშირი,დაამუშავეთ ბრილიანტის მწვანეთი და ფუნგიციდით,დაიცავით დასველებისაგან.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

22 April 0 13 364

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно