ჰიბისკუსის (ჩინური ვარდის) მოვლა,კოლექციონერის რჩევები
ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჰიბრიდულმა, ევროპიდან ჩამოტანილმა ჰიბისკუსებმა, რომელთა ყვავილი გასაოცარი შეფერილობითა და ფორმებით გამოირჩევა. შესაბამისად, აქტუალური გახდა გავიზიაროთ გამოყვანილი ჯიშების მოვლის თავისებურებები და გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რომელიც გაგვიზიარეს გამოცდილმა კოლექციონერება. წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზე:
რამდენად აუცილებელია ჰიბისკუსების გასხვლა? ამ პროცედურის ჩატარება მცენარისათვის აუცილებელია, მაგრამ არსებობს რამოდენიმე ნიუანსი, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ რისი მიღწევა გვინდა, ასე მაგალითად: თუ ჩვენი სურვილია მცენარის მოძლიერება, მაშინ ტოტი უნდა გაისხლას ძირზე (10სმ ზრდია ადგილიდან), რომ ასე მოვახდინოთ ახალი ტოტების ამოსვლის ხელშეწყობა. ხოლო, თუ ჩვენი მიზანია წავახალისოთ ჰიბისკუსის ყვავილობა, მაშინ საკმარისია ბუჩქის ფორმირება და კენწეროების მოჭრა.
სჭირდება თუ არა მცენარეს დახმარება მოსვენების პერიოდიდან გამოსვლისათვის? ასეთი დახმარების გაწევა ნამდვილად რეკომენდირებულია. როდესაც გარემოს ტემპერატურა აიწევს და დათბება, მცენარე იწყებს მოსვენების ფაზიდან გამოსვლას და მაშინ სასურველია ზომიერების ფარგლებში შევაშველოთ კომპლექსური სასუქი NPK20-20-20, უფრო ნაკლები დოზირებით (1 ჩაის კოვზი 10ლ წყალზე). ზაფხულობით კვება შეიძლება გავზარდოთ, რადგან ამ დროისთვის მცენარე გამოსულია ზამთრის სტრესიდან (1 სუფრის კოვზი 10ლ წყალზე).
რა უნდა გავაკეთოთ, რომ მცენარე ჯანსაღად გამოიყურებოდეს და ფოთლებზე არ გაჩნდეს ყავისფერი ლაქები? მცენარის ფოთლების სილამაზისათვის და ჰიბისკუსის ვარჯის სიჯანსაღისათვის, სასურველია მცენარეს დავახმაროთ მაგნიუმის შემცველი სასუქი (1 სუფრის კოვზი 1ლ წყალში), რომელიც ხელს უწყობს მოძლიერებას და ასევე თესლის მომწიფებას.
როგორ მოვიქცეთ, რომ ჰიბისკუსს ქონდეს მდიდრული ყვავილობა? ყვავილობა დამოკიდებულია ასევე იმაზე, თუ რამდენად კარგად გამოვა მცენარე მოსვენების ფაზიდან. კარგი იქნება თუ მაისის ბოლოდან შევაშველებთ სასარგებლო კომპლექსურ სასუქს NPK 20-20-20. სასუქი უნდა მიეცეს ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ოქტომბრის ბოლომდე.
რომელია მოვლის ყველაზე აუციებელი პირობები? ჰიბისკუსს უყვარს მზე, ძლიერი სინათლე, მაგრამ უნდა მოვარიდოთ შუადღის მწველ მზის სხივებს. მცენარეს უყვარს წყალიც, ამიტომ უნდა მოირწყას ზომიერად ნადგამი წყლით. ზედმეტი წყალი იწვევს ფესვების დაავადებასა (სოკო) და ლპობას.
რომელია ჰიბისკუსისათვის ყველაზე ოპტიმალური გრუნტი? ჰიბისკუსის ნიადაგი სასურველია იყოს მსუბუქი, ჰაერგამტარი, ამისათვის მიწაში უნდა იყოს გარეული ტორფი და პერლიტი (2:2:1). აუცილებელია ქოთანს ქონდეს კარგი სადრენაჟე შრე, რომ არ მოხდეს გრუნტის ზედმეტი დატენიანება.
როგორ შეიძლება ჰიბისკუსის კალმის დაფესვიანება? არსებობს დაფესვიანების ორი მეთოდი:
- კონტეინერში ჩავყაროთ პერლიტი. აჭრილი კალმები, რომელიც სასურველია იყოს ფანქრის სისხო, ამოვავლოთ კორნევინში და ჩავდოთ პერლიტში (წვრილი ტოტები ამ მეთოდის გამოყენებისას არ გამოდგება-ლპება). ჭურჭელში ჩავასხათ წყალი და კალმები დავასათბუროთ ცელოფნით. ცელოფანი უნდა გაიჭრას ორ ადგილზე, რომ ჰაერმა მოახერხოს ცირკულირება;
- შესაძლებელია კალმების დაფესვიანება ტორფში. ამ მეთოდის გამოყენებაც აუცილებელია დასათბურებით.
როგორ დავეხმაროთ გამოწერილ მცენარებს სტრესის გადატანაში? ჰიბისკუსი ძლიერი მცენარეა და არც თუ ისე რთულად გადააქვს სტრესი. მაგრამ, მაინც უკეთესი იქნება, თუ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მცენარეს დავეხმარებით, ამისათვის აუცილებლად დაგვჭრდება სტიმულატორები: ცირკონი, ეპინი ან რიბავ ექსტრა. ეპინი გამოიყენება ფოთლებზე მისასხურებლად.ცირკონის გამოყენება შეიძლება როგორც ფოთლებზე მისხურებით, ასევე მორწყვით. ხოლო რიბავ ექსტრა გამოიყენება მხოლოდ მოსარწყავად.
სასურველია ახალი გადარგული მცენარე მოვათავსოთ სიგრილეში და მას არ უნდა მოხვდეს მზის სხივები და ორი კვირის მანძილზე არ უნდა მივცეთ საკვები, სასუქი და რაიმე სახის დანამატი. ქოთნის ძირში აუცილებლად კეთდება სადრენაჟე შრე.
რომელი მავნებლებია სახიფათო ჰიბისკურებისათვის და როგორ ვებრძოლოთ მათ? მავნებლებიდან ყველაზე ხშირად ჰიბისკუსს ეხვევა ფრთათეთრა და აბლაბუდა ტკიპა. პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა მცენარის, განსაკუთრებით ფოთლის უკანა მხარის, რეგულარული დათვალიერება. მავნებლის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ ხელთ არ გვაქვს სპეციალური საშუალება, მაშინ 1ლ წყალში გავხსნათ ჭურჭლის სარეცხი ჟელე, დავასველოთ პარალონის, ან ბამბის ტამპონი და სრულიად გავწმინდოთ მცენარე. ქოთანს ჩამოვაფაროთ ცელოფანი, რომ პროცედურის დროს გრუნტი არ დაბინძურდეს.
აბლაბუდა ტკიპასთან საბრძოლველად შეგვიძლია მცენარეს მოვუწყოთ გრილი შხაპი. ამ დროს ქოთანი ისევ უნდა შეიფუთოს, რომ არ დაბინძურდეს გრუნტი.
მავნებლებს გაწმენდითა და შხაპით ვერ გავაქრობთ. მცენარე აუცილებლად უნდა შეიწამლოს პესტიციდით (მაგ. კონფიდორი, სუპორტი). შეწამვლას ექვემდებარება გრუნტის ზედა ფენაც, პრეპარატი ჯობია მოხვდეს ღეროებს და ჩაჟონოს გრუნტში. მეტი ეფექტისათვის შეწამლის პროცედურები გავიმეოროთ 2 კვირაში ერთხელ.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
ჰიბისკუსების მოვლის შესახებ იხილეთ ასევე: https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/536-siriuli-hibiskusi.html#
https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/501-ratom-yvitldeba-hibiskusi.html https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/283-hibiskusi-cinuri-vardi.html
ინტერვიუ შეადგინეს: ნ.მუხურაძე, ხ.კალატოზიშვილი