სტეფანოტისის მოვლა სახლის პირობებში
სტეფანოტისი, იგივე მადაგასკარის ჟასმინი, მიეკუთვნება ბამბაცასებრთა ოჯახს, მოიცავს 10 მდე სახეობას, სახლის პირობებში ზრდიან სტეფანოტის ფლორიბუნდას ანუ უხვადმოყვავილეს.
სამშობლო - იგი გავრცელებულია იაპონიაში, ჩინეთში, მადაგასკარზე და მალაის არქიპელაგზე.
გარეგნობა - ყველაზე დეკორატიულია ყვავილობის დროს. ყვავილს 5 ფურცელი აქვს, ფორმით ვარსკვლავს ჰგავს და სასიამოვნო სურნელი აქვს. ყვავილის ფერი სხვადასხვაა - თეთრი, ყვითელი, ლილისფერი. სახლში აქვთ მტევნად შეკრული თეთრყვავილიანი მცენარე. ფოთლებიც ლამაზია, ოვალური, ტყავისებრი, მუქი-მწვანე, ცენტრში ღია ფერის ძარღვით. სიგრძე 12 სმ ია, ღერზე მოპირდაპირე განლაგებით. ნაყოფი იშვიათად აქვს. ყვავილობის მერე ორგანყოფილებიანი კოლოფია თესლით. მომწიფებისას , რაც ერთ წელს გრძელდება, კოლოფი იხსნება და თესლი პატარა ქოლგა-პარაშუტებივით მიფრინავს. მცენარის წვენი შხამიანია. ლორწოვან გარსზე მოხვედრისას იწვევს გაღიზიანებას, ამიტომ მასთან მუშაობისას საჭიროა ხელთათმანები და სჯობს, მცენარე არ იქონიოთ, თუ სახლში ბავშვები ან ცხოველები არიან.
მოვლა -თუ მისი ხანგრძლივ და უხვად მოყვავილედ ნახვა გსურთ, გარკვეული პირობების შექმნაა საჭირო, მერე კი სათანადო მოვლა.
მორწყვა - წყალი უნდა იყოს რბილი, ნადგამი, ზამთარში იზღუდება მორწყვის რაოდენობა.
განათება - მცენარე სინათლისმოყვარულია. კარგად გრძნობს თავს სამხრ. მხარეს, მზის სხივებქვეშ. ზაფხულში, მაღალ ტემპერატურაზე სჯობს მისი გადადგმა აღ. ან დას. მხარეს, რომ მზემ ფოთლები არ დაწვას. ჩრ,.მხარეს თუ დევს ქოთანი, სჭირდება დამატებითი განათებაც. თუ მოკლეა სინათლის დღე, ზამთარში 12 სთ ზე ნაკლები, კოკრებს არ იკეთებს. მცენარეს სჭირდება დაცვა ორპირისა და ტემპერატურული ცვალებადობისგან. ზამთარში სჯობს დადგათ იმ ფანჯრის გასწვრივ, რომელიც არ იღება ან აივნის კარიდან მოშორებით. კოკრების განვითარებისას მცენარეს სჭირდება მოსვენების პერიოდი, არ შეიძლება გადადგმა, შეტრიალება, რომ კოკრები არ დასცვივდეს. თუ ახალმოტანილი მცენარე არ ყვავის, ეს გარემოს შეცვლის შედეგია.
ტემპერატურა - სხვადასხვა სეზონზე განსხვავებული ტემპერატურა სჭირდება. ზაფხულში ოპტიმალურია 18-24გრ, ზამთარში 14-16გრ.
ტენიანობა - მოსწონს ტენიანი ჰაერი. ასე უახლოვდება ბუნებრივი გარემოს პირობებს. ზაფხულში სჭირდება დანამვა, ზამთარში კი დებენ გამათბობლიდან შორს. შეიძლება ქოთნის დადება სველ კერამზიტიან სადგამზეც.
კვება - ხშირი კვება არ სჭირდება, იშვიათად აძლევენ კალიუმშემცველ სასუქს. თუ აზოტიან სასუქს მისცემთ, ყვავილობას შეწყვეტს, და მწვანე მასის გავითარებას დაიწყებს მხოლოდ. ამავდროულად გაუჭირდება გამოზამთრება, რადგან უჭირს ზრდის შენელება სასუქის გამო. ამიტომ საჭირო ხდება ტოტების შეჭრა. ყვავილობის სტიმულირება შესაძლებელია მინერალური სასუქით, კალიუმის მარილით და სუპერფოსფატით. ეს სჭირდება ყვავილობის დაწყებამდე - მაისში.
მიწის შემადგენლობა - ლიანას ესაჭიროება მიწა ფოთლოვანი, ნეშომპალის, კორდის მიწის და ქვიშის ნარევით, მჟავეობით 5,5 – 6,5 ph.
გადარგვა - გადარგვისთვის კარგი პერიოდია ადრე გაზაფხული კოკრების გამოტანამდე. წინა წელთან შედარებით მეტი მოცულობის ქოთანში ყოველწლიურად გადააქვთ მცენარე თავისი მიწით. მოზრდილი მცენარე ირგვება 2-3 წელიწადში ერთხელ. იგი კარგად იზრდება თიხის დიდ, მძიმე ქოთანში, რომ მერე მოზრდილმა ლიანამ არ გადააყირაოს. ძირში იყრება დრენაჟის სქელი ფენა. ფესვთა სისტემა წვრილი ფესვებითაა წარმოდგენილი, რომლებიც ადვილად ზიანდება გადარგვისას, თუ მიწიანად არ გადაიტანთ. მცენარე კრაგად ვეღარ შეიწოვს წყალს და საკვებს, რაც მის მოწყენას და ჭკნობას იწვევს. გადარგვიდან რამდენიმე კვირა ფრთხილად უნდა მოირწყას, რადგან ზედმეტი წყალი მცენარეს კლავს.
გამრავლება - მცენარე ორი გზით მრავლდება: ტოტით და თესლით. იმის გამო, რომ თესლს სახლის პირობებში არ იძლევა, ეს მეთოდი არც გამოიყენება მოყვარულებში. მცენარე ძნელად ფესვიანდება, ამიტომ საჭიროებს დამატებით პრეპარატებს - ფიტო ჰორმონებს, რომლებიც ხელს უწყობენ დაფესვიანებას. ამ პერიოდში საჭიროა ჭურჭლის გათბობა ქვემოდან. ზემოდან კი - მინის დაფარება. არჩევენ ახალგაზრდა, 1წლამდე ტოტებს 1 წყვილი ფოთლით. ქოთანში, რომლის დიამეტრი 7სმ მდეა, რგავენ 2-3 ასეთ ტოტს. ტოტებს ჭრიან ფოთლის ქვემოთ რამდენიმე სმ დაბლა. ასეა საჭირო, რომ უკეთ დაფესვიანდეს. დაახლოებით ერთ თვეში ფესვიანდება, თუ 24-26 გრ იქნება. მიწის შემადგენლობა ასეთია: ტორფნარევი მიწა და ქვიშა თანაბარი ოდენობით ან თითო წილი ფოთლოვანი, კორდის მიწა, ქვიშა, და 2 წილი ტორფნარევი მიწა.
ყვავილობა - გაზაფხულის მეორე ნახევრიდან იწყება, გრძელდება შემოდგომამდე. ყვავილი ნაზი და სურნელოვანია, 6სმ მდე დიამეტრის და შეკრული ერთად მტევნებად 5-6 ცალი. ყველაზე გავრცელებულია „ფლორიბუნდა“ - უხვყვავილიანი სტეფანოტისი.
უხვად რომ იყვავილოს - საჭიროა დაინამოს ფრთხილად ისე, რომ ყვავილზე არ მოხვდეს წვეთები. არ უნდა გადააადგილოთ ან შეატრიალოთ ქოთანი. არ უნდა დაუშვათ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება. მოარიდოთ ორპირს. ძალიან მაღალ ტეპერატურაზე ცოტა კოკრები ექნება. ოპტიმალურია 16-18გრ, ღამით შეიძლება 14 გრ-მდეც დაწევა.
ბუჩქის ფორმირება - გადარგვამდე შეიძლება გაისხლას, მოშორდეს გამხმარი ტოტები და მოყვავილებული ნაწილები. ასე ახალი ტოტების გავითარებას უწყობთ ხელს. ტოტები საკმაოდ სწრაფად ეზრდება. ამიტომ ესაჭიროება კარგი საყრდენი, ან ტოტების რკალისებრი დახვევა ასეთსავე საყრდენზე. თუ ლიანა იზრდება ორანჟერეაში ან ზამთრის ბაღში, ტოტების სიგრძემ შეიძლება 5-6 მ-ს მიაღწიოს.
გამოზამთრება - მოსვენების პერიოდი იწყება ოქტომბერში, გრძელდება თებერვლამდე. ამ პერიოდში უნდა შეზღუდოთ მორწყვა. მცენარეს დებენ ნათელ გრილ ადგილზე, 14-16გრ ზე.
დაავადებები და მავნებლები - მცენარეს ხშირად აზიანებს აბლაბუდა ტკიპა, ფარიანა, ორანჟერეის ბუგრი. თუ მწერებს შენიშნავთ, ხელით უნდა მოაშოროთ და მერე ბუჩქი შეწამლოთ ინსექტივიდით. არ უნდა შეაწუხოთ მცენარე კოკრების გამოტანისას; ნებისმიერი სტრესი იწვევს კოკრების ცვენას - ორპირი, არასაკმარისი განათება ან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება; ხისტი წყლით მორწყვა ფოთლებს აჭკნობს და აცვენს.
ხშირად დასმული კითხვები:
რატომ არ ყვავის მცენარე? - მიზეზი ან გადაადგილებაა ქოთნის, ან ტეპერატურის რეჟიმის მკვეთრი ცვლილება. (1)
რატომ უყვითლდება ფოთლები?- მიზეზი რამდენიმეა: - სინთლის ნაკლებობა, საკვები ნივთიერებებით ღარიბი მიწა, ორპირი, სიცივე, ფესვების დაზიანება. შესაძლოა მცენარის ფესვებს ადგილი არ ჰყოფნის და მცენარე საჭიროებს ცოტა დიდ ქოთანში გადარგვას.
სტეფანოტისი უპრეტენზიო, მაგრამ ნაზი მცენარეა. გასათვალისწინებელია მისთვის კომფორტული პირობები, მაშინ მალე სასიამოვნო სურნელი დატრიალდება სახლში.