მცენარეების გადარგვა
სწორად მოვლის შემთხვევაში ბევრი მცენარე ხანგრძლივად ცოცხლობს.ეს რომ შესაძლებელი გახდეს,გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აუცილებელია მცენარე ახალ მიწაში გადაირგას,ოდნავ მოზრდილ ქოთანში.
როგორ გადავრგათ სწორად მცენარე: მრავალწლიანი მცენარეების უმეტესობას გადარგვა ესაჭიროება ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ.ზოგიერთი ნელამზარდი მცენარე კი საკმარისია სამ წელიწადში ერთხელ გადაირგას.
გადარგვისთვის საუკეთესო დრო - გაზაფხულია,ამ დროს გადარგული მცენარე საკმარის სინათლეს და სითბოს მიიღებს.ამ წესიდან უნდა დაუშვათ გამონაკლისი იმ მცენარეებისათვის რომლებიც გაზაფხულზე ყვავიან,მაგალითად აზალია და კამელია.რადგან ამ დროს შეიძლება მათ კვირტები დაყარონ.
როგორ მივხვდეთ საჭიროა თუ არა მცენარის გადარგვა? პირველ რიგში დააკვირდით საკმარისი მიწა აქვთ თუ არა.თუ ქოთნიდან ამოღების შემდეგ ნახავთ რომ მიწის კოშტი ფესვებით არის გაჭედილი და მიწა თითქმის არ ჩანს, ესე იგი გადარგვა აუცილებელია.ისეთი მცენარეები რომლებსაც გამძლე,ხორციანი ფესვები აქვს შეიძლება მიწის ზემოთაც ამოიწიოს თუ ქოთანი მისთვის ვიწროა.
ამ შემთხვევაში მცენარის მოვლისას შეუძლებელია მხოლოდ მორწყვითა და კვებით შემოვიფარგლოთ.თუ გაზრდილ მცენარეს უფრო დიდ ქოთანში და ახალ ნიადაგში არ გადავიტანთ,დროთა განმავლობაში ის შეწყვეტს ზრდას.გადარგვა იმიტომაცაა აუცილებელი რომ თანდათან ნიადაგის შემადგენლობა და სტრუქტურა უარესდება: ირღვევა ჰაერის გამტარი არხები,გროვდება ჭარბი მინერალური ნივთიერებები,რომლებიც ვნებს მცენარეს:ზედაპირზე წარმოიქმნება თეთრი ნალექი.გადარგვის წინ მორწყეთ მცენარე,უკეთესია ერთი დღით ადრე ქოთანი ჩადგათ წყლიან ჭურჭელში.ქოთნიდან ამოღებული მცენარე ოდნავ დაფერთხეთ,რომ ზედმეტი მიწა ჩამოშორდეს და შეძლებისდაგვარად მოაცილეთ გამხმარი ან დამპალი ფესვები.ახალი ქოთნის დიამეტრი 2-3 სანტიმეტრით მეტი უნდა იყოს წინანდელზე.
ქოთნის ფსქერზე დაალაგეთ თიხის ქოთნის ნამტვრევები ან კენჭები,რომ სადრენაჟე ხვრელი მიწით არ დაიფაროს,ჩაყარეთ ცოტა მიწა,ჩადეთ მცენარე ახალ ქოთანში ,ისე რომ დაახლოებით იგივე სიღრმეზე აღმოჩნდეს როგორც წინათ.

გადარგვა ნაბიჯ-ნაბიჯი: 1. და 2. მას შემდეგ რაც ნიადაგი საკმაოდ დასველდება,ამოიღეთ მცენარე,თუ ვერ შეძლებთ ქოთანი რამდენჯერმე მსუბუქად მიარტყით მაგიდის კიდეს. 3. ქოთნის ფსკერზე დააწყეთ თიხის ნატეხები,ზემოდან დააყარეთ სადრენაჟე ფენა,შემდეგ კი მიწა.ჩადეთ მცენარე ქოთანში და ცარიელი ადგილები შევსეთ ახალი მიწით.მიწა ოდნავ დაუტკეპნეთ.მცენარე იგივე სიღრმეზე ჩარგეთ როგორც ადრე იყო.ნიადაგის ფენა არ უნდა აღწევდეს ქოთნის ნაპირებამდე,უნდა ეკლდეს დაახლოებით 1 სმ.
შეავსეთ ქოთანი ახალი მიწით, ოდნავ დატკეპნეთ, მიწა ბოლომდე არ უნდა ავსებდეს ქოთანს.ბოლოს უხვად მორწყეთ რომ ნიადაგი დაჯდეს და შეავსოს ყველა სიცარიელე.შემდეგი სამი-ოთხი კვირის მანძილზე მცენარე არ კვებოთ და სუსტად მორწყეთ.ახალგადარგულ მცენარეთა უმრავლესობა პირველ ხანებში თითქმის არ ინვითარებს ახალ ფოთლებს.როდესაც მცენარეს უკვე დაეტყობა ახალი ნაზარდი განაახლეთ ჩვეულებრივად მორწყვა და სასუქის მიწოდება.
ქოთნის შერჩევა: პლასტმასი თუ თიხა? ქოთნები ძირითადად თიხის ან პლასტმასისაა.თვითოეულს თავისი უპირატესობა და ნაკლი გააჩნია.ასე რომ არჩევანი დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.ბევრს პლასტიკის ქოთანი ურჩევნია რადგან არ იმტვრევა და მსუბუქია.მათი გამოყენება მოსახერხებელია ჩამოსაკიდად და თაროზე დასადგმელად.მათი საპირისპირო თვისებები აქვს თიხის ქოთნებს - მძიმეა და მყარი,მცენარეების უმრავლესობა უკეთესია თიხის ქოთნებში ჩაირგას.ასეთ ქოთანში ჩარგული მცენარე უფრო მეტად უნდა მოირწყას,რადგან თიხის ფორებიდანაც ხდება ზედმეტი წყლის აორთქლება.პლასტმასის ქოთნებში ტენი მეტ ხანს ნარჩუნდება და ამიტომ არსებობს წყლის სიჭარბის საშიშროება.
ნიადაგის შერჩევა: 
უკვე რამოდენიმე ათეული წელია დეკორატიული მცენარეების გამოსაზრდელად გამოიყენება ტორფზე დაფუძნებული მიწის ნარევები.მათი თვისებები თითქმის უცვლელია,ისინი ფხვიერია და მცენარისათვის აუცილებელ საკმაო რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს შეიცავს.
ყვავილების მაღაზიებში იყიდება ტორფზე დაფუძნებული ნარევები კირის დამატებით.მათ შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდეს მინერალური ბამბა ან პოლისტიროლის კროშკა,რითაც იმატებს ნიადაგის მიერ სითხის შეწოვა და ჰაერის გამტარობა.რადგანაც სახლის პირობებში ჩვეულებრივ არ არის დიდი რაოდენობის ნიადაგი საჭირო,მისი მომზადება საჭიროებას არ წარმოადგენს.უფრო ადვილი და უმჯობესია შეიძინოთ მზა ნარევი,მათი პოვნა ნებისმიერ სპეციალიზირებულ მაღაზიაში შეიძლება.ასევე შეიძლება არჩევანი გააკეთოთ ნეშომპალის შემცველ ნიადაგსა და ტორფიან ნიადაგს შორის.მინერალური მარილების რაოდენობის მიხედვით სუბსტრატი შეიძლება განკუთვნილი იყოს დასათესად,ახალგაზრდა ან ზრდასრული მცენარეებისათვის.
არსებობს ასევე სპეციალური ნარევები რომლებიც განკუთვნილია განსაკუთრებული შემადგენლობის ნიადაგისადმი მომთხოვნი მცენარეებისათვის.მაგალითად კაკტუსებისათვის განკუთვნილი სუბსტრატი მეტ ქვიშას შეიცავს,ორქიდეებისთვის განკუთვნილი უფრო მსუბუქი და ფხვიერია,აზალიას მომატებული მჟავიანობის ნიადაგი ესაჭიროება.რადგანაც ბუნებაში ტორფის მარაგი შეზღუდულია,ამისგამო დიდი ხანია მიმდინარეობს მისი შემცვლელი სუბსტრატის ძიება.მას წარმატებით შეიძლება ჩაენაცვლოს დაქუცმაცებული ხის ქერქი.ბოლო ხანებში გაყიდვაში გამოვიდა აგრეთვე კომპოსტის შემცველი სუბსტრატები. ჩვენი რჩევაა - თუ არ გსურთ დიდი მცენარის გადარგვა, შეგიძლიათ უზრუნველყოთ ახალი მიწით, თუ ქოთანში ზედა ფენას შეუცვლით, ოღონდ ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს, ფესვების დაზიანების გარეშე.
თარგმანი: ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის