მითები ოთახის მცენარეთა მოვლის შესახებ
დამწყებ მეყვავილეებს უმეტეს შემთხვევაში ზოგადი წარმოდგენა აქვთ სახლის მცენარეების მოვლის წესებზე. არსებობს ბევრი სტერეოტიპი ან წესი, რომელიც ან არ მუშაობს, ან ყოველთვის არც უნდა შესრულდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი აგრძელებს ასეთი წესების დაცვას, რომლებსაც საბოლოოდ ზიანი უფრო მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა. ასეთი წესები უფრო მითებს განეკუთვნება.
მითი 1. მცენარე აუცილებლად უნდა იდგეს ფანჯრის რაფაზე. ეს წესი ზოგადად დასაბუთებულია ერთის მხრივ, რადგან მცენარის ზრდისთვის აუცილებელი პირობა განათებაა. მაგრამ აქ ბევრი რამ პირველ რიგში დამოკიდებულია თავად მცენარის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე განათების დონეზე ოთახში. თუ ფანჯარა გადის ჩრ. მხარეს, აქ მხოლოდ ჩრდილისამტანი მცენარეები უნდა დაიდგას და თანაც რაფაზე. თუ ფანჯარა სამხრ. მხარესაა, ასეთ მწველ მზეს მხოლოდ სუკულენტების -კაქტუსების და კრასულას სახეობები გაუძლებენ. სხვა მცენარეებისთვის ასე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ფანჯრის რაფაზე დებას. თუნდაც მცენარე სინათლისმოყვარული იყოს, შესაძლებელია მისი დადგმა თაროზე, მაგიდაზე ფანჯარასთან ახლოს. თუ იგი ჩრდილისამტანია, შეიძლება შუა ოთახში ან სულაც ოთახის კუთხეში მოათავსოთ. მაგ. კარგად განათებულ ოთახში ფალენოპსისი ინტერიერის ცენტრალური აქცენტი შეიძლება გახდეს.
არსებობს ბევრი მცენარე, რომლებიც კარგად იზრდება ოთახის სიღრმეში, დას. ან აღ. მხარეს გამავალ ოთახებში, ყველაზე ბნელი ადგილებიც შეიძლება გაალამაზოთ მცენარეებით, თუმცა ასეთ შემთხვევაში ყველაზე გამძლე მცენარეები გამოდგება. მათთვის იყენებენ ასეთ მეთოდს - მცენარის ბნელ ადგილზე დიდხანს ყოფნის მერე ცოტა ხნით ასვენებენ და გადააქვთ ნათელ ადგილზე. ნაზ და პრეტენზიულ მცენარეებზე ეს მეთოდი არ ამართლებს, ისინი ასეთ სტრესს ვერ გაუძლებენ. მაგრამ ბოლო დროს პოპულარული ხდება დამატებით განათების დადგმა მცენარეებთან, მათთან ამონტაჟებენ განათების სისტემას, და ასე უკვე შესაძლებელი ხდება უამრავი მცენარის გაზრდა ოთახის ნებისმიერ ადგილზე.
მითი 2. საჭიროა, რაც შეიძლება უხვი სასუქის მიცემა. მცენარეს ზრდისთვის ესაჭიროება სინათლე, მაგრამ ასევე სჭირდება საკვები-მინერალური ნივთიერებები, რაც მან მიწიდან უნდა მიიღოს. მაგრამ მისი ოდენობა ზომიერი უნდა იყოს. სჯობს დააკლოთ კვება, ვიდრე გადააჭარბოთ სასუქი, ვინაიდან პირველ შემთხვევაში მცენარე ზრდას ანელებს, მეორე კი უფრო სერიოზულ შედეგს იწვევს, მცენარის კვდომასაც კი. განსაკუთრებით არასასურველია მცენარის კვება, რომელიც ახლახან შეიძინეთ, ან ახალი გადარგულია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავადმყოფი მცენარის კვება,ვინაიდან სასუქი წამალი არ არის. დამწყები მეყვავილეები სასუქის დახმარებით ცდილობენ მის გაჯანსაღებას, თუმცა სინამდვილეში ამისთვის უნდა გამოიყენონ განსაკუთრებული პრეპარატები, მაგ. „ეპინი“, რომელსაც მცენარეს ასხურებენ.
მითი 3. რაც უფრო ხშირად გადარგავთ მცენარეს, მით უკეთ გაიზრდება იგი. გადარგვა აუცილებელი პროცედურაა მცენარისთვის, თუმცა ეს არც ისე ხშირად უნდა ჩატარდეს, როგორც ჰგონიათ. მართალია, მცენარეს სჭირდება ზრდასთან ერთად მიწიდან მინერალური ნივთიერებების მიღება, რის გამოც ნიადაგი თანდაათან ღარიბდება. მაგრამ ამ დანაკლისს ავსებენ პერიოდულად სასუქის შეტანით.
მცენარე თანდათან იზრდება, ვეღარ ეტევა ქოთანში, ფესვებიც გარეთ გამოდის ქოთნის სადრენაჟე ქვედა ხვრელიდან. ასეთ შემთხვევაში იგი კი არ უნდა გადარგონ, არამედ უნდა გადაიტანონ მიწიანად. მცენარე ფრთხილად ამოაქვთ ქოთნიდან მიწასთან ერთად, დებენ ახალ, ოდნავ განიერ ქოთანში, სულ 2-3 სმ ით დიდში წინასთან შედარებით.
მაშ. გადარგვა როდის სჭირდება მცენარეს? ბოლო დროს ასეთ პროცედურას გამოცდილი მეყვავილეები ნეგატიურ შეფასებას აძლევენ და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ატარებენ ამ პროცედურას. ვინაიდან გადარგვა გულისხმობს ფესვების სრულ გაწმენდას ძველი მიწიდან, რაც დიდი სტრესია მცენარისთვის და რაც არ უნდა ფრთხილად აკეთებდეთ ამას, ფესვების ნაწლი მაინც ზიანდება, მერე კი დიდხანს სჭირდება ძალების აღდგენა. განსაკუთრებით ვნებს გადარგვა ავადმყოფ ან დასუსტებულ მცენარეებს, თუმცა ზოგჯერ მაინც აუცილებელი ხდება ასეთი პროცედურის ჩატარება,
დროთა განმავლობაში ნიადაგი ღარიბდება, ფუჭდება, მჟავდება, რაც არ ნიშნავს, რომ მიწა ხდება მჟავე, პირიქით, ხისტი წყალი, რითაც ირწყვება მცენარე, მიწას ავსებს მარილებით, ასევე ჭარბი მარილი გროვდება მიწაში სასუქის მიცემის დროსაც, რაც მიწაზე თეთრი ნადების სახითაც ჩანს, ან კიდევ მიწას არასასიამოვნო სუნი ასდის. მოკლედ, თუ მიწა გაფუჭდა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, საჭიროა მისი შეცვლა. ამისთვის მისაღები სეზონი გაზაფხულია, თუ მაინცდამაინც - ზაფხული, მაგრამ არ უნდა გადარგოთ მცენარე შემოდგომა-ზამთარში. ამ დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში ირგვება მცენარე, თუ იგი უკვე სიკვდილის პირასაა.
კიდევ ერთი პირობა გადარგვისთვის ფესვების ლპობაა. ამის შესახებ შემდეგი სიმპტომებით მიხვდებით - ფოთლები ძირსაა დაშვებული, მიუხედავად რეგულარული მორწყვისა, მცენარე მოწყენილია, მაშინ საჭიროა მცენარის ამოღება მიწიდან და ფესვების დათვალიერება, გაფუჭებულ და დამპალ ფესვებს აჭრიან, მერე კი მცენარეს რგავენ ახალ მიწაში, ნამავენ და ასათბურებენ. ძალიან დიდ მცენარეებს მიწის ზედა 2-3 სმ იან ფენას უცვლიან მხოლოდ.
მითი 4. ყველა მცენარეს მოსწონს სითბო და არაფრით შეიძლება მათი სიცივეში დადება. ზოგიერთი მცენარისთვის ასეთი მიდგომა სრულიად გამართლებულია. ახალნაყიდი მცენარის სახლში მოტანისას ჯერ უნდა გაეცნოთ მის მოთხოვნებს ტემპერატურული რეჟიმის მიმართ. თუ მცენარე ტროპიკული ქვეყნებიდანაა, იგი შეჩვეულია სითბოს, თუმცა ეს არ ნიშნვს, რომ ისევე კარგად აიტანს სიცხესაც მზიან რაფაზე. ისინი შეჩვეულნი არიან თბილ, მაგრამ ტენიან გარემოს. მაგრამ სახლის პირობებში ხშირად არ ხერხდება ჰაერის მაღალი ტენიანობის შექმნა, რის გამოც ისინიც იტანჯებიან სიცხისგან და ხშირ შესხურებას ითხოვენ.
უფრო რთულადაა საქმე ზამთარში. დამწყებებს გაუკვირდებათ, მაგრამ ბევრ მცენარეს ზამთარში სიგრილე ურჩევნიათ. თუმცა ესეც ინდივიდუალურია, ძალიან ცხელ რეგიონებში მზრდ მცენარეებს ზამთარში 18გრ მდე სჭირდებათ. უმეტესობას კი - 13-15გრ, რადგან ზამთარში სინათლის ნაკლებობის გამო მოსვენების პერიოდში იმყოფებიან, სითბო კი მცენარის ზრდას განაპირობებს და მოსვენების ეტაპი ასე არ დადგება. ტოტები გაიწელება, ფოთლები დაწვრილდება.
რეალურად კი მცენარეები ზამთარში სიცხეში და სიმშრალეში ცხოვრობენ სახლის პირობებში, გამათბობლების ჩართვის გამო. ამიტომ პირიქით, ზამთარში მეტად სჭირდებათ დანამვა და ჰაერის ტენიანობის გაზრდა ნებისმიერი გზით. შუა სარტყელში მზარდი მცენარეები, მაგ ხმელთაშუაზღვიისპირელი მირტი, ოლეანდრი, დაფნა მშვენივრად უძლებს 6-10გრ ს და მოსწონთ გაუთბობელ ლოჯში ყოფნა.
და ბოლოს, ბევრი მცენარე, მათ შორის კაქტუსები, დიონეა, ბალბიფოთოლას რამდენიმე სახეობა ზამთარში სიცივეში ყოფნას ითხოვს, თბილად გამოზამთრებისას მომდევნო გაზაფხულ-ზაფხულში არ იყვავილებენ, დიონეას, მაგ. მაცივარშიც კი დებენ, რომ ღრმად „დააძინონ“ და თუ მას ასე ცივად ვერ გამოაზამთრებთ, სჯობს სულაც უარი სთქვათ ასეთ მცენარეებზე. ასევე უყვართ სიცივე აზალიას და ყოჩივარდას.
ერთადერთი ნამდვილად აუცილებელი პირობა, რაზეც ყველა მოყვარული თანხმდება, მცენარის ორპირიდან და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისგან უნდა დაიცვათ, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისი - ფალენოპსისი მხოლოდ მაშინ აყვავდება, როცა დღისით თბილა და ღამით ცივა. სწორედ ასეთი ტემპერატურული ცვლილების შემთხვევაში ხდება საყვავლე კვირტების ჩამოყალიბების სტიმულირება.
მითი 5. მორწყვა - ყველაზე მთავარი პირობაა, მცენარის მოვლაში და სჭირდება რეგულარული ხშირი მორწყვა. მთავარი წესი ამ შემთხვევაში ასეთია: მცენარე ირწყვება უხვად და იშვიათად. ძალიან ცოტა მცენარე ეგუება მუდმივად სველ ნიადაგს, უმეტესობისთვის საჭიროა მორწყვებს შორის მიწის ზედა ფენის გაშრობა, ან კაქტუსების და სუკულენტების შემთხვევაში - მიწის მთლიანი გაშრობა.ეს საჭირო იმიტომაა, რომ ფესვებს წყლის გარდა ჰაერიც სჭირდება სასუნთქად. მუდმივად სველ მიწაში კი ეს შეუძლებელია. ბუნებაშიც არ ხდება ასე, განა ბევრი ხე გინახავთ ჭაობში? სახლის პირობებში მუდმივ ტენიან ნიადაგზე ცხოვრობს მაგ. ციპერუსი. ამიტომ კარგი იქნება, თუ ასეთ, ჭაობის პირობებს სხვა მცენარეებსაც თუ არ შეუქმნით.
მითი 6. რომ არ შეგეშალოთ, მცენარეების მორწყვა სჯობს სადგამიდან. ეს პირობა ამართლებს მხოლოდ ზოგიერთი მცენარისთვის, მაგ. ყოჩივარდასთვის, უმეტესობისთვის კი ეს მეთოდი არ ივარგებს, რადგან ასე ზედმეტი წყალი ფესვებით შეწოვის მერე რჩება სადგამზე და მისი გადაღვრაა საჭირო. მეორეც, არ შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ წყალი ნამდვილად მიაღწევს ფესვებამდე და მთლიანად დაასველებს მიწას, ხშირად, დიდ ქოთანში მხოლოდ მიწის ქვედა ფენა სველდება და დიდი ნაწილი კი მშრალი რჩება.
მითი 7. არაა აუცილებელი მცენარის გადაჭრა, ცოდოა, ცოცხალია, დაე, გაიზარდოს. ჯერ დაუდგენელია, რას გრძნობს მცენარე, როცა მას აზიანებენ. თუმცა, ზოგჯერ ამბობენ, რომ მცენარეს აქვს „ნერვული სისტემა“, რომ ისინი ისევე გრძნობენ, როგორც ცხოველები, შეუძლიათ ინფორმაცის გაცვლა ერთმანეთთან. ეს ყველაფერი საინტერესოა, თუმცა ადრეა იმის თქმა, რომ მცენარე განიცდის ტკივილს მოჭრისას, მყნობისას და ა.შ. ასეა თუ ისე, მცენარეები ხშირად განიცდიან ასეთ ზემოქმედებას ბუნებაში, სახლის პირობებში კი ისინი ხომ ვერ გაიზრდებიან გიგანტური ზომის.
თუმცა საქმე მხოლოდ ზომაც არაა, ბუნებაში მცენარეები არ ცდილობენ, ეფექტურად გამოიყურებოდნენ, მათი ამოცანაა, მიაღწიონ მაქსიმალურ ზომებს, რომ კონკურენტულ ბრძოლაში სინათლისთვის გამარჯვებას მიაღწიონ. ისინი იზრდიან მწვანე მასას, მიდიან სიმაღლეში, ქვედა ტოტები და ფოთლები კი სცვივა, ეს სახლშიც შეინიშნება არასაკმარისი განათების დროს. ამიტომ აუცილებელია მუდმივად ხდებოდეს მცენარის ფორმირება, მისი გასხვლა. ეს ხდება უმეტესად გაზაფხულზე, რომ ვეგეტაციის დროს მცენარემ მოახერხოს მწვანე მასის კარგად გავითარება.
გარკვეული მცენარეები თავად ახერხებენ ეფექტურად კომპაქტური ფორმის შენარჩუნებას, მაგრამ უმეტესობას გასხვლა ესაჭიროება, განსაკუთრებით მათ, ვისაც ყვავილი მხოლოდ მიმდინარე წლის ტოტებზე გამოსდის, მაგ. ბალბიფოთოლას. მაგრამ აქაც არის გამონაკლისი - არ უნდა გასხლათ პალმები, ეს მცენარეები არ ივითარებენ ახალ ტოტებს და არ აგრძელებენ ზრდას გასხვლის შემდეგ.
ასე, რომ ყველა მცენარეს ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება და ზოგადად ცნობილი წესები ყველას ერთნაირად არ გამოადგება. ამიტომ, იმისთვის, რომ შემდგომში მცენარეთა ზრდა-გავითარებასთან დაკავშირებული პრობლემები აიცილოთ თავიდან, საჭიროა, უპირველესად კარგად გაეცნოთ ინფორმაციას მათი მოვლის შესახებ.