ვეიგელა: დარგვა,გამრავლება და მოვლა
ვეიგელა (Weigela) - ფოთოლმცვენი ბუჩქი ცხრატყავასებრთა ოჯახიდან,რომელსაც შეუძლია ეფექტურად დაამშვენოს თქვენი ბაღი. წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და ზაფხულის მიწურულს, ვეიგელა გაგახარებთ ვარდისფერი,წითელი,კრემისფერი,ყვითელი და თეთრი ზანზალაკებით.აღსანიშნავია,რომ ყვავილობისას ყვავილედების შეფერილობა არაეთგვაროვანია: ახლად გაშლილი ყვავილები უფრო ფერმკრთალია,მაგრამ თანდათან ისინი ძალას იკრებენ და უფრო მკვეთრი ფერი ეძლევათ.
ვეიგელა -‘’წითელი პრინცი’’
ვეიგელას დარგვა. დარგვისათვის საუკეთესი დროა - მარტი და აპრილი.შემოდგომით დარგული ნერგები ვერ არსწრებენ ფესვების განვითარებას და იღუპებიან,ამიტომ თუ თქვენ შეიძინეთ ვეიგელა შემოდგომით,ნუ იჩქარებთ - მოითმინეთ გაზაფხულამდე.ჩაფალით მცენარე დახრილ მდგომარეობაში,მიაყარეთ ვარჯს მიწა.ყიდვისას დაინტერესდით მცენარის ასაკით - 3-5 წლის ეგზემპლარები უკეთ ეგუებიან ახალ პირობებს და გადარგვას.დასარგავად გულდასმით შეარჩიეთ ადგილი.ვეიგელას უყვარს სინათლე,სითბო და უხვი მზე - ეს აუცილებელი პირობაა მისი სრულფასოვანი განვითარებისათვის.მას ადვილად უზიანდება ფოთლები და ყვავილები ქარისაგან - დასარგავი ადგილი საიმედოდ უნდა იყოს დაცული ჩრდილოეთის ქარებისაგან.
ეს მცენარე უპირატესობას ანიჭებს ფხვიერ,ნოყიერ ნიადაგს,ვერ იტანს დატკეპნილ და ზედმეტად სველ გრუნტს.ნიადაგი რეგულარულად უნდა გაუფხვიეროთ,ყოველი მორწყვის შემდეგ.თუ ამის საშუალება არ გეძლევათ,მაშინ დაფარეთ მის ქვეშ ნიადაგი ტორფით ან ნახერხით.
დასარგავ ორმოში,რომლის სიღმე 50 სმ-მდე უნდა იყოს,ჩაყარეთ ხრეში და ქვიშა(15 სმ. სისქეზე),ბუჩქები ერთმანეთისაგან 3 მეტრის დაშორებით უნდა დაირგას.ნიადაგი უნდა შედგებოდეს ქვიშისგან,კორდის მიწისგან და ნეშომპალისგან,შეფარდებით - 2:2:1.
ვეიგელას გამრავლება. ვეიგელას გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდია - დაკალმება.გახევებული ტოტების დაკალმება ნაკლებად ეფექტურია,რეზულტატის ლოდინიც საკმაო დროს მოითხოვს - 5 წელი.ამიტომ უფრო ხშირად იყენებენ ნედლ,მწვანე კალმებს.დაკალმება უმჯობესია კვირტების ჩამოყალიბებამდე,აპრილ-მაისში.კალმის სიგრძე 10-12 სანტიმეტრი უნდა იყოს.გადაჭერით სწორად,კალამზე მხოლოდ ორი ფოთოლი დატოვეთ.
ზრდის სტიმულატორით - ჰეტეროაუქსინით დამუშავების შემდეგ (150 მგ./1 ლ. წყალში) კალმებს დებენ სიბნელეში +20 გრადუს ტემპერეტურაზე 12 საათის განმავლობაში.ამის შემდეგ კი რგავენ ტორფისა და ქვიშის ნარევში დასაფესვიანებლად.ზემოდან აყრიან ქვიშას და აფარებენ პოლიეთილენს.ჩარგვის სიღრმეა - 0.5 სმ.კალმები უნდა მოირწყას დღეში ორჯერ.ფესვები გამოჩნდება 25-40 დღის შემდეგ.მუდმივ ადგილზე გადარგვა რეკომენდებულია 1.5 წლის შემდეგ.
ვეიგელას გამრავლება თესლითათ შესაძლებელია.სათეს მასალას წინასწარი მომზადება არ სჭირდება.დათესეთ ქვიშიანი და ნიყიერი მიწის ნარევით ავსებულ ყუთებში ზედაპირულად და მოაყარეთ ქვიშა,ზემოდან დააფარეთ მინა.ამოდის სამ კვირაში.
ვეიგელას მოვლა. ბუჩქები უკეთესი ზრდისათვის სისტემატიურად იკრიჭება,ეცლება დაზიანეული და გამხმარი ტოტები.სანიტარული სხვლის ოპტიმალური დრო - გაზაფხული ან ზაფხულის დასაწყისია.დაყვავილებული უბნები იჭრება გადაჭრის ადგილები კი მუშავდება ბაღის მალამოთი.
ახალგაზრდა ვეიგელას ესაჭიროება თქვენი ზრუნვა:
ზამთარში შეფუთეთ ბუჩქები შესაფუთი მასალით
ღეროს გარშემო მდებარე ზონა დაფარეთ ნაძვის ტოტებით ან ხმელი ფოთლებით.ეს მარტივი ღონისძიებები მცენარეს ზამთრის გადატანაში დაეხმარება.
თუ ზამთრის შემდეგ მცენარე მაინც მოყინულია,მდგომარეობას გამოასწორებს უხვი მორწყვა (10 ლიტრი ერთ ბუჩქს).ასეთივე მორწყვა საჭირო ხდება ცხელ ამინდშიც.
ზრდასრული ბუჩქები შედარებით ნაკლებ ყურადღებას მოითხოვს:
გაზაფხულზე,უხვი თოვლის შემდეგ,ჩამოფერთხეთ ტოტებიდან თოვლი.მძიმე თოვლისაგან ბუჩქს დაიცავს წვრილი ლარტყებისაგან შეკრული კარკასი,რომელიც შემოდგომით იდგმება.
ნაკლებთოვლიან ზამთარში ვეიგელას ფუთავენ ლუტრასილით (შესაფუთი მატერია).
კვება მიეწოდება წელიწადში ორჯერ.პირველად - ადრე გაზაფხულზე,მეორედ - კვირტების ჩამოყალიბების პროცესში,ივნისში.სასუქად იყენებენ კალიუმის სულფატს,შარდოვანას,სუპერფოსფატს.
ფოთლების ბაქტერიული დაზიანების პირველივე ნიშნებისას (გაყვითლება,იისფერი კერები,უდროო ცვენა,თეთრი ნაფიფქი ფოთლის ზედაპირზე) გამოიყენება კირიანი წყლისა და შაბიამანის ნარევი (ბორდოს სითხე).სიდამპლისსაგან და ჟანგისგან ვეიგელას გაათავისუფლებს ტოპსინი (ზრდის პერიოდში 1%-იანი,კვირტების გაშლემდე 3%-იანი).მავნებლების საწინააღმდეგოდ სასარგებლოა ცხარე წიწაკის,ნივრის ან აბზინდას ნაყენი.
ვეიგელას სახეობები
ადრეული ვეიგელა (W.Praecox) ხშირფოთლიანი ბუჩქი ნაცრისფერი ქერქით,სიმაღლეში აღწევს 2 მეტრს.ყვავილები - დაშვებულია,ვარდისფერი.ყვავდება მაისში.ყვავილობის პერიოდი 15-25 დღე.კარგად გამოიყურებს გაკრეჭილი,ცოცხალი ღობის სახით.
მიდენდორფის ვეიგელა (W.Middendorffiana) ზემოთმიმართული ყლორტების მქონე 1.5 მეტრი სიმაღლის ბუჩქი.ყვავილები კრემისფერ-თეთრი ან მოყვითალოა ნარინჯისფერი გულით.ყვავის წელიწადში ორჯერ(შემოდგომით და გაზაფხულზე) 30 დღის განმავლობაში.ირგვება ჯგუფურად ან განცალკევებით,მოზრდილი ხეების წინ,გაზონებზე.
მოყვავილე ვეიგელა (W.Florida) ღია მწვანე ფოთლების მქონე ბუჩქი,რომელიც ფოთლებს ზამთარშიც ინარჩუნებს.იზრდება 3 მეტრამდე.მსხვილი,მილისებური ყვავილები შეკრულია ყვავილედებად,ნაპირებში ვარდისფერი,გულში კი თეთრი ფერისაა.ვეიგელას ეს სახეობა ყვავის მაის-ივნისში.
კორეული ვეიგელა (W.Coraeensis) სიმაღლეში 1.5 მეტრს არწევს,ზარისებური ყვავილები განლაგებულია ნახევარქოლგისებურ ყვავილედებზე,თავიდან თეთრია,შემდეგ ვარდისფერი,მოგვიანებით კი კარმინისფერი (შინდისფერი).ყვავილობას იწყებს მაისის დასაწყისში,ყვავის 10-15 დღე. (7)
უხვადმოყვავილე ვეიგელა (W.Floribunda) ერთ- ერთი ყველაზე სწრაფადმზარდი სახეობაა,სიმაღლით 3 მეტრს აღწევს,დაშვებული ყვავილები თავიდან წითელია,შემდეგ ფერი ინტენსივობას კარგავს და ღია ვარდისფერს იღებს.ყვავის მაისში
მცენარეები უმჯობესია ჯგუფებად დაირგას - 3-5 ეგზემპლარი,ისე რომ ერთმანეთს ეხამებოდეს ყვავილების შეფერილობით,ბუჩქის ზომით და ფორმით.ბუჩქებს შორის შეიძლება დარგათ გვიმრა,ასტილბა ან ჰოსტა.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის