დრაცენას დაავადებები და მავნებლები


ეს ტროპიკული ლამაზმანი ბევრ სახლში და ოფისში გვხვდება, მაგრამ მიუხედავად მისი არაპრეტენზიულობისა, ზოგჯერ მაინც ავადდება და მიმზიდველ იერს ჰკარგავს. ეს უმეტესად არასწორი მოვლის, მავნებლების და ინფექციის გამო ხდება. ინფექციური დაავადებები: დრაცენას საკმაოდ ძლიერი იმუნიტეტი აქვს და იშვიათად ავადდება ინფექციური დაავადებებით. თუ მის ფოთოლზე მოგრძო ყავისფერი ან შავი ლაქები გაჩნდა, ეს ალტერნარიოზია. თუ ლაქები ღია ყავისფერია, ეს ჰეტეროსპოროზია. როდესაც ყავისფერი ლაქები თანდათან ხმება და ყვითლდება, ეს ფილოსტიკტოზია. თუ დაეჭვდებით, რომ მცენარე ვერაა კარგად, სასწრაფოდ მისი იზოლირებაა საჭირო, რომ სხვა მცენარეებს არ გადაედოთ. ასეთი დაავადებები ადვილად იკურნება ფუნგიციდების გამოყენებით, თუმცა არსებობს შედარებით მძიმე დაავადებაც - ბაქტერიოზი. მისი ნიშნებია - ლპობადაწყებული ლაქები, ზეთოვანი ზოლები ფოთლებზე. მასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია და ხშირად უშედეგო, ამიტომ ასე დაავადებულ მცენარეს სწრაფად ანადგურებენ. არასწორი მოვლით გავითარებული დაავადებები: ყველაზე ხშირად დაავადება ამ მიზეზით ვითარდება. ყველა მცენარეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუ ნახავთ, რომ დრაცენა ყვითლდება და ჭკნება, ნუ იჩქარებთ და ნუ ინერვიულებთ. გაიხსენეთ - ფოთლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 წელია, მერე ბუნებრივად კვდება, მაგრამ თუ ახალგაზრდა ფოთლები ფუჭდება, ესე იგი, მოვლაში შეცდომა დაუშვით. დაავადების რამდენიმე მიზეზი არსებობს: განაათების მეტ-ნაკლებობა, არასწორი მორწყვის რეჟიმი, სასუქის სიჭარბე ან ნაკლებობა, არასასურველი ტემპერატურა. სინათლის ნაკლებობისას ფოთოლი ჰკარგავს დამახასიათებელ მუქ ფერს და ფერმკრთალი და მოყვითალო ხდება. დრაცენა უნდა გადადგათ სინათლისკენ ახლოს, თუმცა მზის სხივები არ უნდა მოხვდეს, რომ ფოთოლი არ დაეწვას. ყველაზე კარგი ადგილი მისთვის ფანჯრის მოპირდაპირე მხარეა ოთახში, სადაც გაბნეული, მაგრამ კარგი განათებაა. ზამთარში დასჭირდება დამატებითი ხელოვნური განათება. თუ მცენარეს უეცრად გაუყვითლდა ფოთლები და მათ სიმკვრივეც დაჰკარგეს, ეს მიუთითებს გადაჭარბებულ მორწყვაზე. მორწყვა უნდა შეაჩეროთ, მიწა კარგად გააშროთ, მერე კი მცენარე კვირაში ერთხელ მორწყეთ. თუ ვითარება არ გამოსწორდა, ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან და ნახეთ, ფესვები ხომ არ ულპება. დამპალი ფესვები უნდა მოშორდეს. ზოგჯერ ამბობენ, რომ დრაცენას სიმშრალე ურჩევნია და მას უდაბნოსმაგვარ პირობებს უქმნიან. ეს არაა სიმართლე და ასე უწყლოდ მისი დატოვება არ შეიძლება, მცენარეს ფოთლები გაუხმება და დასცვივა. მაგრამ მორწყვა ზომიერი უნდა იყოს, რომ გადაჭარბებულმა მორწყვამ სხვა პრობლემები არ შექმნას. ზოგჯერ დაავადებას სასუქიც იწვევს, ხშირია შემთხვევები, როცა დამწყები

მეყვავილეები ცდილობენ ასიამოვნონ მცენარეს და ზედმეტად ჭყიპავენ მას სასუქით. ასეთ შემთხვვაში მცენარე ჰკარგავს პირვანდელ იერს და თანდათან ჭკნება. დაიცავით ზომიერება. საკვები მიეცით თვეში 2ჯერ აქტიური ზრდის დროს მარტიდან აგვისტომდე. ზამთარში კვება არ სჭირდება. ზოგჯერ დაავადება იწყება არასასურველი მიკროკლიმატის გამო, რაც მოცემულ შენობაშია. იგი ცხელი და ტენიანი ქვეყნიდანაა, ამიტომ თავს კომფორტულად გრძნნობს 24-28გრ ზე ზაფხულში და 15-19გრ ზე ზამთარში. თუ ფოთლები ჭკნება, იჭმუჭნება და სცვივა, ეს მოყინვის ბრალია. მაგრამ არ შეიძლება მისი დადება გათბობის მიზნით გამათბობელთან ახლოს. იგი ჰაერს აშრობს და ეს ფოთლის წვერების გაყავისფერებას და ხმობას გამოიწვევს. მას მოსწონს დანამვა. ზაფხულში კარგია, თუ მოუწყობთ თბილ შხაპს. მავნებლები: ისინი ხშირად სტუმრობენ დრაცენას. უმეტესად - ტკიპა, ფარიანა ან ტრიპსი. - ფარიანა იწვევს ფოთლის ჭკნობას, იგი დაბლა იხრება, და მასზე კარგად ჩანს წვრილი ყავისფერი მწერები. მათ აშორებენ საპნიან ხსნარში დასველებული ტილოთი, მერე კი მცენარეს ამუშავებენ ინსექტიციდით. - აბლაბუდა ტკიპა ფოთლის გაყვითლებას იწვევს, მის ქვედა მხარეს კი ქსელი ჩანს. მცენარეს ბანენ თბილი წყლით, მერე კი ასხურებენ დერისს. - ტრიპსი ფოთლის ფერს ცვლის ვერცხლისფრად. ქვედა მხრიდან მასზე პატარა შავი მწერები ჩანს. იგი საკმაოდ მედეგი მწერია და მის მოსაშორებლად ერთჯერადი შეწამვლა არაა საკმარისი. ზოგადად, ეს დაავადებები და მავნებლები დიდად არ ვნებს მცენარეს, თუმცა მათი მოშორება საკმაოდ რთულია და სახლაფორთო. ამიტომ სანამ მცენარის შეძენას დააპირებთ, სჯობს კარგად გაეცნოთ მისი მოვლის წესებს და მცენარის სახლში მოტანის შემდეგ ეცადეთ, ზუსტად შეასრულოთ ისინი. ასე ყველა მცენარე დიდხანს გაგახარებთ თავისი სილამაზით. ჩვენი ჯგუფი დეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/ 
 

14 July 0 1 883
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно