ვარდის სწორად გასხვლა

 ვარდის გასხვლა აუცილებელი პირობაა მისი ყვავილობის და ზრდისთვის. მაგრამ ეს  პროცედურა სწორად უნდა ჩატარდეს, რომ მცენარე პირიქით, არ დაიღუპოს.
გასხვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რაც დამოკიდებულია სეზონზე, ვარდის სახეობაზე, ტოტების სიგრძეზე.
დაბალზე გასხვლა: ტარდება გაზაფხულზე ფლორიბუნდას და პოლიანტური და ჩაი-ჰიბრიდული ვარდებისთვის, ან კიდევ დარგვისას. ძირს უტოვებენ ტოტების სიგრძის 1/3 ს, ძირიდან 3-4 კვირტზე.
ზომიერი გასხვლა: ტარდება საშუალო ზომის ბუჩქებისთვის ძირითადად ყვავილობის დასრულებისას, ტოტებს უმოკლებენ 5-7 კვირტზე ძირიდან.
გასხვლა მაღალზე: ასე სხლავენ ხვიარებს და დიდ ბუჩქებს, ტოტებს ამოკლებენ 8-15 კვირტზე ძირიდან. ასე ხდება კიდევ საგაზაფხულო დარგვისას.
კიდევ ასებობს კომბინირებული გასხვლაც - ერთ ბუჩქს სხვადასხვა ზომაზე უმოკლებენ ტოტებს. ასე ხდება, მაგალითად, ფლორიბუნდას ვარდებზე და ამით ბუჩქი მოხდენილ ფორმას ინარჩუნებს.
სანიტარულ გასხვლას კი მთელი ვეგეტაციის პერიოდში მიმართავენ. დაავადების პროფილაქტიკისთვის - აშორებენ სუსტ, დაზიანებულ, მოყინულ, გამხმარ ტოტებს, მათ ამოკლებენ საღ ნაწილმდე.
საგაზაფხულო გასხვლა: ზამთრის მერე ვარდებს აშორებენ საფარს, აცლიან ძველ ფოთლებს, მულჩას, მერე კი სხლავენ, როდესაც კარგად მოთბება, კვირტები დაიბერება, მაგრამ ტოტებს ზრდა ჯერ არ დაუწყიათ. თუ ვარჯი ხშირია, ხშირავენ და 4-5 ძლიერ საღ ტოტს ტოვებენ. საჭიროა კარგი მჭრელი სეკატორი, რომ მცენარეს მინიმალური ტრავმა მიადგეს. ტოტებს ჭრიან 45 გრ იანი კუთხით, კვირტის ზემოთ 5მმ ზე. გაზაფხულზე ნებისმიერი ვარდი ისხვლება, რომ მან ძალები ახალი ტოტების ზრდას მოახმაროს. ამავე პერიოდში ხდება ბუჩქის ფორმირებაც. 

საზაფხულო გასხვლა: ზაფხულში გრძელდება სანიტარული და ფორმის მიმცემი გასხვლა: ტოტებს აჭრიან პირველ საღ კვირტამდე ან პირველ 5 ფოთლამდე. 3 წ ზე მეტი ხნის ვარდებს აგვისტოში ბევრი ახალი ტოტი ამოსდის, ისინი ვარჯს ახშირებენ, შიგნით ჩრდილს ქმნიან, რაც მერე სოკოვან დაავადებას იწვევს. სწორედ ამიტომაა საჭირო  ტოტების გამოხშირვა.
გასხვლა ყვავილობის შემდეგ: ესეც საჭირო საზაფხულო გასხვლაა. მოყვავილებული ნაწილების მოშორება აუცილებელია ყვავილობის გახანგრძლივებისთვის, რომ ძალები ნაყოფის გავითარებაზე არ დახარჯოს მცენარემ.
ზოგ ვარდს ერთ ტოტზე რამდენიმე კოკორი ამოსდის. მათ ერთიანად აშორებენ  პირველივე 5 ფოთლამდე. ვარდს, რომელსაც ტოტზე ერთი ყვავილი აქვს, სხვაგვარად სხლავენ: ტოტს ზაფხულის პირველ ნახევარში  ისე ჭრიან, რომ დარჩეს 3-4 ფოთოლი მიწის ზემოთ. ასე ახალი ტოტებიც სწრაფად გაიზრდება.ზაფხულის ბოლოს კი მარტო მოყვავილებულ კოკრებს აცლიან.
ხვიარა ვარდებს, რომლებიც ყვავილობენ მეორე წლის ტოტებზე, ყვავილობის მერე  ტოტებს აჭრიან პირველ ფოთლამდე, ასე კიდევ უფრო დაიტოტება მცენარე და მომდევნო წელს ახალი ტოტებიც გამოისხამს ყვავილებს.

საზამთრო გასხვლა: თბილ ზამთარში საშემოდგომო გასხვლა ვარდებს არ სჭირდებათ, ვარდებს, რომლებსაც დაფარება სჭირდება საზამთროდ, გვიან შემოდგომაზე აჭრიან გაუვითარებელ ტოტებს.  
ვარდის გასხვლის ზოგადი წესები: წლის ყველა სეზონზე ვარდს გასხვლის თავისი წესები აქვს. ტოტს აჭრიან 5მმ ით ზემოთ კვირტიდან.  თუ გაშლილი ბუჩქის მიღება გინდათ, ტოტები გადაჭერით  გარეთ მიმართული კვირტების თავზე. თუ სწორი ბუჩქის მიღება გსურთ ვერტიკალური ტოტებით, გასხალით შიგნით მიმართული კვირტის  თავზე.
გასათვალისწინებელია ბუჩქის ასაკიც - პირვე წელს ვარდს სანახევროდ გადაჭრიან. მეორე წელს ყველა ტოტზე 2-3 ახალი ტოტი ფორმირდება და ახალი ტოტებიც იზრდება ფესვიდან. მათი გადაჭრა არ  შეიძლება ძირამდე, რადგან სწორედ მათზე გამოდის ყვავილები. ასე, რომ 2 წლიანებს ტოტებს უმოკლებენ 2-4 კვირტამდე ძირიდან. მოზრდილ ბუჩქებს აშორებენ გამხმარ, მოკლე, სუსტ ტოტებს, ასევე გვერდითა ნებისმიერი სისქის ტოტებს, რაც ბუჩქის შიგნით იზრდება.

ჩაი-ჰიბრიდული ვარდების გასხვლა: ამ ვარდებს სფეროსებურ ფორმას აძლევენ. კოკრები ამოდის მიმდინარე წლის ტოტებზე, ამიტომ მათ კარგად ამოკლებენ. ახალგაზრდა ბუჩქზე ტოვებენ 2-4 კვირტს მიწიდან 15 სმ ზე, მოზრდილებზე - 4-6 კვირტს 20 სმ ზე. გვერდითა ტოტებზე ასევე ტოვებენ 2-4 კვირტს. ბუჩქის ცენტრიდანაც აშორებენ შიგნით მიმართულ ტოტებს.
ფლორიბუნდას ვარდების გასხვლა: მათ დაბალზე ჭრიან, რომ არ გაიზარდოს უზარმაზარი ბუჩქი წვრილი ტოტებით და ყვავილებით. მაგრამ მცენარეს სხვადასხვაგვარად ჭრიან - ზოგ ტოტს ამოკლებენ, რომ ადრე იყვავილოს იმ ტოტებზე, ერთწლიან ფესვიდან მზარდ ტოტებს კი მხოლოდ 1/3 ზე ჭრიან. ახალგაზრდა გვერდითა ტოტებზე ტოვებენ 2-3 კვირტს, ძველზე - 3-5. ბუჩქის ცენტრში მზარდ ძველ ტოტებს კი ძირამდე ჭრიან. 

ხვიარების გასხვლა: მათ შემოდგომაზე მინიმუმამდე სხლავენ. ტოტებს ხსნიან საყრდენიდან, კრავენ, აწვენენ მიწაზე და აფარებენ. ძირითადად კი გაზაფხულზე ისხვლება. საფარის მოშორების მერე ტოტებს ამოკლებენ ისე, რომ ბუჩქმა ლამაზი ფორმა მიიღოს - გვერდითა ტოტებზე ტოვებენ 3-4 კვირტს, ზაფხულში კი  აცლიან ყვავილებს პირველ ფოთლამდე.
პოლიანტური ვარდების გასხვლა: მათ გაზაფხულზე სხლავენ, შემოდგომით კი  აცლიან სუსტ ტოტებს. გაზაფხულზე ტოტებს ამოკლებენ 1/3 ზე, ბუჩქს ცენტრიდანაც აცლიან ძველ ტოტებს.  

ნიადაგმფენი ვარდის გასხვლა: საშემოდგომოდ აშორებენ მოყვავილებულ ტოტებს, სუსტ, დაზიანებულ ნაზარდს, წლევანდელ ტოტებს კი ცოტას ამოკლებენ.
შტამბურ ვარდებს დარგვისას კარგად სხლავენ. სხვა დროს კი  გასხვლა ხდება იმ ჯიშის მიხედვით, რაცაა დამყნილი.
სწორად გასხვლისას ვარდი ყოველ წელს უხვად და ხანგრძლივად იყვავილებს.

YVAVILEBI.GE https://yvavilebismovla.ge/v/
თარგმანი თ. სუპატაშვილის

24 June 0 36

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно