პორტულაკი - დეკორატიული დანდური
პატარა ლამაზყვავილებიანი დეკორატიული მცენარეა, გავრცელებული ევრაზიის მთელ ტერიტორიაზე. ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო აღ. ნახევარსფეროს ტროპიკული რეგიონია. სახელი ლათინურია და „ჭიშკარს“ ნიშნავს. ასე ეწოდა მისი მომწიფებული სათესლე კოლოფის უჩვეულო გაღების გამო.
გაზრდა თესლიდან: დასათესად ვარგა თესლი, რომელიც შეინახეს ნახევარი - 3 წლის წინ. მას ზრდიან, როგორც ჩითილებით, ისე პირდაპირი დათესვით ღია გრუნტში, სადაც მუდმივად უნდა იყოს 20 გრ. დათესვის მერე. მცენარე ვერ იტანს სიცივეს. სახლში კი იგი აპრილში ითესება.
დათესვა სახლში - იგი ითესება არაღრმა განიერ ყუთში. სუბსტრატი უნდა იყოს წყალ- და ჰაერგამტარი, ფხვიერი და ნოყიერი, ზედმეტად ტორფიანი ნარევის გამოყენება არ ივარგებს, იქ მცენარე ცუდად გაიზრდება. ყუთში დრენაჟის კარგი ფენა უნდა იყოს, ზემოდან თანაბრად აყრიან სუბსტრატს, რწყავენ, თესავენ და ზემოდან კიდევ მიწის თხელ ფენასაც აყრიან. მერე ყუთს აფარებენ ცელოფანს ან მინას და დებენ 25 გრ ზე, პერიოდულად ანიავებენ, ნამავენ. დათესვიდან 3 -5 დღეში ამოდის. ნათესს პერიოდულად რწყავენ, მერე ხშირავენ ან ანაწილებენ ცალკე ჭურჭლებში. მუდმივი სითბოს დადგომის შემდეგ მას რგავენ ღია გრუნტში, ეს დაახლოებით მაისის ბოლო - ივნისის დასაწყისია.
დარგვა ღია გრუნტში: თუ მცენარეს თესავთ ღია გრუნტში, ჯერ კეთდება კვლები და პატარა ორმოები, მათში თესლს ყრიან და კვლებს ცელოფანს აფარებენ, პერიოდულად ანიავებენ და რწყავენ. 2-3 სმ ზე ამოსვლის შემდეგ გადააქვთ მუდმივ ადგილზე, ცელოფანს ხსნიან მას მერე, რაც ტემპერატურა მიაღწევს 24-26 გრ ს.
ადგილი, სადაც ირგვება პორტულაკი, უნდა იყოს მზიანი, უქარო, მიწა არ უნდა იყოს ზედმეტად მკვრივი, ასეთის შემთხვევაში მას ურევენ ქვიშას. ჩითილებს რგავენ ერთ ორმოში რამდენიმეს, მცენარეს მხოხავი ტოტები აქვს, მათ გარკვეული სივრცე სჭირდებათ გარშემო ზრდისთვის
მოვლა ბაღში: მცენარე უპრეტენზიოა, ცხელ ამინდში მას კვირაში ერთხელ რწყავენ ფესვთან ახლოს ან ზემოდან სარწყავით. კვება არ სჭირდება, მაგრამ თუ მიწა ღარიბია, მაშინ სჯობს მიაშველოთ ცოტა. მიწას არ აფხვიერებენ, რადგან მცენარის გრძელი ტოტები ნიადაგმფენია. მცენარე საკმაოდ გამძლეა მწერების და მავნებლების მიმართ, ასევე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისადმი. ასე, რომ იგი დიდხანს , მთელი ზაფხული გაგახარებთ ყვავილობით, რაც შემოდგომამდეც გრძელდება, ზოგჯერ პირველ ყინვებამდეც კი.
ყვავილობის შემდეგ: სითბოსმოყვარული მცენარეა, ყვავილობს მთელი ზაფხული, შემოდგომის დადგომის მერე კი, სიცივეში მისი მიწისზედა და მიწისქვედა ნაწილები კვდება. მომწიფებული სათესლე კოლოფებიდან იღებენ თესლს შემოდგომის დაწყებისთანავე, რომ მომდევნო წელს ისევ დათესონ. ასე პორტულაკი მომდევნო წელსაც გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით. ეს მცენარე სახლშიც კარგად ხარობს, მის რამდენიმე ტოტს რგავენ ქოთანში და დებენ სამხრეთ ფანჯარაზე, მცენარე დიდხანს იყვავლებს, მომდევნო გაზაფხულამდეც კი.
გამრავლება: საკმაოდ ადვილი გასამრავლებელია, მის ტოტებს ატეხენ ან ბუჩქს ყოფენ და ცალკე რგავენ, ასე ხდება ივნისის ბოლოს. მცენარე თვითჩათესვითაც ადვილად მრავლდება. მომდევნო წელს იმ კვლებში, სადაც წინა წელს ყვავილობდა პორტულაკი, ისევ ამოვა ახალი მცენარე
ლანდშაფტურ დიზაინში : პორტულაკს დეკორატიული მიზნით იყენებენ ალპური გორაკების, ბორდიურების, კლუმბების გასალამაზებლად, კარგად იზრდება კაშპოებშიც, ტერასებზე. უხდება პირველმოყვავილე მცენარეებსაც, რომლებსაც გვერდით ურგავენ.
მას მერე, რაც შროშანები,სუმბული, ტიტა მოიყვავილებს, მიდის პორტულაკის დრო, ასე, რომ კლუმბა არ დარჩება ყვავილების გარეშე.
