კაქტუსების გამრავლება

კალმებით გამრავლება. როგორც ყველა ოთახის მცენარე,ზოგიერთი კაქტუსი შეიძლება გამრავლდეს დაკალმებით.განსხვავება ისაა,რომ კაქტუსის კალმებს არასოდეს დებენ წყალში (გარდა ტყის და ეპიფიტური კაქტუსებისა).

როდის დავაკალმოთ კაქტუსი. კაქტუსის კალმის აჭრა სასურველია გაზაფხულზე.შემოდგომით კაქტუსების უმეტესობა მოსვენების მდგომარეობაში გადადის და ამ დროს აღებული კალამი დედა მცენარეს დააზიანებს.თუმცა არის შემთხვევები,როდესაც დაკალმება აუცილებელია: როდესაც კაქტუსი დაავადდება,კვდება და ერთადერთი გამოსავალი მისი კენწეროს დაკალმებაა.

რა შემთხვევაში უნდა დაკალმდეს კაქტუსი

თუ კაქტუსს ერთადერთი ღერო აქვს,დაკალმება გამართლებულია იმ შემთხვევაში როცა:

ღერო ზედმეტად გრძელია და უშნო

ღერო ძალიან გრძელია და შესაძლოა გადააბრუნოს ქოთანი

ღერო ძალიან გრძელია და თაროს ან ფანჯრის ჭერამდე აღწევს,ადგილი არ ყოფნის

ღეროს ქვედა ნაწილი გაუხეშებულია,მიმდინარეობს ფესვების  ან ფესვის ყელის ლპობა

ერთადერთი ღეროს შემთხვევაში,ჩვეულებრივ ხდება კენჭეროს გადაჭრა და მისი დაკალმება,მაგრამ თუ ღეროს სიგრძე საშუალებას იძლევა,შესაძლოა კიდევ რამოდენიმე ნაწილის დაკალმებაც.

2.თუ კაქტუსი კარგადაა დატოტვილი,შეიძლება აიჭრას რამოდენიმე კალამი,იმასათვის რომ მეგობრებს უწილადოთ.

როგორ დავაკალმოთ

იარაღები და ტექნიკა

ბასრი დანა - სასურველია საკანცელარიო,რომელსაც თხელი და სწორი პირი აქვს.ან უსაფრთხო სამართებლის პირი.

სპირტი დეზინფექციისათვის

ქოთანი ან პლასტმასის კონტეინერი სადრენაჟე ნასვრეტით

კაქტუსებისათვის განკუთვნილი გრუნტი

რამდენიმე კენჭი

პლასტმასის დიდი პინცეტი (მაგალითად სათამაშო) ან სამზარეულოს სატაცი სილიკონის პირებით

როგორ დავაფესვიანოთ კაქტუსის კენწერო

1.აიღეთ კაქტუსი,რომლის დაკალმებასაც აპირებთ.გულდასმით შეარჩიეთ ადგილი სადაც უნდა გადაჭრათ.თუ მას ღერო ულპება,აუცილებლად მოაჭერით მხოლოდ ჯანმრთელი ნაწილი.

2.გაწმინდეთ ინსტრუმენტი (დანა ან სამართებლის პირი) სპირტით

3.აიღეთ კაქტუსი პინცეტის ან სამზარეულოს სატაცის საშუალებით კენწეროდან,ისე რომ არ მოატეხოთ ეკლები.თუ არ გაქვთ პინცეტი აიღეთ ქაღალდის ფურცელი,გადაკეცეთ რამოდენიმე ფენად და შემოახვიეთ კაქტუსს.

4.მოაჭერით ღეროს საჭირო ნაწილი,დადეთ გვერდულად მოჩრდილულ,გრილ ადგილზე და გააშრეთ 2-4 დღის განმავლობაში.თუ კალამი დაავადებული კაქტუსიდან მოაჭერით,უმჯობესია მოაყაროთ დანაყილი ნახშირი.

ჭრილი შეიძლება სწორი და თანაბარი გაკეთდეს,მაგრამ ხანდახან მას თლიან როგორც ფანქარს (გარდა ოპუნციისა).ეს უზრუნველყოფს უფრო ძლიერი ფესვების ჩამოყალიბებას.

5.ქოთანში ჩაყარეთ კაქტუსის გრუნტი,ოდნავ დაატენიანეთ.ზედაპირზე დაალაგეთ რამოდენიმე კაქტუსი.რამოდენიმე დღის განმავლობაში გამომშრალი კალამი გადანაჭერი ადგილით დადეთ გრუნტზე - კენჭებზე.თუ კალამი თხელია და არამდგრადი,ჩაამაგრათ რაიმე საყრდენი და შალის ძაფის მეშვეობით მიამაგრეთ ზედ კაქტუსი.შესაძლებელია კალმის პირდაპირ მიწაზე დადებაც,ამ შემთხვევაში ის მთლიანად მშრალი უნდა იყოს.თუ კალმის გადანაჭერი ადგილი სველ ნიადაგთან იქნება შეხებაში,ის შეიძლება დალპეს.

მოზრდილი კენჭების გამოყენება კაქტუსის დასადებად,გაცილებით მოხერხებულია.რადგან ადვილად შეიძლება დანახვა გამოჩნდა თუ არა ფესვები,მაგრამ ყოველდღე ნუ შეაწუხებთ.გაზრდილი ფესვები ისედაც გამოჩნდება როცა წამოიზრდება.

6.დადეთ ქოთანი ნათელ ადგილზე,სადაც გაფანტული სინათლე ეცემა.იდეალურია აღმოსავლეთის ფანჯარა,თუ სამხრეთის ფანჯარაა,მაშინ მოუჩრდილეთ თხელი ფარდით.

ფესვები 1-2 კვირაში გამოჩნდება,იშვიათად შეიძლება მეტი ხანი დაჭირდეს,შეიძლება ორი თვეც კი.

შესაძლებელია კაქტუსის კალმის დაფესვიანება წყლიანი ჭურჭლის თავზე,ზოგიერთ შემთხვევაში ფესვები ასე უფრო მალე ჩნდება ვიდრე გრუნტზე.ამ მეთოდისათვის ქილის ძირში ასხამენ წყალს,პლასტმასის ბოთლს აჭრიან ძაბრისებურ ნაწილს,კაქტუსის კალამს ათავსებენ ისე რომ, წყლის ზედაპირიდან 5 მილიმეტრის დაშორებით იმყოფებოდეს.წყალი მცირე რაოდენობით უნდა დაემატოს თუ დააკლდება.როგორც კი ფესვები გამოჩნდება,კაქტუსი შეგიძლიათ მოათავსოთ გრუნტზე: არ ჩაფლათ,უბრალოდ ზემოდან მოათავსეთ.

სხვათა შორის კაქტუსის კალამს აქვს თვისება გაზარდოს ფესვები უბრალოდ გვერდულად დადებულმაც.მაგრამ არის განსხვავება: ვერტიკალური მდებარეობისას ფესვები თანაბრად,ყველა მხრიდან წარმოიქმნება,მაშინ როდესაც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დადებული კაქტუსის ფესვები ცალ მხრივად ვითარდება.

წანაზარდი შვილებით გამრავლება. ეს,ალბათ გამრავლების ყველაზე ადვილი მეთოდია.ის გამოსადეგია ისეთი კაქტუსებისათვის რომლებიც წარმოქმნიან შვილებს,გახსოვდეთ,რომ ყველაზე ძლიერი და სიცოცხლის უნარიანი შვილები კაქტუსის კენწეროსთან ახლოსაა განლაგებული.მაგრამ ეს პრინციპული არაა,შვილები იმ მხრიდან უნდა მოაცალოთ სადაც ისინი ზედმეტად მოგეჩვენებათ და საიდანაც დედა მცენარე ნაკლებად დაზარალდება.

ზოგიერთ კაქტუსს შვილები თავისით ძვრება და მიწაზე დაცემული თუ დარჩება,ფესვიანდება.ზოგიერთს ფრთილად უნდა შეაცალოთ პინცეტის მეშვეობით.ზოგჯერ ის ადგილი საიდანაც შვილი მოაძრეს შეუმჩნეველია,ზოგჯერ კი მელოტდება და უეკლოდ რჩება,რაც დედა მცენარის სახეს აფუჭებს,ამიტომ შვილეული წანაზარდი რაც შეიძლება პატარა ზომის უნდა მოაცალოთ.

უფესვო კაქტუსის შვილები თითქმის მშრალ გრუნტზე კენჭების მეშვეობით უნდა დაამაგროთ.ფესვიანი შვილები კი გრუნტში უნდა ჩაფლათ.კალმებისაგან განსხვავებით შვილების გამოშრობა არ არის საჭირო,ისინი ადვილად ფესვიანდება ოდნავ ნესტიან სუბსტრატში.თუმცა შვილებით გამრავლებას აქვს თავისი ნაკლიც - ხანგრძლივი,მრავალჯერადი გამრავლებისას,მიღებული მცენარის ხარისხი ქვეითდება.

ზოგჯერ,თუ არ ხდება კაქტუსისათვის შვილების მოცილება,დედა მცენარე თანდათან იფარება შვილებით და უჩვეულო შესახედავია.მოაძრობთ თუ დაუტოვებთ შვილებს ეს თქვენი გემოვნების საქმეა,მაგრამ თუ თქვენი ეკლიანი ბინადარი დაავადდა - უმჯობესია შვილები მოაცილოთ რომ მათთვის ძალა არ დახარჯოს და ადვილად გამოჯანმრთელდეს.

კაქტუსების მყნობა ერთ ერთი მეთოდია მათი გამრავლებისთვის და გარკვეული მიზანი აქვს.

რატომ ამყნობენ კაქტუსს

მყნობას იმიტომ ატარებენ,რომ აიძულონ კაქტუსს აყვავება,თუ ის რთულად ყვავდება.

ამყნობენ იმისათვის,რომ გადაარჩინონ უფესვოდ დარჩენილი კაქტუსი.

ამყნობენ მაშინ,როდესაც სხვა მეთოდით ვერ ახერხებენ კალმის დაფესვიანებას.

ამყნობენ ,როდესაც კაქტუსი რთულად გასაზრდელია თუ ის საკუთარ ფესვებზე იზრდება.

ამყნობენ როცა უბრალოდ აინტერესებთ როგორ გამოიყურება დამყნობილი ან უნდათ მიიღონ საინტერესო შეჯვარება.

ყველა დადებითთან ერთად ამ მეთოდს აქვს ერთი არსებითი ნაკლი - დამყნობილი მცენარეები უმრავლეს შემთხვევაში დიდხანს ვერ ცოცხლობენ,რადგან ეს ოპერაცია მაინც უჩვეულოა მცენარისათვის.

საერთოდ მყნობით დაკავება იშვიათი ჯიშის კაქტუსებთან უმჯობესია გამოცდილმა კაქტუსების მცოდნემ ჩაატაროს,ვინ ამ მცენარეებს არაერთი წელია იცნობს,რადგან ეს რთული და შრომატევადი პროცედურაა,რომლის დროსაც ხშირია მარცხი,სულ უმნიშვნელო დარღვევის გამოც კი.

მყნობის ჩატარებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები

მყნობა ტარდება გაზაფხულზე,ან ზაფხულის დასაწყისში,გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც შემოდგომით კაქტუსს ულპება ფესვები და არ გსურთ ძვირფასი ეგზემპლარის დაკარგვა.

საძირე - ის კაქტუსია რომელზეც ხდება მყნობა,მას უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული,ჯანმრთელი ფესვთა სისტემა და უნდა შეეძლოს ზრდის გაგრძელება.საძირედ იყენებენ მხოლოდ ჯანმრთელ კაქტუსებს,რომელიც მყნობამდე გადარგული იქნა არანაკლებ ერთი თვისა,არ უნდა ქონდეს შვილების განვითარებისაკენ მიდრეკილება.ყველაზე ხშირად საძირედ იყენებენ Eriocereus jisbertii-ს.ამის მიზეზი ისაა რომ იგი სწრაფადმზარდია და არაპრეტენზიული.

ყელა ინსტრუმენტი,რომელიც დამყნობისას უნდა გამოიყენოთ,სტერილური უნდა იყოს,ამისათვის ისინი იწმინდება სპირტით.ორივე სახის კაქტუსი რომელიც მყნობისათვის გამოიყენება,უნდა გაიწმინდოს სპირტში დასველებული ფუნჯით.

ჭრილი ახალი უნდა იყოს,რომ შეშრობა ვერ მოასწროს.

სანამყენე და საძირე ერთმანეთს ისე უნდა მოერგოს,რომ კამბიალური რგოლები რაც შეიძლება უკეთ ემთხვეოდეს ერთმანეთ,ამისათვის ისინი დაახლოებით ერთნაირი დიამეტრის უნდა იყოს.სწორედ  კამბიალური რგოლების დამთხვევაზე არის დამოკიდებული მყნობის წარმატება.

კამბია - წარმომშობი ქსოვილის ფენა (მერისტემა),რომელიც კარგად ჩანს გადანაჭერზე რგოლის სახით.კამბიის უჯრედები აძლევს საწყისს გამტარი უჯრედების კონას და კამბიური რგოლების დამთხვევის დროს საძირე და სანამყენე ერთმანეთს შეეზრდება.რაც უფრო უკეთესია დამთხვევა,მით უკეთ შეეზრდებიან ერთმანეთს,თუნდაც ნაწილობრივ.

ჭრილები საძირეზე და სანამყენეზე უნდა იყოს ჰორიზონტალური და სწორი,ორი მცენარის შემაერთებელი სახვევი კი არ უნდა ედებოდეს გადაჭრილ ადგილებში.სხვათა შორის,მყნობა შეიძლება ნათესზეც,ჭრილი კეთდება თესლის ლებნებს ზემოთ.

კაქტუსის მყნობის ტექნიკა. მას შემდეგ რაც მომზადდება კაქტუსები და დამუშავდება სპირტით,დეზინფექცია ჩაუტარდება ინსტრუმენტებს,იჭრება სანამყენე და საძირის კენწერო.მაშინვე,ვიდრე გადანაჭერი ადგილები გაშრება და დამჟანგვას დაიწყებს,უნდა დავადოთ ერთმანეთს რომ მოხდეს მაქსიმალური დამთხვევა.საძირის და სანამყენეს ერთმანეთთან მჭიდროდ დასაკავშირებლად იყენებენ  ძაფს ან წვრილ რეზინს.

შეიძლება მოიჭრას კაპრონის კოლგოტიდან  ორი ზოლი,ერთი მათგანის ბოლო დაამაგრეთ ქოთნის კედელზე სკოჩით,გადაატარეთ თავზე სანამყენეს ეკლებს შორის და მეორე ბოლო დაამაგრეთ ქოთნის მეორე მხარეს.ასევე მოიქეცით მეორედაც და კოლგოტის ნაჭრით ჯვარედინად დაამაგრეთ ნამყენი.

მყნობის ჩატარებისას მთავარია სწრაფი მოქმედება.თუ რაღაც ისე არაა და პროცედურა გაჭიანურდა,გააკეთეთ ახალი ჭრილები - ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნსა გაშრეს,ან მიაფარეთ ჭრილებს საკვების შესახვევი ცელოფნის ნაჭერი,რომ გაშრობისაგან დაიცვათ.

ზოგიერთ შემთხვევაში საძირეს ინტენსიურად გამოეყოფა წვენი და ხელს უშლის პროცედურის ჩატარებას,წინასწარ მოიმარაგეთ ბინტის ნაჭრები რომ ოდნავ შეაშროთ ჭრილობა,მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბა ან ქსოვილის ნაჭერი.

მყნობის შემდეგ მოვლა. მყნობის შემდეგ კაქტუსი უნდა დაიდგას მშრალ,თბილ და ნათელ ადგილას,მაგრამ აუცილებლად მოუჩრდილეთ პირდაპირი მზის სხივები.მორწყეთ ზომიერად,მხოლოდ მაშინ როდესაც ნიადაგი კარგად შეშრება,მაგარამ მთლიანად ნუ გამოაშრობთ.წყალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს ჭრილობებს.ასეთ პირობებში კაქტუსი ორი კვირის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს,შემდეგ სახვევვი უნდა მოხსნათ და კაქტუსი უნდა შეაჩვიოთ უფრო მკვეთრ სინათლეს.მისი გადატანა უკვე შეგიძლიათ ჩვეულ ადგილზე.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი სალთხუციშვილის

10 April 0 9 730
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно