მცენარეები ზარმაცებისთვის

უპრეტენზიო მცენარეები იდეალურია მათთვის, ვისაც არ აქვს ბევრი დრო, ვინც ჯერ კიდევ გამოუცდელია, ან ვისაც ეზარება მოვლა. ახალბედა მოყვარულები ხშირად აწყდებიან პრობლემებს სხვადასხვა მცენარის მოვლისას.

უპრეტენზიოა მცენარე, რომელსაც არ სჭირდება ხშირი მორწყვა - საკმარისია კვირაში ერთხელ, არც გადარგვა სჭირდება ხშირად - ირგვება 4-5 წელიწადში ერთხელ. ზოგი იტანს ცუდ განათებას, ზოგი - ჰაერის სიმშრალეს. ამ მხრივ საინტერესო მიგნებაა სუკულენტები, მცენარეები, რომლებიც ტენს იგროვებენ ფოთლებში და ღერებში. ისინი მეტად მრავალფეროვანია, მაგრამ მთავარი თვისებაა - არ აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნა განათების, ჰაერის ტენიანობის, მორწყვის მიმართ და ეს ყოველივე მათ მოვლას ძალიან ამარტივებს.

ასეთია რძიანა - დაბალი ხე ან ეკლიანი ბუჩქი. იგი ყველაზე მკაცრ პირობებს უძლებს. მას ხშირად ადარებენ კაქტუსს, მაგრამ ტოტის მოტეხვისას მისგან გამოიყოფა თეთრი რძისფერი სითხე, რომელმაც შესაძლებელია დამწვრობა გამოიწვიოს, ამიტომ მასთან ფრთხილად უნდა იყოთ გადარგვისას. ეს მცენარე არ აქვთ სახლში, სადაც პატარა ბავშვები არიან, რადგან მათი ერთად ყოფნა საშიშია.

ალოეც უპრეტენზიო მცენარეა, იგი ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. სწრაფად იზრდება, ადვილად ეგუება სხვადასხვაგვარ პირობებს. კიდევ ერთ ასეთ მცენარეს კალანჰოე წარმოადგენს, რომელსაც აქვს უნარი, ხორციან ფოთლებში დაიგროვოს წყალი და ამიტომ კარგად სძლებს ხშირი მორწყვის გარეშე. მცენარე მსუქანასებრთაა ოჯახიდანაა და არც ისე დიდი იზრდება, ფოთლების ფორმაც ორიგინალური აქვს. მასაც სამკურნალო თვისებები აქვს და ხალხურ მედიცინაში იყენებენ ანთების საწინააღმდეგო თვისებების და ჭრილობის სწრაფი შეხორცების უნარის გამო.’ კიდევ ერთი ასეთი მცენარე არის ბარაქის ხე, იგივე კრასულა, ან მსუქანა. ხალხის რწმენით, მას ოჯახში ხვავი და ბარაქა მოაქვს. სწორედ აქედანაა მისი სახელიც.

უპრეტენზიო მცენარეა კიდევ სურო, მას მეტად განსხვავებული სახეობები აქვს; ჭორტანებიც ადვილი მოსავლელია, თანაც ადვილად მრავლდებიან ტოტის დაფესვიანებით.

ვეფხისტყავაზე ადვილი მოსავლელი არც არაფერია, მისი 50 მდე სახეობაა ცნობილი. კიდევ - ქლოროფიტუმი. იგი სწრაფად იზრდება და ასევე ადვილად მრავლდება. ძნელია ყველა იმ მცენარის ჩამოთვლა, რომლებსაც არ სჭირდება ბევრი ყურადღება, მაგრამ დასაწყისისთვის ალბათ საკმარისია.

მაგრამ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომელი მცენარეც არ უნდა მიიტანოთ შინ, თუნდაც ყველაზე ადვილი მოსავლელი, მინიმალური ყურადღება მას მაინც სჭირდება, ამიტომ სანამ მის ყიდვას გადაწყვეტთ, სჯობს გაეცნოთ მოვლის წესებს.

მცენარე სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდება ხოლმე სახლში - ზოგს ჩუქნიან, ზოგი ყიდულობს, ზოგს უეცრად უჩნდება მეყვავილეობის სურვილი. მშობლებს და ბებიებს გამოცდილება ჰქონდათ და მათ ხელში “ცოცხიც კი ყვავილობდა”, ახალგაზრდებს კი ჯერ გამოცდილება არ აქვთ და ბევრი შეკითხვაც უგროვდებათ მოვლის წესების შესახებ. ეს საკმაოდ რთულია და მართლაც უამრავ საკითხს უნდა გაეცნონ მორწყვა-განათება-გადარგვა- კვების შესახებ.

თუ ჯერ არ გაქვთ სახლში მცენარეები, რომელი სჯობს შეიძინოთ, როგორი ყვავილებით უნდა დაიწყოთ?

ჯერ დაათვალიერეთ ოთახები თავისუფალი ადგილების თვალსაზრისით, მერე გადახედეთ დროს, გააანალიზეთ, რა დროის დახარჯვას აპირებთ მცენარეთა მოვლაზე, ეს მხოლოდ მორწყვა არ არის. მცენარეც ცოცხალი არსებაა - მას დალაპარაკება, მოფერება სჭირდება, ასე იგი უკეთ იზრდება და ყვავილობს.

მცენარეთა შორისაც არსებობს “კასტები “- არისტოკრატები და უბრალო მცენარეები, პრეტენზიულები და გამძლეები. ამიტომ ვინც ახლა იწყებთ ყველაფერს, ნუ დაიწყებთ “მოღვაწეობას” აზალიით, გარდენიით, ორქიდეით ან სტრეპტოკარპუსით. დასაყისისთვის გამოდგება ჭორტანა, ბეგონია, ქლოროფოტუმი.

ბევრს მიაჩნია, რომ ყველა მცენარეს უყვარს მზე და იგი მცენარეს არაფერს უშავებს. თუმცა ასე სულაც არაა. ოთახის მცენარეების უმეტესობა ტროპიკულია, იქ კი ჯუნგლებში იზრდება. როგორი განათებაა ჯუნგლებში? არც ისე დიდი, ქვედა იარუსებზე საკმაოდ დიდი ჩრდილია. გამოდის, რომ ასეთ მცენარეებს სულაც არ უნდათ პირდაპირ მზეზე დადგმა.

ამ მხრივ მცენარეები სამ ჯგუფად იყოფიან პირობითად: სინათლსმოყვარულ, - (კაქტუსები, თავნასკვა, დაფნა, ვნების ყვავილი, ბუგენვილია, ბრომელიები, სუკულენტები, მოყვავილეთა უმეტესობა) ჩრდილისმოყვარულ (ჭორტანა, კლივია, ფაცია, წიწვოვნები) და ჩრდილის ამტანად.(ფიკუსი, მონსტერა, დრაცენა, დეკორატიული სატაცური, სურო, ბეგონია,)

სინათლის მოყვარულობა არ გულისხმობს მათ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ დადგმას - მზემ შეიძლება ფოთლები დაუწვას მცენარეს. ჩრდილისმოყვარეობა კი ნახევრად ჩრდილიან ადგილს გულისხმობს. უნივერსალური ადგილი მცენარეებისთვის აღმოსავლეთით ან დასავლეთით გამავალი ფანჯრის რაფებია. მხოლოდ ამ ყველაფრის გააზრების მერე შეიძლება მაღაზიაში წასვლა და მცენარის ყიდვა

30 June 0 2 812
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно