ანოექტოჰილუს ფორმოსანუს

Anoectochilus formosanus - ძვირფასფოთლიანი ორქიდეაა. არის ბუნებრივი სახეობა.

ბუნებაში გავრცელებულია და ნაპოვნია: ბორნეოზე, იავაზე, მალაიზიაში, სუმატრაზე, ფილიპინებზე და იაპონიის კუნძულებზე. იზრდება დაბლობებში და დაბალმთიან ტყეებში, ზღვის დონიდან მინიმუმ 100- და მაქსიმუმ 1500 მეტრზე.

ეს არის ორქიდეა დიდებული ფოთლებით. სწორედ ფოთლები გამოარჩევს სხვა სახეობის ორქიდეებისგან, ამიტომ, ანოექტოჰილუს ფორმოსანუს ფასობს ლამაზი ფოთლებით და არა ყვავილობით. კოლექციაში მყავს უკვე 2 წელზე მეტია და თავისუფლად შემიძლია მოგიყვეთ ყველაფერი რაც მას მოსწონს.

ანოექტოჰილუს ფორმოსანუს ნიადაგზე მცოცავი ორქიდეაა, უყვარს წამოწოლა, ამიტომ სჯობს ფართოპირიან, მაგრამ არაღმა ქოთანში ჩაირგოს.

საკმაოდ იოლი მოსავლელი ორქიდეაა, თუ მთელი წლის განმავლობაში თანაბრად ტენიან გარემოს შეუქნით და სწორ ნიადაგში იქნება ჩარგული.

ეს მცენარე არ არის მომწამვლელი ადამიანებისთვის და შინაური ცხოველებისთვის.

როგორი განათებაა საჭირო: ეს ორქიდეა 5 000 – 13 000 ლუქსის დიაპაზონში თავს კარგად გრძნობს. როდესაც შუადღის მზის პიკია დასაშვებია 26 000 ლუქსიც.

თუ ვერ ერკვევით როგორ უნდა გაზომოთ  სინათლე ლუქსებით, მაშინ გეტყვით, რომ განათება უნდა იყოს ისეთი, როგორიცაა ზომიერად ნათელი, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. მზის პიკის დროს ფოთლები მოუსინჯეთ , თუ არის თბილი და ცხელი, მოუჩრდილეთ.

თუ საკმარისი განათება არა აქვს - სიმაღლეში გაიწელება, ანუ სინათლის ძებნას დაიწყებს. ასეთ დროს ორქიდეა მალე დაიღუპება, რადგან ფოტოსინთეზს ვერ გააკეთებს და ფესვებში აუთვისებელი წყალი დიდხანს დარჩება, რაც თავისთავად ცხადია ფესვების ლპობას გამოიწვევს.

ძვირფასფოთლიანი ორქიდეები კარგად რეაგირებენ დამატებით განათებაზე. განათება უნდა იყოს მცენარეებისათვის განკუთვნილი და ჩართული უნდა იყოს დღის განმავლობაში 10-12 სთ.

ჰაერის ტენიანობა და მორწყვა: საუკეთესო ვარიანტია დაუდგათ ჰაერის დამატებიანებელი, რომ მთელი წლის განმავლობაში თანაბრად ტენიან გარემოში გყავდეთ.

არ დაუშვათ გამომშრალი ნიადაგი დიდხანს. და არც სველი რომ იდგეს რამოდენიმე დღე.

როდესაც გამომშრალია ნიადაგი ფესვები უხმება. თუ ფოთლებიც მოეშვა, გაუწყლოების ძლიერი სტრესის ნიშანია. ასეთ შემთხვევაში ერთბაშად ბევრი წყალი არ უნდა მიცეთ. მორწყვას უნდა შეაჩვიოთ თანდათანობით.

ძვირითადად ეს მაშინ ხდება, როდესაც არ არის ჰაეროვან ნიადაგში ჩარგული, ანუ სუბსტრატი არის დაზეპილი, ჩაპრესილი და არ არის ჟანგბადით მდიდარი.

რა შემადგენლობით უნდა იყოს ნიადაგი რგავენ 3 სახის სუბსტრატში:

  • ძალიან პოპულარულია ხავს სფაგნუმში ჩარგვა. პირადად მე მხოლოდ სფაგნუმში ვრგავ თუ არის ქოთანი პატარა.

მეორეს მხრივ, სფაგნუმი ხისტი წყლით მორწყვის დროს რამდენიმე თვეში ფუჭდება, იზეპება. ამიტომ 6 თვიდან 1 წლის განმავლობაში სასურველია სფაგნუმის გამოცვლა.

  • მეორე ვარიანტი შედარებით მოზრდილი ქოთნებისთვის გამოდგება - 50% ტორფი და 50% პერლიტი.

გრილ სეზონზე, თუ ისე მოხდა, რომ მორწყეთ, მაგრამ 2 დღე არ უშრება სუბსტრატი და ქოთანი სველი დგას, კიდევ ცოტა პერლიტი დაუმატეთ. მორწყვა უნდა განაახლოთ, მხოლოდ მაშინ, როდესაც სუბსტრატი გამოუშრება.

  • ნიადაგის მესამე ვარიანტი უფრო მსხვილი ფრაქცია გამოდის: 20% ფიჭვის ხის ქერქი (წვრილი ფრაქციის: რამდენიმე მილიმეტრიდან 1სმ-1,5სმ-მდე), ხავსი სფაგნუმი 50% და პერლიტი 30%.

თუ სუბსტრატის ეს ნაზავი მორწყვის შემდეგ, ან 2 დღის განმავლობაში მშრალია, დადგით ლამბაქზე და ქვემოდან დაასხით ცოტა წყალი, ისე რომ ქოთნის ¼ წყალში იდგეს. თუ ქოთანს დგამთ მინიმალური წყლით ქვემოდან, ამან ჩვეულებრივი რეგულარული მორწყვა არ უნდა ჩაანაცვლოს.

საჭიროა რბილი წყლის მოხმარება. მე გამოხდილ წყალს ვიყენებ.

ისეც შეიძლება, რომ ნადგამი ონკანის წყალს დაუმატოთ უკუოსმოსური სისტემით გამოხდილი წყალი და ისე მორწყოთ. პროპორციით 50/50-ზე.

სასუქის მიცემა: კვირაში ერთხელ, მორწყვის დროს, წყალში ხსნადი ორქიდეებისთვს განკუთვნილი სასუქი, ხოლო წელიწადში სამჯერ ორგანული სასუქი. ყოველთვის ეცადეთ ნებისმიერი სასუქის მიცემის დროს, სასუქის ეტიკეტზე მითითებული დოზის ნახევარი ან კიდევ უფრო ცოტა რაოდენობა გააზავოთ და ისე მისცეთ. ამით დაიცავთ ფესვებს დამწვრობისგან.

ოსმოკოტი შეგიძლიათ მოუბნიოთ სუბსტრატზე დაახლოებით 1 ჩ/კ-ის  1/8 ან ¼.

ამ ორქიდეას მე არ ვუნამავ ფოთლებს არც თქვენ გირჩევთ.

ანოექტოჰილუსები ხშირად კირქვიან ადგილებში იზრდებიან და სახლის პირობებში ნიადაგი კალცით რომ გამდიდრდეს აუცილებელია.

დანამატის სახით კარგია კალ-მაგის მიცემა, ან დოლომიტის ფქვილის. მე დოლომიტის ფქვილს დანის წვერით მცირე რაოდენობას ვაყრი 6 თვეში ერთხელ.

ხალხური მეთოდებიდან ამბობენ ეფექტურია, კვერცხის ნაჭუჭის დაფქვა და სუბსტრატზე მოყრა.

რაც შეეხება ორქიდარიუმს, გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კარგი ვენტილაციით იქნება აღჭურვილი.

ავტორი: ლელა ჩიტაშვილი

22 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно