ბურიტო
ეს ვარდების გამრავლების ერთერთი ყველაზე მარტივი მეთოდია. თუ გაჩუქეს ლამაზი ვარდების თაიგული, ან გაქვთ ლამაზი სახეობა ბაღში და მისი გამრავლება გსურთ, მათი გაზრდა- გამრავლება სწრაფად სახლშიც შეგიძლიათ აგარაკზე, ან ეზოში.
ვეგეტატიური გამრავლება ბევრი სახეობის ვარდისთვის არც ისე მარტივი ამოცანაა, მით უფრო, თუ იშვიათი ჯიში ან ჰიბრიდია, ან როცა საწყისი მასალის რაოდენობა შეზღუდულია, ან მოცემული ინდივიდი ცუდად ეგუება გარემო პირობებს ჯიშის არამდგრადი ხაზის გამო. ამ ყველაფერს მარტივად აგვარებს მეთოდი - ბურიტო, იგი აშშ-ში დაინერგა, დაამტკიცა ეფექტურობა, პრაქტიკაში გამოიცადა, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გავრცელდა მსოფლიოში.
ბურიტო შაურმის მექსიკური ანალოგია, მექსიკური კერძი, - რბილ ლავაშისმაგვარ პურში ახვევენ შიგთავსს - პომიდორს, ფარშს, ბრინჯს, ავოკადოს, შემწვარ პარკოსნებს და ყველს. ეს სიტყვა კარგად ასახავს ვარდის გამრავლების ამ მეთოდის არსს - ვარდის ტოტებს ახვევენ დასველებულ გაზეთში, უქმნიან დაფესვიანებისთვის საჭირო პირობებს, და ტოტი ივითარებს ჯერ ე.წ. კალუსს, მერე კი ფესვს.
კალუსი - მცენარეული ქსოვილის ზედნადებია ტოტის გადანაჭერზე, რომელიც ჭრილობის ირგვლივ არსებული ცოცხალი უჯრედების დაყოფით წარმოიქმნება. სწორედ იგი უწყობს ხელს ფესვების გამოზრდას.
რამდენიმე კვირაში ასეთი „შაურმა“ შიგთავსით გვაძლევს ახალ სიცოცხლისუნარიან მცენარეს. მეთოდი საკმაოდ მარტივია, მაგრამ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
განვიხილოთ მეთოდი ეტაპობრივად:
ტოტებს ამ მეთოდისთვის ჭრიან საშემოდგომოდ, მაგრამ უკეთესია გაზაფხულზე მოჭრილი ტოტები. ტოტების სიგრძე 20 სმ მდე უნდა იყოს 3-4 კვირტით, ტოტის სისქე კი - 0,5სმ მდე, რადგან ამ ზომის ღერში არსებული საკვები ნივთიერებები საკმარისია კალუსის და ფესვების ფორმირებისთვის.
ყურადღებით დაათვალიერეთ ტოტები, მათ შორის არ უნდა იყოს გაშავებული, დაზიანებული, დამპალი ტოტები.ისინი სხვებსაც გააფუჭებენ. დასაფესვიანებელ ტოტებს დებენ ფესვის ზრდის სტიმულატორში, რომელიც იყიდება, ან შეიძლება თავადაც მოამზადოთ: ერთწლიანი ტირიფის ყვითელ ან მწვანე ტოტებს წვრილად ჭრიან, 10 წთ დებენ მიკროტალღურ ღუმელში ან ასხამენ მდუღარეს და აყენებენ 2 სთ. 4-7 ვარდის ტოტს ახვევენ გაზეთის 2-3 ფენაში, ასველებენ წყლით, მერე დებენ სიბნელეში 14-18გრ ზე. უფრო დაბალ ტემპერატურაზე ფესვის გამოზრდა შენელდება, ტოტები გადადის მოსვენების პერიოდში, მაღალ ტემპერტურაზე კი ფესვები გამოსვლისთანავე ხმება, კვდება, თუნდაც ყოველთვის სველი იყოს და ხშირად ნამოთ, მათი დაობების შანსი მეტია. ამიტომ 14-18გრ ყველაზე ხელსაყრელია მცენარისთვის, კალუსის და ფესვის გამოსაზრდელად.
3 კვირის მერე გადახვეულ პაკეტებს ფრთხილად ხსნიან, ამოწმებენ ტენიანობას, ათვალიერებენ, ხომ არ გამოვიდა კალუსი ან ფესვები. საჭირო შემთხვევაში ისევ ნამავენ, თავიდან გადაახვევენ და ისევ ინახავენ. კალუსის კარგად გაზრდის და პატარა ფესვების გამოჩენის შემთხვევაში ტოტებს ცალკ-ცალკე რგავენ ქოთნებში ისე, რომ მიწის ზემოთ ზედა კვირტი დარჩეს. ქოთანს აფარებენ ცელოფანს, დებენ 23-25 გრ ზე. ხშირად ნამავენ და ანიავებენ . ცელოფანს ხდიან ტოტების ზრდის მერე.
სულ ესაა. ამ მეთოდს არ სჭირდება დიდი თანხები, მაგრამ კარგ შედეგს იძლევა, მიწასთან შეგუების პროცენტიც მაღალია და ყველაზე პრეტენზიული ვარდის ჯიშების გამრავლების ალბათობაც საკმაოდ დიდია.
თარგმანი თ. სუპატაშვილის