იის დაავადებები და მკურნალობა
სახლში მცენარეების ბევრ მოყვარულს აქვს იები, თუმცა მათაც სხვა მცენარეების მსგავსად უჩნდება დაავადებები, ზიანდება მწერებით, არასწორი მოვლის გამო, იებს მძიმედ გადააქვთ სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაზიანება. მცენარე რომ არ დაკარგოთ, უნდა შეგეძლოთ მისი დაავადების დროული ამოცნობა. ეს დაგეხმარებათ მის დროულ მკურნალობაში და მისთვის სილამაზის და ჯანმრთელობის სწრაფად დაბრუნებაში.
რატომ არ ყვავილობს ია ოთახის პირობებში? - მიზეზი რამდენიმეა: არასწორი მოვლა, მავნებლები ნიადაგში ან მცენარეზე, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დაავადებები
პირველი მიზეზი ყველაზე ხშირია, მცენარეზე ჩანს ცუდი განათების, სასუქის და წყლის დასხმის არასწორი რეჟიმით მიყენებული დაზიანებები.
განათების ნაკლებობისას ახალი ფოთლები წვრილი და უფერულია, ყუნწები გრძელდება, ფოთლის კიდეები ზემოთ ეპრიხება, მაგრამ მცენარე ადვილად მოდის ნორმაში, თუ მას განათებულ ადგილზე გადადებთ, სადაც არაა ორპირი.
ია არ იყვავილებს, თუ მისი ნიადაგი დამარილებულია ან მჟავიანობაა მაღალი. მცენარე ზრდას აჩერებს, საყვავილე ღერები არ წარმოიქმნება, ფოთლები ეხვევა. ასეთი სიმპტომები აღენიშნება აზოტის ნაკლებობის ან ზედმეტი მორწყვისას. ია უცებ რეაგირებს არა მარტო წყლის რაოდენობაზე ნიადაგში, არამედ მის ტემპერატურაზეც. იის ფოთლებზე ღია ფერის ლაქები მიუთითებს არასწორად მორწყვაზე - წყალი ან ზედმეტად ცივია, ან მზეზე ყოფნისას წყლის წვეთებიანი ადგილი დაეწვა, ამიტომ გამოცდილი მეყვავილეების რჩევით, სჯობს თბილი წყლით მორწყოთ, და ისიც საღამოობით, რომ დამწვრობაც აიცილოთ თავიდან.
ფოთლის და ფესვების ლპობა: ყველაზე ხშირად ასე ხდება იის გაყოფისას, როზეტის ზედა, წვერის ნაწილის გადარგვის ან შვილეული ნაზარდის გაცალკევებისას, მიზეზი ან მწერებია, ან ჭარბი მორწყვა დიდი ხნით მშრალი პერიოდის შემდეგ.
დაზიანებულ ადგილზე ლპობის ბაქტერიები სწრაფად სახლდებიან, მერე კი ფესვები და ღერო უცებ ზიანდება. ამ დაავადების სიმპტომებია-ფოთლის ტურგორის დაქვეითება, როზეტის ფეროს შეცვლა, ფოთლის და ყუნწის მოწყენა. მკურნალობა ასეთ იას სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს და ეს კარდინალური უნდა იყოს. დაზიანებულ ნაწილებს აშორებენ და ჯანსაღ ფოთოლს აფესვიანებენ, რის მერეც ახალი როზეტიც საღი იქნება.
მურა ლპობა - ემართება ახალგაზრდა როზეტებს, დასაფესვიანებელ ფოთლებს და შვილეულ ნაზარდს. ფოთოლი ძირში ყავისფერდება, რბილდება და წვრილდება. მიწაზე ჩნდება სოკოს თეთრი ძაფები. თუ სასწრაფო ზომებს არ მიიღებთ, დაზიანება სწრაფად გადადის სხვა მცენარეებზეც. პროფილაქტიკისთვის მცენარეს ამუშავებენ კონტაქტური ფუნგიციდებით, მერე კი ნიადაგს ასხურებენ ფიტოსპორინს ან მსგავს ქიმიურ ნივთიერებებს.
ფოთლის ჭკნობა და გაფერმკრთალება ფესვის ლპობის დროსაც შეინიშნება, მიწიდან ამოღებულ მცენარეს რბილი, ყავისფერი ფესვები აქვს, სადაც სოკოს სპორები მრავლდება. ისინი სწრაფად მრავლდება ტენიან ნიადაგზე. მიწის დაბალი მჟავეობა კი ხელს უწყობს ინფექციის სწრაფ გავრცელებას. ბრძოლის ეფექტური მეთოდი მორწყვის სიხშრის შემცირებაა, მცენარე იშვიათად ირწყვება, მაგრამ უხვად. პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით იას ამუშავებენ ფიტოსპორინით.
ნაცრისფერი ლპობა -ასევე იწვევს იის მწვანე მასის დარბილებას, დასუსტებას, დაზიანებულ ადგილებზე კარგად ჩანს ნაცრისფერი ფუმფულა ნადები. საჭიროა დაზიანებული და გამხმარი ფოთლების მოცილება, რომ ისინი მიწას არ დაეცეს, წლის ცივ სეზონზე გასათვალისწინებელია რომ : ჰაერი არ იყოს ზედმეტად ნესტიანი, უარი უნდა თქვათ როზეტების დანამვაზე, ია უნდა მორწყათ სწორად, რომ წყალი არ ჩარჩეს დიდი ოდენობით დიდხანს ქოთანში ან არ წარმოიქმნას კონდენსატი. ქიმიური ნივთიერებებიდან იის სამკურნალოდ ასეთი დაავადებების დროს ირჩევენ სკორს ან ფუნდაზოლს.
ნაცარა სოკო იაზე: სოკოთი გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. გარეგნულად იაზე თითქოს ფქვილია მოყრილი, დაზიანება ხდება სოკოს სპორებით, რომლებიც მიწაშია.
განსაკუთრებით ადვილად ზიანდება ახალგადარგული, ახალმოყვავილებული, ახალგაზრდა ან ბებერი იები. პროფილაქტიკისთვის იას იცავენ ტემპერატურული ცვლილებებისგან, სწორად კვებავენ და რწყავენ მცენარეს, დაზიანებულ იას კი ამუშავებენ ფუნგიციდით.
ფუზარიოზი: იის საშიში დაავადება ჯერ აზიანებს ფესვებს, ისინი რბილდება, ლპება, მერე ინფექცია ზედა ნაწილებისკენ მიდის და ვრცელდება ღერზე, ყუნწებსა და ქვედა ფოთლებზე.
ამ სტადიაზე იას ქვედა ფოთლები უჭკნება, ღერო წყალწყალა ხდება, მერე კი ხმება. ახალგადარგული მცენარე სწრაფად ფუჭდება, ასევე - საკვების ნაკლებობისას ნიადაგში ან 16გრ ზე დაბალ ტემპერატურაზე. ბრძოლის მეთოდი გულისხმობს დაავადებული იის მოშორებას რაფიდან, სადაც სხვა იებიც დევს. დაზიანებული მცენარის განადგურება სჯობს მიწიანად. ქოთნის გაუვნებლება კი ხდება შაბიამნით ან სხვა ფუნგიციდით. პროფილაქტიკითვის არეგულირებენ მორწყვის რეჟიმს, რწყავენ ფიტოსპორინით, ასე იქცევიან ყოველთვიურად.
ფიტოფტოროზი იის როზეტებზე: მცენარეზე ეს დაავადება ჩნდება მურა მშრალი ლაქების სახით, მერე ეს ლაქები ფართოვდება, დაზიანებული ადგილები ნეკროზდება, როზეტი ჭკნება, ფოთლის ტურგორის აღდგენა მორწყვის მერეც არ ხდება.
თუ როზეტის წვერი საღია, მას აჭრიან და თავიდან აფესვიანებენ, ოღონდ წინასწარ ამუშავებენ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით, საღ გადანაჭერს ღია მწვანე შეფერილობა აქვს. ასევე დასაფესვიანებლად შეიძლება საღი ფოთლის გამოყენებაც. დარჩენილ ნაწილს კი ანადგურებენ, დანარჩენ იებს პროფილაქტიკურ დამუშავებას უტარებენ ფუნგიციდებით.
იის ფოთლების ბრინჯაოსფეროვანი და ლაქოვანი დაავადებები: მცენარეს ვირუსული დაავადებები ფერს უცვლის, ისინი წარმოადგენენ მიზეზს, რატომაც არ ყვავილობენ იები, მერე კი საერთოდ წყვეტენ ზრდას, ბრინჯაოსფეროვანი ვირუსი იწვევს მახინჯი ფოთლების ზრდას, რომელთა ფერიც შეცვლილია. მცენარე სიცოცხლისუნარიანობას ჰკარგავს და იგი უნდა განადგურდეს. მის ვირუსს კი ტრიპსები ავრცელებენ.
მავნებლები იებზე: ისინი დიდ ზიანს აყენებენ მცენარეს, აზიანებენ ფესვებს, მწვანე მასას, ასევე წარმოადგენენ იის გავრცელებული დაავადებების გამომწვევების გადამტანსაც.
ტკიპა - ყველაზე სერიოზული მავნებელია ოთახის მცენარეებისთვის. იებზე ხშირად გვხვდება ყოჩივარდას ტკიპა, პრაქტიკულად შეუმჩნეველი საწყის ეტაპზე, ახალი ფოთლების ამოტანისას ჩნდებიან, მთელ როზეტს ედებიან, ია ზრდას წყვეტს, აღარ ყვავილობს, ფოთლები უწვრილდება და ეხვევა როზეტის ცენტრში. დაავადებას ებრძვიან ფიტოვერმით და სხვა ინსექტიციდებით, დაავადებული იის იზოლირების შემდეგ.
ნემატოდა - ასევე გავრცელებული მტერია იისთვის, მიწიდან ეს ჭია აღწევს ფესვებში, კაპილარებში, რომელთა დახმარებითაც წვენი მოძრაობს მცენარეში როზეტებისკენ და ამ წვენით იკვებება. მცენარეს კი შხამავს. შედეგად ია სუსტდება, არ იზრდება და არ ყვავილობს, მწვანე ნაწილზე სქელი წანაზარდები ჩნდება, ფოთლები წვრილდება და ფორმას იცვლის, თუმცა ახალი ნაზარდი უამრავი აქვს. ფესვებზე კვანძები და ბუშტუკები ჩნდება, სადაც ჭიის ცისტები ვითარდებიან. ასეთ იას უნდა დაემშვიდობოთ. თუმცა, თუ იგი იშვიათი ჯიშია, შესაძლებელია მისი თავიდან დაფესვიანება, მხოლოდ ამისთვის საღი ფოთლები უნდა გამოიყენოთ. ძველი მიწაც უნდა გადაყაროთ, ქოთანი, სადგამი ან კაშპო კი დეზინფექციის შემდეგ გამოიყენოთ.
ბუგრები - ადვილად ჩანს ფოთოლზე წებოვანი გამონაყოფის გამო, ფოთლის ქვედა მხარეს კი თავად მწერსაც ადვილად დაინახავთ, მისი მოშორება ადვილია საპნიანი წყლით, ფიტოვერმით, თამბაქოს მტვრით.
ტრიპსები - ადვილად გადაადგლდებიან მცენარიდან მცენარეზე და დიდ საშიშროებას ქმნიან იებისთვის, მწერი იკვებება მცენარის წვენით, სწრაფად მრავლდება და სხვადასხვა დაავადების გამომწვევის გამტანია. მისი განადგურება ხდება აქტარას გამოყენებით. მცენარის დამუშავებისას მიწასაც ასხურებენ წამალს, საყვავილე ღერებს კი აშორებენ, რომ მწერს საკვები - ყვავილის მტვერი არ ჰქონდეს. ![]()
ცრუფარიანა - ჩანს თეთრი ნაფიფქის სახით ფოთლებზე, ღერზე, ყუნწზე, მიწაშიც თეთრი კოშტებია - ეს მწერების ერთობლიობაა, რომლებიც მცენარის წვენით იკვებება და დაზიანებულ მცენარეს ფოთლები უყვითლდება, უჭკნება. თუ სწრაფ ზომებს არ მოიღებთ, მცენარეც მოკვდება და სხვა მეზობელი იებიც დაზარალდება. მკურნალობა ტარდება რეგენტით ან მოსპილანით, მომჭკნარ ნაწილებს აცლიან და ანადგურებენ.
სციარიდები - სახლის მცენარეების მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი მწერებია, პატარა შავი ქინქლები ქოთნის ირგვლივ დაფრინავენ, თავად მცენარის წვენით იკვებებიან, მათი მატლები კი დიდ ზიანს აყენებენ მიწისქვედა ნაწილებს. მწერს ებრძვიან სისტემური ინსექტიციდებით. პროფილაქტიკა კი გულისხმობს მის სწორად მორწყვას, რადგან მიწაში ზედმეტი წყალი ხელს უწყობს მწერის გამრავლებას და გააქტიურებას.
პროფილაქტიკა: იების დაცვა სხვადასხვა დაავადებებისა და მავნე მწერებისგან შესაძლებელია მოვლის მარტივი წესების დაცვით . გამოცდილი მეყვავილეების აზრით, ყველაზე საშიში სახლის კოლექციისთვის ახალნაყიდი მცენარეებია, ისინი 3-4 კვირა ცალკე უნდა დადოთ, იზოლირებულად და მხოლოდ ამ პერიოდის მერე შეუერთოთ დანარჩენებს. თუ მოყვავილე ია შეიძინეთ., სჯობს საყვავილე ღერები შეაცალოთ. ასე ტრიპსებით დაზიანების რისკი კლებულობს. დარგვამდე საჭიროა მიწის და ქოთნის დეზინფიცირება, პირველივე დღიდან იებს უქმნიან სასურველ პირობებს - განათების, კვების და მორწყვის სწორ რეჟიმს, არ უნდა დაივიწყოთ სასუქის მიცემა, განსაკუთრებით ყვავილობის მერე, როცა მცენარე გამოფიტულია.
თარგმანი თ. სუპატაშვილის