მედნილა
მელასტომასებრთა ოჯახის მცენარეა.მისი სამშობლოა აფრიკა,კუნძული მადაგასკარი,მალაის არქიპელაგის კუნძულები.
გამოზრდის პირობებისადმი მომთხოვნი მედინილა ფართოდ არაა გავრცელებული მეყვავილეებს შორის,მაგრამ დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგზოტიკური მცენარეების მოყვარულებში.ბუნებაში მისი 400-მდე სახეობაა ცნობილი,რომლებიც წარმოდგენილია ბუჩქების და ლიანების სახით.კულტურაში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა,ესაა - მედინილა დიდებული Medinilla magnifica - მოზრდილი, 2 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქი,გახევებულ ტოტებს კუთხოვანი ფორმა აქვს,ფოთლები მოზრდილია,განლაგებულია საპირისპიროდ,სიგრძით 30 სანტიმეტრამდეა,ოვალური ფორმის.ფოთლის ზედაპირი პრიალაა,ზემოდან მუქი მწვანე,შედარებით ღია ფერის ძარღვებით,ნაპირებში ოდნავ დატალღული.ფოთლის ქვედა მხარე უფრო ღია ფერისაა.ყვავილი ვარდისფერია,შეკრულია მრავალყვავილიან ფუნჯისებურ ყვავილედად.ყვავილედი დაკიდულია,შესაძლოა სიგრძით ნახევარ მეტრს მიაღწიოს,აქვს მოზრდილი, ვარდისფერი თანაყვავილედები.
მოვლა. მედინილა შესანიშნავად ხარობს ოთახის პირობებში, თუ მისცემთ მას ფართობს,სინათლეს,რეგულარულად გაუნიავებთ ოთახს და დამატებით განათებას ჩაურთავთ ზამთარში.გარდა ამისა,ეცადეთ კვირაში ერთხელ გაუწმინდოთ ფოთლები და მორწყვის შემდეგ ნიადაგი გაუფხვიეროთ.
ტემპერატურა: ზაფხულის ოპტიმალური ტამპერატურაა +23-28 გრადუსი - დღისით,+20-22 გრადუსი - ღამით.ზამთარში შედარებით გრილად უნდა იყოს,ოპტიმალურია +18 გრადუსი,მაგრამ არანაკლებ +15 გრადუსისა.მცენარე ვერ იტანს ორპირს და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს.
განათება: ზაფხულში საჭიროებს პირდაპირი მზის სხივებისაგან მოჩრდილვას შუადღის 12 საათიდან 17 საათამდე,თუ ქოთანი დგას სამხრეთის ან დასავლეთის ფანჯარაში.ზამთარში საჭიროებს კარგ განათებას.თუმცა ის საკმაოდ ჩრდილისამტანი მცენარეა.მაგრამ თუ ქოთანი ოთახის სიღრმეში დგას,ზამთარში საჭიროებს დამატებით განათებას.როდესაც მცენარე ისე გაიზრდება რომ ფანჯრის რაფაზე აღარ ეტევა,გადადგით ის ტუმბოზე ან პატარა მაგიდაზე დამატებითი სინათლის ქვეშ.
მორწყვა: ყვავილობის და ვეგეტაციის დროს ესაჭიროება უხვად მორწყვა,ამასთან ნიადაგის ზედაპირმა უნდა მოასწროს შეშრობა 1/3-ზე. შემოდგომაზე მორწყვას უმცირებენ,განსაკუთრებით მაშინ თუ ნესტიანი და ცივი ამინდებია.რწყავენ მხოლოდ მაშინ როდესაც ნიადაგი საგრძნობლად გაშრება.მოსარწყავად გამოიყენება მხოლოდ ნადგამი,რბილი,ოთახის ტემპერატურის ან უფრო თბილი წყალი.მოსვენების პერიოდში, +16-18 გრადუსზე მხოლოდ მაშინ რწყავენ როდესაც ნიადაგი კარგად გაშრება,დასაშვებია ფოთლების ოდნავი მოშვებაც.(2)
სასუქი: მარტიდან აგვისტომდე ყოველ ორ კვირაში ერთხელ კვებავენ მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქით.
ჰაერის ტენიანობა: მედინილას უყვარს ძალიან ტენიანი ჰაერი,საჭიროებს რეგულარულ შესხურებას.ოპტიმალური ტენიანობაა - 75%-80%.შეეცადეთ შესხურების დროს ყვავილებს წყალი არ მოხვდეს.ზამთარში,როდესაც ჩართულია გათბობა ან ზაფხულის ცხელ დღეებში რთულდება მაღალი ტენიანობის შენარჩუნება შესხურების საშუალებით,საუკეთესო გამოსავალია ოთახში ჰაერის დამატენიანებლის ჩართვა.
გადარგვა: გაზაფხულზე - მარტში,ან აუცილებლობის შემთხვევაში (მედინილა სწრაფად იზრდება) ზაფხულში,შესაძლებალია გადასვათ უფრო დიდ ქოთანში.ნიადაგი - ესაჭიროება ეპიფიტური მცენარეებისათვის განკუთვნილი მზა ნარევი.ან შემდეგი სუბსტრატი: 3 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა,1 წილი ტორფი და 1 წილი ქვიშა,ასევე შესაძლოა დაემატოს დაჭრილი სფაგნუმი და ფიჭვის ქერქი.კარგი დრენაჟი აუცილებელია.მთავარია ნიადაგი იყოს ფხვიერი,ისეთი სტრუქტურის,რომ უხვი მორწყვის შემდეგ +24-26 გრადუსის პირობებში ორ დღეში სრულად შრებოდეს.თუ ნიადაგს გასაშრობად მეტი დრო ესაჭიროება - 4-5 დღე,ან მეტიც,დიდი ალბათობაა რომ ნიადაგი დამჟავდება,დაირღვევა ფესვებში ჰაერის ცირკულაცია და ფესვები დალპება.გახსოვდეთ, რომ ხშირი მორწყვა არ აკომპენსირებს არასაკმარის ჰაერის ტენიანობას.
გამრავლება: გაზაფხულზე,გადარგვის დროს ჭრიან კალმებს,რომლებსაც აფესვიანებენ ფოტოჰორმონების საშუალებით,ნიადაგის გათბობით +30 გრადუსამდე.
იცოდეთ: გადარგვის დროს, წლის განმავობაში გაზრდილი მედინილა შესაძლოა გაისხლას. იჭრება ახალგაზრდა ტოტები,ფოთლის ზემოთ,გახევაბულ ადგილებამდე.მოჭრილი ღეროები შესაძლებელია გამოიყენოთ დასაკალმებლად,ოთახის მინი სათბურში.
ისეთი ნაზი ტროპიკული მცენარის,როგორც მედინილაა,მთავარი მოთხოვნაა - ჰაერის მაღალი ტენიანობა(მინიმუმ 75%),მუდმივი სითბო (არანაკლებ +15 გრადუსი) და მკვეთრი,გაფანტული სინათლე.მედინილას ასევე არ უყვარს ერთი ადგილიდან მეორეზე გადადგმა,განსაკუთრებით ყვავილობისას,ასევე უბრალოდ შემოტრიალებაც კი.
ხშირად,შეძენიდან ორიოდე კვირაში მედინილა თითქოს ‘’მოიკეცება’’ ხოლმე - პირობების ხშირი ცვლის გამო.რომ შეინარჩუნოთ მცენარის გარეგნული იერი,შეეცადეთ შეიძინოთ მაღაზიაში 2-3 კვირის წინ შემოტანილი,პირობებთან შეგუებული მცენარე,რომელიც შელახული არ იქნება.სახლში მიტანისას მედინილას მაშინვე მიუჩინეთ მუდმივი ადგილი ფანჯრის რაფაზე ან მასთან ახლოს.დადგით ქოთანი ფართო სადგამზე რომელზეც სველი კერამზიტი ან ხავსი იქნება გაფენილი.თუ ქოთანი ძალიან პატარაა შეგიძლიათ მცენარე უფრო დიდ ქოთანში გადასვათ,ისე რომ არ დაიშალოს მიწის გუნდა,ცარიელი ადგილები შეავსეთ ახალი სუბსტრატით,მაგრამ არ დატკეპნოთ.თუ მიწა დაჯდება მოგვიანებით დაამატეთ.აკურატულად მორწყეთ მცენარე,ნიადაგის ზედა ფენის შეშრობის შემდეგ(თითის ჩაყოფისას სისველე არ უნდა იგრძნობოდეს).
ყველაზე საუკეთესო ადგილი მედინილასთვის რა თქმა უნდა ორანჟერეაა.ოთახის პირობებში ოპტიმალური გარემოს შესაქმნელად შესაძლოა დააყენოთ დამატებითი ჩარჩო და დაიცვათ მცენარე ოთახის მშრალი და ცხელი ჰაერისაგან,რომელიც გამათბობლების მიერ ვრცელდება.თუმცა გასათვალისწინებელია მედინილას ზომები და აუცილებელია ყოველწლიური გასხვლა.https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის