ბაღის ვარდები
ამ მშვენიერი ყვავილის ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი მოუთმენლად ელოდება "ვარდების სეზონის" დაწყებას.მთელი სეზონის განმავლობაში შესაძლებელია ამ დიდებული და არომატული ბუნების ქმნილებებით დატკბობა.მათი სილამაზის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი.ყოველთვის,როდესაც ვხედავთ ამ საოცარი ყვავილის მრავალფეროვნებას და ფერთა გამას,არ შეიძლება არ გამოვხატოთ აღფრთოვანება.
მეყვავილეები სულმოუთქმელად ელიან გაზაფხულის დადგომას,რომ იმუშაონ თავის მომხიბვლელ ყვავილებთან.რადგან,იმისათვის რომ ვარდს სილამაზე შევუნარჩუნოთ საჭიროა სწორად მოვლა.
ვარდები _ მოშენების და მოვლის ძირითადი წესე
საგაზაფხულო სხვლა
ადრე გაზაფხულზე,როგორც კი ყინვები დამთავრდება საჭიროა შემოწმდეს თითოეული ვარდის ბუჩქი.ყველა დასუსტებული ან ყინვისაგან დაზიანებული ტოტი უნდა მოიჭრას საღ კვირტამდე.
ერთწლიანი ჯიშები ზომიერად უნდა გავსხლათ,ორწლიანი კი _მეტად.ახალწამოზრდილი ტოტები ნახევრამდე იჭრება,ზრდასრული,ძლიერი ტოტები უნდა გადაიჭრას დაახლოებით მეხუთე კვირტამდე.თუ ვარდის ბუჩქის ასაკი სამ წელს აჭარბებს, არ დაგავიწყდეთ მოაშოროთ ყველა გამხმარი და ცუდად განვითარებული ტოტი.გასხვლა ყველა ჯიშის ვარდისთვის არის საჭირო,გამონაკლისის გარეშე.ეს პროცედურა აუცილებელია ვარდის ზრდისა და განვითარებისათვის,ბუჩქის სწორად ფორმირებისთვის.მცირე გამონაკლისს წარმოადგენს ყვითელი ვარდი,მას მინიმალურად სხლავენ.
კვება და სასუქები გასხვლის შემდეგ,ვიდრე ვარდის კვირტები "მძინარე" მდგომარეობაშია,საჭიროა პროფილაქტიკისთვის ვარდებს შევასხუროთ შაბიამნის 1%-იანი ხსნარი.ნიადაგში კი შეგვაქვს აზოტის შემცველი სასუქი(მაგალითად ამონიუმის გვარჯილა).აზოტის შემცველმა სასუქებმა შეიძლება გამოიწვიოს მცენარის დამწვრობა,ამიტომ ზომიერად უნდა გამოვიყენოთ.სასუქი განმეორებით უნდა შევიტანოთ დაახლოებით 15 დღის შემდეგ.შესაძლოა ერთხელ გამოვიყენოთ ნიტროამოფოსკა - უნივერსალური სასუქი (კომპლექსური), რომელიც ერთროულად შეიცავს 3 ელემენტს: ფოსფორი, აზოტი, კალიუმი. ნიტროამოფოსკა გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე როგორც ძირითადი სათესი სასუქი და დანამატი.ეს ორი სახის კვება მცენარეს მისცემს მისთვის ამ პერიოდში საჭირო ყველა აუცილებელ ნივთიერებას.თხევადი სასუქების მშრალ ნიადაგში შეტანა არ შეიძლება.ჯერ უნდა მოირწყას ნიადაგი უხვად,შემდეგ აუფხვიეროთ მსუბუქად და ამის შემდეგ შევიტანოთ სასუქი.მოგვიანებით ეს ორი სახის სასუქი ივნისსსა და ივლისის დასაწყისში მონაცვლეობით შეაქვთ,ორი კვირის ინტერვალით.მინერალური სასუქები უზრუნველყოფს ნიადაგის მიკროფლორის განადგურებას,ორგანული კი მის აღდგენას და განახლებას.
ეს პროცედურა მცენარისათვის აუცილებელია პირველი ყვავილობის შემდეგ.გასხვლას საჭიროებს ყველა დაყვავილებული და დამჭკნარი ყვავილი და გვერდითი წანაზარდები.ეს პროცედურა ბუჩქს მეტ ძალას მისცემს და შემდეგი ყვავილობა უფრო უხვი ექნება.
მორწყვა ვარდებს უყვართ უხვი და რეგულარული მორწყვა,განსაკუთრებით აქტიური ზრდისა და განვითარების პერიოდში.მორწყვის სიხშირის განსაზღვრისათვის საჭიროა გავითვალისწინოთ ნიადაგის ხარისხი,მცენარის ასაკი და ამინდის პირობები.იმისათვის რომ ხელი შევუშალოთ ბუჩქის გარშემო ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნას, უნდა გავაფხვიეროთ მიწა ბუჩქის მახლობლად.ეს აუცილებელია ჰაერის ცირკულაციისათვის და ფესვების კვებისათვის.
დაავადებები და მავნებლები სოკოვანი დაავადებებით და სხვადასხვა მავნებლებით მრავალი ყვავილოვანი კულტურა ავადდება,მათგან ვარდიც გამონაკლისი არ არის.ვარდიც შეიძლება დაავადდეს ჭრაქით ან ფოთლის შავი ლაქებით.ამ დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია პროფილაქტიკური შეწამვლით.ამისათვის გამოიყენება ფუნდაზოლის ხსნარი(10 გრ. ფუნდაზოლი 10 ლ. წყალი).მავნებლებისაგან თავის არიდება (როგორიცაა მაგ. ბუგრი)შესაძლებელია ისექტიციდების შესხურებით.
ბაღის ვარდების გამრავლება ვარდების გამრავლებისთვის ყველაზე კარგია კალმების გამოყენება,ეს ერთერთი პოპულარული და ეფექტური მეთოდია.ზაფხულის სეზონის დამთავრებისას უნდა შევარჩიოთ ტოტები დასაკალმებლად.ამისათვის ისეთი ტოტები გამოდგება,რომლებზეც ყვავილობა დამთავრებულია.ტოტი უნდა იყოს ჯანმრთელი და დაზიანების გარეშე.დავჭრათ ისე რომ კალამზე სამი-ოთხი კვირტი ქონდეს.კალმის ქვედა ნაწილი ირიბად გადავჭრათ და შევაცალოთ ფოთლები.ზედა ნაწილი სწორად გადავჭრათ და ფოთლები ნაწილობრივ დავუტოვოთ.ასე გამზადებული კალმები ჩავრგათ კარგად მორწყულ ნიადაგში,ჩრდილიან ადგილზე.თავზე დავაფაროთ გამჭვირვალე კონტეინერი. არ დაგვავიწყდეს დროდადრო მორწყვა,ყინვების დროს კი დათბუნება.დაფესვიანებული მცენარე გადაგვაქვს მუდმივ ადგილზე და ვაგრძელებთ ჩვეულებრივ მოვლას.ახლადაფესვიანებულ ვარდს პირველ წელს მეტი ძალა დასჭირდება ზრდისა და განვითარებისათვის.ყვავილობა მას ძალას წაართმევს,ამიტომ საყვავილე კვირტებს კრეჭენ,რომ მცენარე უკეთ განვითარდეს.
ნიადაგის მულჩირება
იმისათვის რომ ნიადაგმა შეინარჩუნოს ტენი და სწრაფად არ გამოშრეს,ვარდების გარშემო უნდა დაირგას მრავალწლიანი ნიადაგმფარავი მცენარეები.ასეთი ხალიჩა-მცენარეები მულჩის ეფექტს შექმნიან და დაიმედოდ დაიცავენ ვარდის ბუჩქის ფესვთა სისტემას.დაწვრილებით ნიადაგის მულჩირების შესახებ
ვარდები ყინვაამტანი მცენარეებია,მაგრამ საჭიროა ისინი გავაკაჟოთ და გავაძლიეროთ მათი იმუნიტეტი.სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ვარდს უნდა შევუწყვიტოთ აზოტის შემცველი სასუქების მიცემა,რადგან ისინი უზრუნველყოფენ მცენარის აქტიურ ზრდას,განმეორებით ყვავილობას,რაც მცენარეს მთელ ძალას წაართმევს და ზამთარს ძნელად გადაიტანს.დამატებითი კვება ფოსფორისა და კალიუმის შემცველი სასუქების სახით სწორედ რომ დროული იქნება.შეფუთვა-დათბუნების წინ საჭიროა ჩატარდეს კიდევ ერთი მცირე სხვლა,ვარდს უნდა შეეჭრას ყველა დაყვავილებული და დამჭკნარი ბუტონი.ყოველი ვარდის ძირში უნდა დაიყაროს ნეშომპალის და ნახერხის ფენა.იქ სადაც,ზამთარი უფრო მკაცრი იცის ბუქებს უნდა დავაფაროთ ნაძვის ტოტები,რომლებიც ყინვებისგან დაიცავს.