პლატიკოდონი

მოყვავილე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მაჩიტასებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია იაპონიაში, ჩინეთში, შორეულ აღმოსავლეთში. იგი გვხვდება ტყეში, მინდვრებში, კლდეებზე. ბერძნული სახელი აქვს და ფართო ზანზალაკს ნიშნავს. მისი გაუშლელი კოკრები პატარა ფანრებს ჰგავს.  რამდენიმე სახეობა ძალიან პოპულარულია - სნოუფლექს, შელ ფინქ, ფეირი სნოუ, ალბუმ,მცენარეს სქელი ხორციანი ფესვი აქვს და სწორი წვრილი ღერები 20-80სმ სიმაღლის, ბევრი მტრედისფერი ფოთლით და ერთეული ან ყვავილედებად  შეკრული თეთრი, იასამნისფერი, იისფერი, მეწამული ან ვარდისფერი ყვავილებით. ნაყოფი კი კოლოფია, პრიალა  კვერცხის ფორმის თესლით. ყვავილობა დაახლოებით 2 თვეს გრძელდება ივლისიდან. მცენარე კარგად გრძნობს თავს სხვების გვერდით - წინწკალას, მაჩიტას ან ფლოქსთან.

დათესვა - ითესება ღია გრუნტში, მაგრამ ბევრი მაინც ჩითილების გამოყვანას ამჯობინებს. თესავენ თებერვალ-მარტში. თესლი წინასწარ უნდა დალბეს, იგი წყალშია 48 სთ. ყუთებს ავსებენ სუბსტრატით - ქვიშის, ტორფის, ნეშომპალის  ნარევით. თესლი 3 სმ სიღრმეზე ითესება, ზემოდან ქვიშას აყრიან, ნამავენ და ასათბურებენ. ნათესი ამოვა 7-14 დღეში, ამ პერიოდში სჭირდება რეგულარული მორწყვა მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე. ყუთებს დებენ სითბოში და ნათელ ადგილზე. როცა ნათესი ამოვა,  ყუთებს პაკეტს ხსნიან და ტემპერატურას დაბლა სწევენ - 18 გრ მდე. მიწას ხშირი გაფხვიერება სჭირდება. 3-4 ნამდვილი ფოთლის მერე პიკირება ხდება, მერე კი ღია გრუნტში გადააქვთ მიწიანად.

დარგვა ღია გრუნტში - იდეალური პერიოდი მაისის ბოლოა, როცა ღამის ყინვების საშიშროება უკვე აღარ არსებობს. ადგილი უნდა იყოს  ნათელი ან მცირედ ჩრდილიანი. დარგვამდე  დრენაჟის ფენა უნდა ჩაიყაროს. მიწა ნოყიერი, ნეიტრალური, ფხვიერი და ზომიერად ტენიანი უნდა იყოს. წინასწარ გადაბარვისას შეაქვთ  ნაცარი და მინერალური სასუქი. მცენარეს ხშირი გადარგვა არ მოსწონს. ამიტომ ისეთი ადგილი სჭირდება, სადაც თავს კარგად იგრძნობს. ერთ ადგილზე იგი 10 წელი ცხოვრობს.

პატარა ორმოებს თხრიან 30სმ დაშორებით ერთმანეთისგან, ზომა კი ფესვების შესაბამისი უნდა იყოს. ქოთნებში მყოფ მცენარეებს კარგად  რწყავენ, მერე კი მიწიანად იღებენ და გადააქვთ ამ ორმოებში, მათ მიწას აყრიან და კარგად რწყავენ.

მოვლა - დარგვიდან პირველი 10-15 დღე მცენარეს ყოველდღე რწყავენ, მესამე კვირიდან კი კვირაში 2-3 ჯერ. საჭიროებისას სჭირდება გათოხვნა და სარეველების მოშორება. სჭირდება მულჩირებაც - ასე ტენიანობაც ნარჩუნდება დიდხანს და არც სარეველები ამოდის ხშირად. მინერალური კომპლექსური სასუქი თვეში ერთხელ შეაქვთ მორწყვასთან ერთად. მცენარე რომ არ გაიწელოს,  პერიოდულად ტოტებს თავს აწყვეტენ.ძლიერ გაზრდილი  მცენარეები ყვავილნარს იერს უფუჭებენ. დეკორატიულობის შესანარჩუნებლად ან საყრდენს უდგამენ, ან ტოტებს აბამენ. მომჭკნარ ყვავილებს დროული მოშორება სჭირდება.

ყვავილობის შემდეგ - შემოდგომაზე იღებენ თესლს, როდესაც საყვავილე ღერო ხმება და კოლოფები სკდება.

ზამთარში - მცენარე არც ისე ზამთარმედეგია, ამიტომ დაფარება სჭირდება. მას მერე, რაც თესლს აიღებენ, მიწისზედა ნაწილს მთლიანად აჭრიან, მიწას კი აყრიან მულჩას 10სმ ფენად - სჯობს ტორფის, ნახერხის, მშრალი ფოთლების ან ნეშომპალის  გამოყენება.

გამრავლება - დაკალმებით - მისი გამრავლება არც ისე პოპულარული მეთოდია, მცენარე ცუდად ფესვიანდება, ტოტებს ისე ჭრიან, რომ ცოტა სქელი ღეროს ნაწილიც გაჰყვეს და რამდენიმე მუხლთაშორისიც ჰქონდეს.  ადრე გაზაფხულზე ტოტებს ჭრიან 10სმ ნაწილებად და დებენ ქვიშაში ან სპეციალურ სუბსტრატში მოყვავილე მცენარეებისთვის. აფარებენ ქილას ან პლასმასის ბოთლს. ასეთ მინი- სათბურში რჩება იგი დაფესვიანებამდე. 

ბუჩქის დაყოფით - რადგან მცენარეს არ მოსწონს ხშირი გადარგვა, ვერც ბუჩქის  დაყოფას გადაიტანს პრობლემების გარეშე. მას რწყავენ. მერე ფრთხლად იღებენ მიწიდან და რამდნიმე ნაწილად ჰყოფენ სტერილური ინსტრუმენტით ისე, რომ თითო დანაყოფზე ზრდის წერტილი იყოს. გადანაჭერს აყრიან ნაცარს ან ნახშირს. მერე კი მაშინვე რგავენ ახალ მუდმივ ადგილზე, მაგრამ შეეგუება თუ არა იგი ამ ახალ პირობებს - უცნობია. თესლით - ყველაზე საიმედოა მისი გამრავლება. ამოსვლისუნარიანობა მაღალია, მოვლა კი მარტივი.

დაავადებები - პლატიკოდონი გამძლე   მცენარეა, მაგრამ მორწყვის რეჟიმის დარღვევისას ზოგჯერ ავადდება - ემართება ნაცრისფერი ლპობა ნესტიან ადგილებში თუ იზრდება, რაც საშიშ დაავადებას წარმოადგენს და მცენარე შეიძლება მოკვდეს. საწყის სტადიაზე აშორებენ დაავადებულ ძირებს, არეგულირებენ მორწყვას, უფხვიერებენ მიწას და ამუშავებენ ფუნგიციდებით. 10 დღის  შუალედით 2 ჯერ სჭირდება ფუნდაზოლის 2 % ხსნარით ან შაბიამნით შეწამვლა.

მავნებლებიდან ერჩის თაგვი და თხუნელა. ისინი აზიანებენ მცენარის ფესვებს, მოყვავილე მცენარე  მალე ხმება. თაგვებს უდგამენ ხაფანგს, თხუნელასთან ბრძოლა კი რთულია - მათ  აშინებს კვამლი ან გამონაბოლქვი გაზი. ამისთვის საჭიროა ბენზოხერხი და რეზინის მილი, რომლის ერთ ბოლოს დებენ სოროში, მეორეს კი უერთებენ ხელსაწყოს, მას რთავენ და ელოდებიან, როდის გაიქცევა თხუნელა. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში: yvavilebi.ge

06 February 0 428
Загрузка...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно