კვირისტავა - ცინია

მიეკუთვნება ასტრისებრთა ოჯახს. წარმოშობით სამხრეთ მექსიკიდანაა. არის როგორც ბალახოვანი, ისე ბუჩქოვანი სახით. სახელი ეწოდა გეტინგენის ბოტანიკოსის და ფარმაკოლოგის, იოან გოტფრიდ ცინას პატივსაცემად, რომელიც ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო და კარლ ლინეს ამარაგებდა ჰერბარიული საკვლევი მასალით. აცტეკებმა ეს მცენარე მოამრავლეს ჯერ კიდე 1 500წელს, ევროპაში კი იგი მე 18 ს ში გამოჩნდა და მაშინვე გადაიქცა არისტოკრატების ბაღების მშვენებად. მე 20 ს ში მისი  კულტივირება უკვე ყველა კონტინენტზე მოხდა, 1931წ დან 1958 მდე იგი ინდიანას შტატის სიმბოლოც კი იყო. დღეს ცნობილია მისი 20 სახეობა, უამრავი ჯიში და ჰიბრიდი, რომლებიც საკმაოდ უპრეტენზიოები არიან.
დახასიათება: სახეობის და ჯიშის მიხედვით მისი სიმაღლე 20-100სმ ია, ფოთლები მთლიანი, მჯდომარე, კვერცხისებური, შებუსული უხეში ხაოებით, მოპირდაპირე განლაგებით ღერზე. ყვავილედი კალათაა 3-14სმ დიამეტრით მაღალ საყვავილე ღერზე ენისებურად წაგრძელებული ყვავილები კრამიტისებურადაა განლაგებული რამდენიმე რიგად, სხვადასხვა ფერის - თეთრი, ნარინჯისფერი, მეწამული, ყვითელი, წითელი,, ანუ ყველა ფერის, გარდა ლურჯისა. ყვავის ივნისიდან ყინვებამდე, კარგად უძლებს სიცხეს და გვალვას. დიდხანს ძლებს მოჭრილიც ლარნაკში. მრავალწლიანია თბილ ქვეყნებში, სადაც ზამთარიც თბილია, შუა სარტყელში კი მხოლოდ ერთწლიანია, რადგან ვერ იტანს მცირე დროით პატარა ყინვასაც კი. მეაგარაკეები მას მაიორს უწოდებენ. კვირისტავა, ხავერდა, გულყვითელა და გვირილა - ძირითადი ყვავილებია სოფლის სტილის შესაქმნელად, რაც სულ უფრო მეტად მკვიდრდება ევროპაში. ლამაზია იგი სხვა კეთილშობილი ყვავილების გვერდითაც და ბოსტანშიც.
დათესვა: მრავლდება გენერაციულად როგორც ერთ, ისე მრავალწლიანი მცენარეები. იქ, სადაც თბილი ზამთარია, მათ თესავენ პირდაპირ ღია გრუნტში, მაგრამ იმ რეგიონებში, სადაც თუნდაც -1გრ იქნება ყინვა, დათესილი კვირისტავა არ ამოვა, ამიტომ ამჯობინენენ მის ჩითილებად გაზრდას და მერე გადარგვას. დათესვამდე თესლს ახვევენ ნაჭერში, ასველებენ ეპინში, ახალი თესლი უცებ, რამდენიმე დღეში იწყებს ზრდას, ძველს კი ერთი კვირა მაინც დასჭირდება. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში მას თესავენ 1სმ სიღრმეზე ნამიან ტორფის ქოთანში 2-3  თესლს ერთად. ასე აიცილებენ პიკირების აუცილებლობასაც, რაც არ მოსწონს ამ მცენარეს. ნათესს ნამავენ და დებენ ნათელ ადგილზე 22-24 გრ ზე, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, ნათესი ამოვა კიდეც რამდენიმე დღეში.
ჩითილები: ახალგაზრდა მცენარე სწრაფად ივითარებს დამატებით ფესვებს. თუ მცენარე გაიწელა, ქოთანში მიაყარეთ ფესვებს ცოტა მიწა, გაწელვას ასევე იწვევს არასაკმარისი განათება, ასე ჩითილების ღერები დაწვრილდება და მერე მიწაზეც გაწვება. ნათესი არ უნდა იყოს ხშირი, რომ არ მოგიწიოთ მერე პიკირება, რასაც მცენარე ცუდად იტანს. მაისის ბოლოს ქოთნები ჩითილებით ხშირად გააქვთ გარეთ სუფთა ჰაერზე და ასე აწრთობენ მათ.
კვირისტავა ღია გრუნტში: როდის შეიძლება ნათესის გადატანა ღია  გრუნტში?  ასე შეიძლება მოიქცეთ მაისის მეორე ნახევრიდან, როცა ყინვების საშიშროება გადაივლის საბოლოოდ. მცენარეს მოსწონს ნათელი, უქარო ადგილი, ნეიტრალური კარგად დრენირებული ნოყიერი ნიადაგით. დარგვამდე ადგილს ათავისუფლებენ სარეველებისგან, ბარავენ 45სმ სიღრეზე, მერე შეაქვთ ნეშომპალა, კომპოსტი ან ნაკელი 8-10კგ კვ. მ ზე,- ეს სჯობს გაკეთდეს შემოდგომაზე. მცენარეები ირგვება 30-35 სმ ზე ერთმანეთისგან, ისინი გადააქვთ ღია გრუნტში მიწიანად ან ტორფის ქოთნებთან ერთად. ასეთი მცენარე უკვე ივნისის დასაწყისში იყვავილებს.
მოვლა: თუ კვირისტავა სწორად დაირგო, მერე სჭირდება მხოლოდ ნიადაგის რეგულარული გაფხვიერება. სარეველების მოცილება, უხვი და შედარებით იშვიათად მორწყვა ფესვთან, რომ წყალი ყვავილებს არ მოხვდეს. ყვავილობის დაწყების მერე დროულად უნდა მოცილდეს მოყვავილებული და დამჭკნარი ყვავილები.
სასუქი: როცა ნათესი ამოვა, სანამ ღია გრუნტში გადაიტანენ, კვებავენ ნაკლებ აზოტიანი  მინერალური სასუქით- სამჯერ. გრუნტში გადარგულს კი -  ისევ მინერალურით ან თხევადი ნაკელით ზაფხულის განმავლობაში ორჯერ- პირველად დარგვიდან ერთ  თვეში, მერე კი ბუტონიზაციის დროს. სულ ესაა.
თავის წაწყვეტა: თუ მცენარის დაბუჩქვა გსურთ, 3-4ფოთლის მერე ღერებს თავს აწყვეტენ ჯერ კიდევ ნათესზე. თუმცა ამის გაკეთება შეიძლება ღია გრუნტში გადატანის მერეც. როცა გარემოს კარგად მიეჩვევიან. მაგრამ თუ მაღალი და ელეგანტური მცენარის გაზრდა გსურთ, ამის გაკეთება არაა საჭირო.
მავნებლები: ყველაზე ხშირად მას აწუხებენ ბუგრები, მაისის ხოჭო, ლოკოკინა და ლოქორა. თავფეხიანებს იჭერენ ლუდის საშუალებით - ამ სასმელს ასხამენ დაბალ ჭურჭელში და აქა-იქ დებენ ეზოში. ლოკოკინები გროვდებიან ამ ჭურჭელში და მერე ხელით იჭერენ. ასე ხელით იჭერენ ხოჭოებსაც, ბუგრის საწინააღმდეგოდ კვირისტავას ასხურებენ საპნიან წყალს, ძლიერი დაზიანებისას კი აქტელიკს ან ფუფანონს.
დაავადებები: მცენარე შეიძლება დაავადდეს ნაცრისფერი ლპობით, ფუზარიოზით, ბაქტერიული ლაქოვნებით, ყველაზე ხშირად - ნაცარა სოკოთი. თუ ერთი ფოთოლიც კი დაზიანდება ბაქტერიული ლაქოვნებით, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები- დაზიანებული ფოთლები უნდა მოაშოროთ, მაგრამ თუ მცენარე ძლიერ დაზიანებულია, სჯობს მთელი  მცენარის განადგურება. ეს დაავადება არ იკურნება. ნაცრისფერ ლპობას და ფუზარიოზს ებრძვიან ფუნგიციდებით. ნაცარა სოკოს შველის ტოპაზი, სკორი, ტოპსინი. ეს დაავადებები ვითარდება მცენარის არასწორი მოვლის დროს, ზედმეტი მორწყვის ან ხშირი ნათესის პირობებში. ამიტომ საჭიროა  ჯერ სწორი დიაგნოსტირება, შემდეგ პირობების გამოსწორება. ასე მომვალში პრობლემებს აიცილებთ თავიდან.
კვირისტავა ყვავილობის შემდეგ: მცენარის თესლი მწიფდება ყვავილობის დაწყებიდან 2 თვეში. პირველი ყვავილებიდან მომწფებულ თესლს საუკეთესო ხარისხი აქვს, ამიტომ ამ ეზემპლიარებს გვერდითა ტოტებს აშორებენ. როცა მომწიფებული კალათები გამუქდება, მათ ჭრიან, აშრობენ, აცლიან თესლს და ინახავენ მშრალად მუდმივ ტემერატურაზე, ამოსვლის უნარს ინარჩუნებენ 3- 4წელი.
მრავალწლიანები ზამთარში: თუ კვირისტავას ზრდიან არა ბაღში, არამედ ქოთანში ან კონტეინერში, შემოდგომაზე შეაქვთ სახლში და უვლიან, რგორც ოთახის მცენარეს.
სახეობები: 20 სახეობიდან კულტურაში რამდენიმეს ზრდიან - მოხდენილ კვირისტავას, ჰააგეს კვირისტავას, წვრილყვავილას და ლინეარისს, პირველი 2 სახეობიდან სელექციონერებმა უამრავი ახალი ჯიში და ჰიბრიდი გამოიყვანეს.
მოხდენილი კვირისტავა - 1მ მდე ბალახოვანი მცენარე თეთრი, ნარინჯისფერი ან ვარდისფერი ყვავილედებით. ღერო არ იტოტება, ბუსუსებიანია, სწორმდგომი,  ყველა ტოტის თავზე ყვავილია, 5-16 სმ დიამეტრით, მარტივი,ხუჭუჭა ან ნახევრად ხუჭუჭა, ცისფერის გარდა ყველა ფერისა. ყვავილობას იწყებს ივნისში და ყინვებამდე აგრძელებს ყვავილობას. არის ადრემოყვავილე, საშუალო პერიოდში მოყვავილე და გვიანმოყვავილე - ყვავილობის ვადების მიხედვით. სიმაღლის მიხედვთ - მაღალი  60-90სმ, საშუალო - 35-60სმ და ჯუჯა - 15-30სმ, რომელსაც ზრდიან კლუმბებზეც და აივანზეც. კალათის ფორმის მიხედვით კი - გეორგინისებური, ლილიპუტი, ფენტეზი და სხვა:
ჰააგეს კვირისტავა - მექსიკიდანაა, ერთწლიანი სწორმდგომი, დატოტვილი ბუჩქი, წვრილი ყვავილედებით, მარტივი, ხუჭუჭა, კაშკაშა ნარინჯისფერი. აქაც რამდენიმე ცნობილი ჯიში არსებობს, - „კლასიკი“, „გლორიენშტეინი“, „სტარბრაიტი“, „სომბრერო“,
წვრილყვავილა -  60სმ სიმაღლის წვრილღეროიანი მცენარე. ყვავილედი -  დიამეტრით 3 სმ, მეწამული ფერის.
ლინეარისი - ჰგავს ჰააგეს, მასავით წვრილი და წაგრძელებული ფოთლები აქვს. ყველაზე პატარა სახეობაა- კარგად დატოტვილი, თითქმის სფერული ბუჩქი - სულ 35 სმ სიმაღლის. ჯიშებიდან პოპულარულია - „გოლდენ აი“ „კარამელი“, „იელოუ სთარ“.
პირველი ორი სახეობის შეჯვარებით მიღებული ჰიბრიდებიდან კი ცნობილია სერიები -„პროფიუჟნ“ – 35 სმ მდე ბუჩქები გვირილისებრი ყვავილებით, „მაგელანი“ - გეორგინისებრი ხუჭუჭა სხვადასხვა ფერის ყვავილებით „სუიზლ“ - ბლისფერი ყვავილედებით კრემისფერი ბოლოებით ან წითელი მკვეთრად ყვითელი ბოლოებით. 

ყვავილების მოვლა https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/
22 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно