პელარგონია,ტოტით გამრავლება
სხვა მრავალი მცენარისგან განსხვავებით, პელარგონიები ტოტით საკმაოდ ადვილად მრავლდება. შესაბამისად, უფრო მეტი მცენარის შესაძენად ბევრი ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ.გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თქვენი ფავორიტი პელარგონიების ტოტით გამრავლების შესახებ.
პირველ რიგში გეტყვით, რომ პელარგონიების დაფესვიანების შესახებ არსებობს რამდენიმე მითი, რომლებიც, პროფესიონალი ფლორისტების განცხადებით, მცდარია.
I მითი - გამოაშრეთ ტოტი ჩარგვის წინ რეალობა: მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ეს პელარგონიის დაფესვიანების სწორ გზად მიიჩნეოდა, როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა დაფესვიანებას სინამდვილეში ანელებს და ზრდის ლპობის შანსს.
II მითი - ტოტი 10-20 სანტიმეტრის სიგრძის უნდა იყოს რეალობა: სინამდვილეში, უფრო კარგად ფესვიანდება ნორჩი, დაახლოებით 7,5 სმ სიგრძის ტოტები. ძველი ნაწილები გახევებულია და უფრო ნაკლებად ფესვიანდება.
III მითი - დაკალმებულ პელარგონიებზე პლასტმასის ხუფის ან ცელოფნის გადაფარება სინოტივეს უნარჩუნებს. რეალობა: უმეტესი მცენარის კალმისთვის ასეთი რამ მართლაც სასარგებლოა, მაგრამ არა პელარგონიისთვის; ტენიან ჰაერს ისინი ცუდად ეგუებიან.
IV მითი - ჩარგეთ პელარგონიის ტოტი 45-გრადუსიანი კუთხით რეალობა: სინამდვილეში, უკეთესია სწორად, 90 გრადუსიანი კუთხით ჩარგვა. ამ დროს ზედაპირის ფართობი უფრო ნაკლებად მცირდება და უფრო ნაკლებია უჯრედების ლპობის შანსიც.
V მითი - პელარგონიის დაფესვიანება წყალში შეგიძლიათ რეალობა: სინამდვილეში, ეს ნახევრად მითია. შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, მაგრამ ეს უბრალოდ ზედმეტი ნაბიჯია, რადგან ბოლოს მაინც მიწაში გადარგვა მოგიწევთ. ამას გარდა, წყალში პელარგონიების დაფესვიანების წარმატების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე მიწაში. ამავე დროს, წყალში ღეროები რბილდება და ხშირად ლპება კიდეც.
უშუალოდ ის ნაბიჯები, რომლებიც დაფესვიანებისათვის არის საჭირო:
ნაბიჯი 1 - შეარჩიეთ ჯანმრთელი, ხორციანი ყლორტი. დედამცენარეს საფოთლე კვირტებს ზემოთ შეაჭერით.
ნაბიჯი 2 - თითოეულ გადაჭრილ ტოტს გააცალეთ საყვავილე კვირტები და ფოთლები დაბლითა ნახევარზე, შემდეგ კი ღერო გადაჭერით საფოთლე კვირტების ძირში, სადაც თავს იყრის მცენარის საკუთარი ჰორმონების დიდი ნაწილი.
ნაბიჯი 3 - წარმატების შანსის გასაზრდელად, თითოეული ტოტის ძირი მცირე რაოდენობით დამაფესვიანებელ ჰორმონში ჩაყავით, რაც ზრდას მისცემს სტიმულს.
ნაბიჯი 4 - პატარა ქოთანში ან ერთჯერად ჭიქაში ჩაყარეთ ტორფი და პერლიტი. უკეთესი დრენაჟისთვის შეურიეთ სუფთა ქვიშაც. ქოთნის ნაპირების გარშემო შეგიძლიათ ჩაარჭოთ რამდენიმე ტოტი. მორწყეთ ქოთნები და დადგით ოთახში, კარგად განათებულ ადგილას. ქოთნებს არაფერი გადააფაროთ, რადგან ამან შეიძლება ფოთლებზე სოკო გამოიწვიოს.
ნაბიჯი 5 - რამდენიმე კვირაში, ტოტის გადაჭრის ადგილას კოჟრი განვითარდება, საიდანაც ფესვები დაიწყებს გამოსვლას. ფესვთა კარგი სისტემა 6-8 კვირაში განვითარდება.
ნაბიჯი 6 - შემდეგ, შეგიძლიათ ნერგები ამოიღოთ და ცალ-ცალკე ქოთანში გადარგოთ.
ჩვენი გუნდი facebook-ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი
გამოყენებული რესურსები: blog.thompson-morgan.com gardenersworld.com laidbackgardener.blog
30 April
0
28