ერთწლიანი მცენარეების გაფორმების საიდუმლო
ერთწლიანი მცენარეები ყველა მეყვავილისთვის ექსპერიმენტებისთვის ყველაზე შესაფერისი, ყველაზე ეფექტური, უხვადმოყვავილე და სადღესასწაულო იერის მქონე მცენარეებია. მართალია, მათ მეტი ზრუნვა სჭირდებათ, მაგრამ ამ მცენარეებს ბადალი არ აქვთ ყვავილობის ხანგრძლივობაში - ყვავილობენ გაზაფხულის ბოლოდან საშემოდგომო ყინვებამდე. ფერებზე არაფერს ვიტყვით - უამრავი ფერის მცენარე მათი რამდენიმე მინუსის მიუხედავად ერთი საყვავილისთვის აუცილებლობას წარმოადგენს ნებისმიერ ბაღში. ყვავილნარის მოწყობა საკმაოდ მარტივია.
ასეთ კლუმბებს ხშირად დროებითს უწოდებენ. ყველა ვარიანტი ასეთი საყვავილეებისა მხოლოდ ერთ სეზონს ძლებს, თუმცა არაა აუცილებელი მათი გადატანა სხვაგან ან ერთის შეცვლა სხვა ჯგუფით. წლიდან წლამდე ასეთ ჯგუფებში მხოლოდ ამატებენ მცენარეებს, ანუ ხდება შევსება. თუმცა, შესაძლებელია მათი ჩასმა მრავალწლიან „მუდმივ“ კომპოზიციებში მოცემული ადგილის სეზონური შენიღბვისთვის. ზოგადად, ერთწლიანები მაინც ცალკე ობიექტებია საკუთარი დანიშნულებით. რა ამოცანაც არ უნდა იდგეს ასეთი ყვავილნარის წინ, იგი მაინც ყველაზე სწრაფ მეთოდს წარმოადგენს ბაღის გადასახალისებლად და გასალამაზებლად, რასაც არ სჭირდება სერიოზული მუშაობა გაფორმების ეტაპზე, მაგრამ მერე მუდმივი ზრუნვა უნდა.
ასეთი ყვავილნარის მოწყობა მართლაც მარტივად შეიძლება, თუ მზა მცენარეებს გამოიყენებთ და მხოლოდ ერთი რამ ხდება გადასაწყვეტი - სად უნდა დარგათ ისინი, რომ ყვავილნარი ეფექტურად გამოიყურებოდეს. თუ თავად თესავთ ან აფესვიანებთ მცენარეებს, მაშინ ცოტა მეტი შრომა მოგიწევთ. თუმცა შედეგი განუმეორებელია. ექსკლუზიური ჯიშები, ფერების ასორტი, ეს შეზღუდვის გარეშეა. ამიტომ ვისაც თავად გამოჰყავს ჩითილები, ეს პროცესიც სასიამოვნო უნდა იყოს მისთვის.
ერთწლიანი მცენარეების ყვავილნარი მრავალფეროვანია - ზოგი ბრტყელი, ზოგი -რელიეფური ვერტიკალური სტრუქტურით დაბალი, საშუალო და მაღალი მცენარეების კომბინირებით. ასევე გვხვდება როგორც მონო, ისე შერეულსახეობებიანი ყვავილნარიც. ყველა ცალკეულ შემთხვევაში ყვავილნარის ფორმა და შემადგენლობა უნდა შეირჩეს ბაზისური პრინციპების და ნორმის გათვალისწინებით:
ბაღის სტილი; პატრონის გემოვნება და ხასიათი; ბაღის კომპოზიციების აგების კანონები; ფერების კონცეფცია ზოგადად; დეკორატიული ამოცანა - შენიღბვა, ფერის დანაკლისის კომპენსაცია, კუთხის გაცოცხლება, სტილის ხაზგასმა.
ერთწლიანი ყვავილნარის კატეგორიები:
- დიდ ფართობზე, ერთიანი, მკაცრად გეომეტრიული ან ბუნებრივი ფორმის, რელიეფური ან ხალიჩისებური;
- პატარა კუნძულები;
- მოდულები, სადაც ერთნაირი ფრაგმენტები მეორდება, მაგრამ ისინი გაყოფილია ბილიკებით ან ბორდიურებით;
- მიქსბორდერები შერეული მცენარეებით:
- ვიწრო ბორდიურები.
პატარა კუნძულები ძირითადად ერთი სახის მცენარეებით იქმნება, თუმცა კომპოზიციურად სჯობს 2-5 სახეობის არევა, რომელშიც მცენარეთა სიმაღლის თამაშით რელიეფური კომპოზიციის შექმნა შეიძლება.
დიდი ფართობი უსაზღვრო შესაძლელობას იძლევა ერთწლიანების მრავალფეროვნება გამოიყენოთ. თემატურ, ან უბრალო ყვავილნარში მთელი ფანტაზიის ჩართვა შეიძლება. ასე დიდ ყვავილნარში შეიძლება 8-10 სახეობის გამოყენება ფერების ჰარმონიული ან კონტრასტული შეხამებით. ასე შეიძლება გეომეტრიული ფორმების, ხაზების, ფიგურების შექმნა. შეიძლება ხალიჩასავით ერთი სიმაღლის მცენარეები დარგათ ან სიმაღლის სხვაობა გამოიყენოთ და ხალიჩა ვერტიკალურ აქცენტებში გადაიყვანოთ.
დღეს პოპულარულია გეომეტრიული მოტივები, საათის ციფერბლატის ან ტორტის ნაჭრების პრინციპით, ჭადრაკული წყობით შექმნილი ყვავილნარები, თეთრი და ფერადი ყვავილების კომბინირება სხვადასხვა ცხოველის ან ფრინველის სილუეტის იმიტირებით.
მიქსბორდერებს უფრო ხშირად ღობესთან ან შენობებთან აკეთებენ. იგი შეძლება მრავალფენიანი, ცალმხრივი, ორმხრივი გაკეთდეს ერთწლიანების ხალიჩისებური ან ვერტიკალური კომპოზიციებით.
ბორდიურები ძალიან ეფექტურია. ხშირად წვრილ ბორდიურებში ერთ მცენარეს იყენებენ ბილიკების ან დასვენების ზონის შემოსასაზღვრად,მაგრამ არა ხაზოვნად, არამედ მომრგვალებული, „ჩახუჭუჭებული“ ფორმებით
მოდულური ყვავილნარი დღეს მოდური ტენდენციაა თანამედროვე პროექტებისთვის. ცალკ-ცალკე უჯრედებად დაყოფილი კლუმბები გაფორმების ახალ პერსპექტივას ქმნის.ისინი ყოველთვის სადღესასწაულოდ და მოწესრიგებულად გამოიყურება. აქ იყენებენ ერთი სიმაღლის მცენარეებს, როგორც მოყვავილე, ისე დეკორატიულფოთლიანს. ფრაგმენტებად შეიძლება 3-5 სხვადასხვა მცენარის დარგვა ორნამენტული ან მკაცრი ფორმით.
ერთწლიანების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სხვადასხვა ეფექტი მიიღოთ კომპოზიციურად. დაბალ მცენარეებს იყენებენ ხალიჩის ეფექტის შესაქმნელად. ფერების გამოყენება ამრავალფეროვნებს ყვავილნარს. მინი პელარგონია, ბეგონია, ჯინჭარა ყვავუილი, აგერატუმი, გეორგინა და სხვა ერთწლიანები ულამაზესი კომპოზიციების შექმნის საშუალებას იძლევა. საშუალო ზომის მცენარეები ყველა სახის ყვავილნარში გამოდგება -ხავერდა, ქათმიქოჩორა, ცოცხანა, გულყვითელა,.
შეიძლება ასეთ კომპოზიციებში ერთწლიანი ლიანების ჩართვაც - აბილილი, დეკორატიული ლობიო, დედოფლის ყვავილი, სურნელოვანი ბარდა, ტუნბერგია შეიძლება გამოიყენოთ როგორც ნიადაგმფენად, ისე აქცენტირებისთვის პირამიდების და სხვა ფიგურული საყრდენების დახმარებით.
მოყვავილე და არამოყვავილე ყვავილნარს სხვადასხვაგვარი მიდგომა ესაჭიროება. თავისი წესები აქვს ნერგების არჩევასაც - სჯობს დასარგავად უკვე მოყვავილე ძლიერი ნერგების გამოყენება, იმ ჯიშების და სახეობების არჩევა, რომელთა ყვავილობის ვადებში დარწმუნებული ხართ. ასე ადგილზევე შეიძლება კომპოზიციების შედგენა.
თუ მცენარე პატარაა და არ ყვავის, ცოტა რთულია ბუჩქების სრულ ზომაში წარმოდგენა, მაშინ წინასწარ უნდა გაეცნოთ ინფორმაციას მცენარის შესახებ, ასევე წინასწარ უნდა დაიხატოს მცენარეთა განლაგების სქემა, ფერთა გამა ქაღალდზე.
ნუ დაინანებთ დროს ესკიზების და სქემების შექმნისთვის. აქ არაა აუცილებელი მხატვრობის ნიჭი, ფერადი ლაქები და პირობითი ნიშნები ქაღალდზე დაგეხმარებათ მერე ყვავილნარის სწორ დაგეგმვაში და აგარიდებთ შეცდომებს მცენარეთა კომბინირებაში.
ყვავილობის ვადებთან დაკავშირებით პრობლემა ერთწლიანებში იშვიათია. უმეტესობა ერთდროულად ყვავილობს გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე. გამონაკლისია ერთწლიანები ხანმოკლე დროის ყვავილობით - 2 კვირამდე. მათი გათვალისწინება აუცილებელია, უნდა განისაზღვროს ყვავილობის პიკი მთელი კომპოზიციის, რომ პარტნიორები დაეხმარნონ სოლისტ მცენარეს ყვავილობის უკეთ წარმოჩენაში.
საყვავილეში არც ზედმეტი ვარგა და არც ცოტა უნდა იყოს ყვავილები, გასათვალისწინებელია რეკომენდებული დაშორება მცენარეებს შორის. იშვითად დარგული მცენარეები ასეთ ყვავილნარში მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხშირად დარგული კი ცუდად იზრდება, სუსტი, ავადმყოფი, ხშირად არ ყვავილობს, ამიტომ სასურველია იცოდეთ სავარაუდოდ მისაღები მანძილი მცენარეთა შორის. მცენარეებს არასდროს რგავენ მარტოს, ჯგუფურად ან ხაზობრივად დარგული ერთწლიანები, მათი ყვავილების სილამაზეს გაცილებით უკეთ წარმოგვიდგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ულამაზესი კომპოზიციების შექმნა შეიძლება.
უპირველესად ტერიტორია უნდა განისაზღვროს, დასარგავი ადგილი მოინიშნოს. თუ უკვე გაქვთ მცენარეები, თავთავის სავარაუდო ადგილზე უნდა დააწყოთ, რომ შესაძლო შეცდომებიც გაასწოროთ დარგვამდე, მერე კი დარგვის სიღრმის გათვალისწინებით სათითაოდ მიჩენილ ადგილზე დარგათ. შემდეგ რწყავთ და მულჩირებას უკეთებთ გრუნტს, რომ თავიდან აიცილოთ შემდგომი პრობლემები და ზედმეტი სამუშაო.
კლუმბებს, მოდულურ ყვავილნარს ხშირად კიდეების გაფორმებაც სჭირდება, რომ ჩარჩოში მოექცეს, კონტური შემოიფარგლოს. აქაც შეიძლება ერთწლიანი მცენარეების გამოყენება.
ასეთ ერთწლიანი მცენარეების კომპოზიციებს ძალიან უხდება აქსესუარები,- სპეც განათება, ბაღის სკულპტურა, დიდი ქვები, ძველი გადაღებილი ჭურჭელი, ასეთი დეკორატიული ელემენტები ყვავილნარს დასრულებულ ფორმას აძლევს. (6)
სტანდარტული მოთხოვნები ერთწლიანების გაზრდისთვის: მათ ერთნაირი პირობებისჭირდებათ, განათება, ნიადაგი, თუმცა არის გამონაკლსიც. და ასე განსხვავებულ მცენარეებს არასდროს რგავენ კომბინირებულად. ისინი ისე უნდა შეირჩეს, რომ მოცემული ყვავილნარის ყველა მცენარე კომფორტულად გრძნობდეს თავს.
მათ სჭირდებათ ნათელი, გაშლილი ადგილი, მზიანი, წინასწარ კარგად დამუშავებული მიწა, გაფხვიერებული და განოყიერებული სასუქით (ერთწლიანები ვერ იტანენ ნაკელს და კომპოსტს, მიწის მჟავეობა კი მთელი კლუმბის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
მოვლა არაა რთული, მხოლოდ მუდმივი ყურადღებაა საჭირო - გვალვაში კარგად მორწყვა,სასუქის დროული შეტანა. პირველი ყვავილობის დასრულებისას მოყვავილებული ნაწილების მოჭრა აადვილებს მის მოვლას, მულჩირების არარსებობისას კი საჭიროა პერიოდული გათოხვნა და მიწის გაფხვიერება.
თარგმანი თ. სუპატაშვილის