დაავადებები და მავნებლები: მცენარე მაქსიმალურად მდგრადია მავნებლებისადმი. მაგრამ ზედმეტი მორწყვის გამო შეიძლება სოკოვანი დაავადება - ლპობა დაემართოს .ფოთლები იფარება მუქი ლაქებით, ზიანდება ღერები, ლპება მთელი მცენარე ფესვებიანად, არ იზრდება , არ ყვავის. ასეთ მცენარეს აშორებენ დაზიანებულ ნაწილებს, დარჩენილ საღ მცენარეს და მიწას ამუშავებენ ფუნგიციდებით. არც მავნებლებს უყვართ ეს მცენარე, თუმცა ზოგჯერ სტუმრობენ ტრიპსები და ბუგრები. ბუგრი შეუიარარებელი თვალით ჩანს. იგი იკვებება მცენარის წვენით, სწრაფად მრავლდება და თუ არაფერს მოიმოქმედებთ, მალე მთლი მცენარე ბუგრის კოლონიით აივსება. მცენარე უნდა დამუშავდეს ინსექტიციდით.
ტრიპსები ჩანს ვერცხლისფერი ზოლების და წინწკლების წყალობით, თავად მწერი ისე პატარაა, რომ მისი დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით.მათ ებრძვიან სისტემური ინსექტიციდით - ფიტოვერმით და კარბოფოსით.
სასარგებლო თვისებები: სამკურნალო თვისებები მხოლოდ ბოსტნის დანდურს აქვს. მის ღერებსა და ფოთლებში ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებებია. მიწისზედა ნაწილს იყენებენ მედიცინაში, კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში.
მცენარეს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ - უხდება გამონაყარს, მეჭეჭებს, წითელ ქარს. აქვს ღებინების საწინააღმდეგო, ჭიის საწინააღმდეგო ეფექტი, იყენებენ იმპოტენციის და გონორეის სამკურნალოდაც. მაგრამ მისი გამოყენება არ შეიძლება ნერვული დაძაბულობს დროს, ვინაიდან მის ფოთლებსა და ღეროში ნორადრენალინია, რაც კიდევ უფრო ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, მაღლა სწევს ორგანიზმის ტონუსს.
მცენარე არეგულირებს შაქრის რაოდენობას სისხლში, აქვეითებს ქოლესტერინს, აქვს ანთების საწინაათმდეგო და შარდმდენი თვისებები. იგი უხდება ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს. კოსმეტოლოგები კი იყენებენ კანის გასაწმენდად, მკვებავად, იგი შედის ბევრი ლოსიონის და ნიღბის შემადგენლობაში, კულინარიაში კი იყენებენ მის ქორფა ნაწილს, ამზადებენ ვიტამინებიან სალათებს, სხვადასხვა კერძს, მას სპეციფიკური გემო და სუნი აქვს, რის გამოც იყენებენ საკმაზად სუპების, ხორციანი კერძებისთვის. შესაძლებელია ზამთრისთვის შენახვაც.
სახეობები: გვარში გაერთიანებულია 90 მდე სახეობა. მათგან ყველაზე პოპულარულია:
ხუჭუჭა - ერთწლიანი მცენარეა, ნიადაგმფენი, აქვს ლამაზი ყვავილები. ყვავის მთელი ზაფხული, მზეზე იშლება დღისით, საღამოს და ღრუბლიან ამინდში კი იკეცება მისი ყვავილი, არის ასევე ჰიბრიდული ჯიშებიც, რომლებიც ღამეც გაშლილი რჩება.
ბოსტნის - ერთწლიანია, გამრავლების სიმარტივით ჰგავს სარეველას, თვითჩათესვა ახასიათებს და სწრაფად ითვისებს ტერიტორიას, ღერები ნიადაგმფენი და მხოხავია, მკვრივი, ყვავილი წვრილი და ყვითელი აქვს, სათესლე კოლოფი მომწიფებისას იხსნება და თესლი იპნევა მცენარის გარშემო. იგი დიდი ოდენობით შეიცავს კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ორგანულ მჟავებს, მაგნიუმს, კალცუმს, თუთიას, რკინას, სპილენძს, ნიკოტინმჟავას.
ამპელური - ჰიბრიდია, ხელოვნურად გამოყვანილი, აქვს ხვიარა ღერები, ყვავილი ან მარტივი, ან ხუჭუჭა, მრავალფეროვანი - თეთრი, ყვითელი, წითელი, იისფერი, ვარდისფერი, კარგია კაშპოსთვის.
მსხვილყვავილა - დეკორატიული ერთწლიანი მცენარეა ლამაზი ყვავილებით, იყენებენ კლუმბებისთვის, ყვავის ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. მისი ღერები მიწაზეა გართხმული. ყვავილი საკმაოდ დიდია - დიამეტრი - 7 სმ მდე. სხვადასხვა ფერისაა - თეთრი, ყვითელი, ბორდო, ვარდისფერი,იისფერი,საღამოს იკეცება,მრავლდება თვითჩათესვით.
მეყვავილეებში პოპულარობით სარგებლობს ასევე - თავადური - გოფრირებული ფურცლებიანი ყვავილებით - რომლებსაც სხვადასხვა ფერი აქვს -თეთრი, წითელი ან ნარინჯისფერი; თეთრყვავილა - მხოლოდ სუფთა თეთრი ყვავილებით, ჰაეროვანი ზეფირი - მოკლე, 10 სმ მდე ღერებით და ხუჭუჭა დიდი თეთრი ყვავილებით, სამეფო - დიდი, არახუჭუჭა სხვადასხვა ფერის ყვავილებით. ჩვენი ჯგუფი facebook _ ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები