აგაპანთუსი
ეს გვარი აერთიანებს 5 სახეობას, იგი მიეკუთვნება შროშანისებრთა ოჯახს. ეს ბალახოვანი მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა, გავრცელებულია ს. აფრიკის კაპის პროვინციაში.მისი ფესვები სქელი, ხორციანია, ფესურა -მხოხავი და მოკლე. ფოთლები როზეტებად იზრდება ფესვთან ახლოს, ხაზოვანი ფორმისაა, გრძელი, ჰგავს ქამარს, ყვავილობისას, როზეტიდან ეზრდება მაღალი და სქელი საყვავილე ღერო, რომლის თავზე ღია ცისფერი, თეთრი ან ლურჯი ფერის ყვავილებია ქოლგისებრ ყვავილედად შეკრული, ყვავილი მილისებრია. ყვავილობა გრძელდება 2 თვე, რადგან ყველა ყვავილი ერთდროულად არ იშლება. მოზრდილ მცენარეს დაახლოებით 150 ყვავილი აქვს. ოთახის მცენარედ გამოდგება აღმოსავლური აგაპანთუსი, ცისფერი ყვავილებით, ლენტისებრი ფოთლებით, მცენარე ადვილად ჯვარდება, თავისუფალი დამტვერვით იქმნება ჰიბრიდები, ამიტომ ხშირად რთულია სახეობის დადგენა. (3)
განათება-სახლის პირობებში კარგი განათება სჭირდება, რადგან მისი უკმარისობისას საყვავილე ღერო იწელება და მერე საყრდენი უნდა. კარგია მისი დადგმა სამხრეთ ან ს-დას. მხარის ფანჯრების რაფაზე.
ტემპერატურა - ზაფხულში მცენარე გააქვთ გარეთ ,ზამთარში ნათელ ოთახში აქვთ, დაახლოებით 12 გრ-ზე.
მორწყვა - მარტიდან აგვისტომდე უხვად რწყავენ, შემოდგომიდან ამცირებენ, ზამთარში კი ისე რწყავენ, რომ მიწა ბოლომდე არ გამოშრეს, ზედმეტი წყალი სუბსტრატს ამჟავებს.
კვება - გაზაფხულის შუა პერიოდიდან შემოდგომის შუამდე აძლევენ მონაცვლეობით ორგანულ და მინერალურ სასუქს თვეში 3 ჯერ.
გადარგვა - ახალგაზრდა მცენარეებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ გადარგვა გაზაფხულზე, მოზრდილებს - 3-4 წელიწადში ერთხელ. იგი კარგად ყვავის, როდესაც ქოთანი „უჭერს“, გადარგვა ფრთხილად უნდა მოხდეს, ფესვების დაუზიანებლად. ირგვება განიერ ქოთანში , სადაც კარგი დრენაჟია. სუბსტრატი 2წილი ნეშომპალური მიწა , 2წილი თიხნარი, 1 წილი ქვიშა და 1 წილი ფოთლოვანი მიწაა.
აგაპანთუსი თესლიდან -ითესება მარტში, ნიადაგი უნდა იყოს ქვიშანარევ-ფოთლოვანი, თესლს ოდნავ აწვებიან თითით ნიადაგში, მერე რწყავენ ოდნავ, და ასათბურებენ -აფარებენ მინას. ნიადაგი მუდამ ნამიანი უნდა იყოს. სათბურს დღეში რამდენჯერმე ანიავებენ ნახევარი საათით. როცა ნათესს 3-4 ფოთოლი გამოუვა, 3-4 ცალს ერთად რგავენ პატარა ქოთნებში.
გამრავლება გაყოფით - გაზაფხულზე გადარგვისას შეიძლება მისი ფესვის გაყოფით გამრავლება. მათ ახალ ქოთნებში ცალკცალკე რგავენ ოდნავ ნამიან ნიადაგში.
დაავადებები - ფოთლის გაყვითლება -ეს ხდება, თუ მცენარეს დროულად არ რწყავენ, ან ზედმეტი წყალია ქოთანში, მას ემტერება ფარიანა და აბლაბუდა ტკიპა.
გავრცელებული სახეობები -1. აღმოსავლური აგაპანთუსი -სამშობლო -ს. აფრიკა, სქელი ფოთლები ხაზოვანი ფორმის, საყვავილე ღერო თითქმის 50სმ სიგრძით, დაახლოებით 100 ცისფერი ყვავილი იშლება ზაფხულის ბოლოს ქოლგისებრ ყვავილედში. 2. ქოლგისებრი აგაპანთუსი -იგივე აფრიკული შროშანი, ან აბისინიური ლამაზმანი -სამშობლო ს. აფრიკა. იზრდება 70 სმ მდე. ფოთლები ფესვთან მუქ მწვანე როზეტებს ქმნის, წვეროსკენ წვრილდება. ყვავილი ცისფერია, ფუძესთან 6 შეზრდილი ფურცლით, ყვავილობს ზაფხულში, 40 დღის მერე ყვავილობის დასრულებიდან უვითარდება თესლი. 3. ზანზალაკისებრი აგაპანთუსი -ცხოვრობს ს. აფრიკის წვიმიან მთებში. ფოთლები ფეხზემდგომი, ხაზოვანი,15სმ სიგრძის. ყვავის ზაფხულის ბოლოსკენ ცისფერი ყვავილებით, რომლებიც ზანზალაკს წააგავს ფორმით.