ტირიფი,ტოტიდან გახარება
ყოველ გაზაფხულზე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინში, ბზობის კვირას, იშვიათია ოჯახი, რომელშიც არ ხვდება ულამაზესი, ბზისა და ტირიფის ტოტები. საქართველოს ტრადიციაში ბზა პირდაპირ ასოცირებულია წინასააღდგომო სამზადისთან, თუმცა ევროპის უმეტეს ქვეყანაში, იმავე სიმბოლიკას ტირიფის, ახლად დაკოკრილი ტოტები ატარებენ. ამასთან, ტირიფის (წნელი, მანეული) ტოტი ოჯახში სიმშვიდის, კეთილდღეობისა და ბედნიერების შემომტანად ითვლება. ხშირად ხდება ისე, რომ წყალში ჩაწყობილ ტოტებს გამოაწვთ ფესვები და ჩნდება მცენარის გახარების სურვილი.როგორ დავაფესვიანოთ ტირიფის ტოტი: ტოტების წყალში დაფესვიანება საკმაოდ მარტივია. არ არის საჭირო დაველოდოთ დიდი ფესვების გაზრდას. თუ მცენარემ გამოიტანა ფესვები, ღია გრუნტში მისი გადარგვისაგან უმჯობესია თავი შევიკაოთ. ტოტი ირგვება ჯერ ქოთანში, სახლის პირობებში მოყოჩაღდება და შემდეგ, მომდევნო გაზაფხულზე შესაძლებელია ვიფიქროთ ღია ცის ქვეშ გადატანაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საჭიროა სახლის პირობებში მოვლისათვის არის სწორი და უხვი მორწყვა. მცენარე ერთი წლის მანძილზე ქოთანში იკრებს ძალებს და მომავალი გაზაფხულისათვის ექნება საკმარისი რესურსი, რომ გაიხაროს ბაღში.
ღია გრუნტში გახარებისათვის საგანგებოდ უნდა შევარჩიოთ ადგილი, რაკი ტირიფს უყვარს უხვი წყალი, მისი გადარგვა სწორედ წყალსატევთან, მდინარის პირას, ტბასთან, ბასეინთან და ა.შ. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ასევე, ტირიფს არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები, ამდენად სავსებით შესაძებელია ბაღში, სხვა დიდი ხეების ჩრდილში განვათავსოთ. მიუხედავად იმისა, თუ სად არის დარგული ტირიფი, მას მაინც სჭირდება უხვი მორწყვა.
ღია გრუნტში გადარგვის პროცესი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს: მცენარე გადაგვაქვს ორმოში, ისე, რომ შეძლებისდაგვარად არ ვეხებით ფესვებს. როგორც კი ფესვებს დავაყრით მიწას, მცენარე უნდა დავასათბუროთ-დავაფაროთ გამჭვირვალე ჭურჭელი, პლასტმასის გაფაჭრილი ბოთლი, რომელსაც ექნება გაკეთებული საჰაერო. ასე ახლგაზრდა მცენარე დაცულია გარემო მავნე გავლენებისაგან.
ტირიფი მომთხოვნია ნიადაგის შემადგენლობისა და ქიმიური სტრუქტურის მიმართ, მიწა უნდა იყოს ნაყოფიერი და სუსტად მჟავე რეაქციის.
ტირიფის გადარგვა შესაძლებელია, როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე. გაზაფხულზე ნერგი უნდა გადავიტანოთ ღია გრუნტში მანამდე, სანამ გამოიტანს კვირტებს, რაც შეეხება შემოდგომას, უნდა გადაირგას მაშინ, როცა მცენარე დაყრის ფოთლებს. ჩასარგავი ორმო უნდა მომზადდეს საგულდაგულოდ:
ორმო უნდა იყოს 0.3მ სიღრმისა და 0.5მ-ით დაშორებული სხვა მცენარეებისაგან;
ორმოს ძირში სასურველია გაკეთდეს დრენაჟი, მაგ. ხის ნაფოტებით;
ფრთხილად მოათავსეთ მცენარე ორმოში, გაშალეთ შეძლებისდაგვარად ფესვები;
დააყარეთ ფესვებს მიწა და ოდნავ დატკეპნეთ.
მოვლის პირობები: გადარგვიდან რამოდენიმე დღის მანძილზე, საორიენტაციოდ 7-10 დღე, საჭირო იქნება მცენარის ყოველდღიური მორწყვა. სასურველია გამოვიყენოთ ნაკადულის, ან მდინარის წყალი. ზაფხულის მანძილზე ტირიფს დასჭირდება კვირაში ორჯერადი მორწყვა. გადარგვიდან პირველ წელს, მცენარეს დასჭირდება კვება აზოტის შემცველი სასუქებით. კვების რეკომენდირებული ჯერადობა არის თვეში ორჯერ. მავნებლებისა და დაავადებების დაცვისათვის სასურველია შესაბამისი ქიმიური საშუალებების გამოყენება.
ჩვენი გუნდი fcebook-ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
15 April
0
39