ცისუსი - ოთახის ვაზი

ძალიან ადვილი მოსავლელი ამპელური მცენარეა ყურძნისებრთა ოჯახიდან. ხალხი მას ოთახის ვაზს ეძახის, გვარი მოიცავს 300 მდე სახეობას. გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. იგი ლიანაა და ზრდისას ულვაშებით საყრდენს ეჭიდება. ფოთლები სხვადასხვაგვარია - მთლიანი ან დაჭრილი კიდით. 

მცენარე საკმაოდ იშვიათად ყვავილობს. თეთრი, შეუხედავი ყვავილები შეკრულია ტყუილ ქოლგა ყვავილედებად, მას აფასებენ ლამაზი ფოთლების გამო. ზრდიან ჩამოკიდებულ ქოთნებში.

მოვლა - ადვილია და დამწყებ მოყვარულებსაც გამოადგება, სახლში ძირითადად ზრდიან რომბისებრფოთლიან, ანტარქტიკულ და ფერად ცისუსს.

ტემპერატურა - მცენარე სითბოსმოყვარულია. გაზაფხულ-ზაფხულში კარგადაა 18-25 გრ ზე. ზაფხულში შეიძლება მისი გატანა გარეთ, შემოდგომა-ზამთარში კი კომფორტულადაა 18 გრ ზე. იტანს 10გრ მდე დაბალ ტემპერატურასაც მოკლე დროით. ანტარქტიკული 5 გრ ზეც კარგად გრძნობს თავს, ფერადი კი შედარებით პრეტენზიულია და მთელი წელი სტაბილური ტემპერატურა სჭირდება. მცენარეს არ მოსწონს ორპირი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას კი შეიძლება ფოთოლი დასცვივდეს.

განათება - იგი უნდა იდგეს კარგად განათებულ ადგილზე, მხოლოდ ანტარქტიკულს შეუძლია ნახევრადჩრდილში ყოფნა, მას დებენ ოფისის ჰოლში, დაწესებულებებში, ზოგჯერ მას სააბაზანოშიც ნახავთ. რაც შეეხება ფერადფოთლიანს, ამ მხრივ მას განსხვავებული მოთხოვნა არ აქვს, მაგრამ იმისთვის, რომ კარგად გაიზარდოს, პირდაპირ მზის სხივებს უნდა მოარიდოთ. სახეობებიდან ყველაზე სინათლისმოყვარული რომბისებრფოთლიანია, მაგრამ ცხელ დღეებში ჩამოფარება სჭირდება.

მორწყვა - გაზაფხულ-ზაფხულში სწრაფად იზრდება და უხვი მორწყვა სჭირდება, რადგან დიდი ფოთლები მეტ წყალს აორთქლებენ. გადაჭარბება არ შეიძლება - ასე ფესვები დაულპება. მცენარეს რწყავენ მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე. ზამთარში - შეზღუდულად ირწყვება, რადგან ამ პერიოდში ზრდა არც ისე სწრაფია.

ჰაერის ტენიანობა - ბუნებაში იგი ტროპიკებში ცხოვრობს, შესაბამისად ტენიან ჰაერს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, თუ მშრალ ოთახში იზრდება. მეტი დანამვა ფერადფოთლიანს უნდა. ზამთარში მას დღეში 2 ჯერ ნამავენ. ზაფხულშიც რეგულარულად, თუმცა არც ასე ხშირად. მოსწონს შხაპიც ზაფხულობით.

კვება - საკვები რეგულარულად უნდა მიეწოდოს, მეტად - ინტენსიური ზრდის პერიოდში. შეაქვთ კომპლექსური მინერალური სასუქი აპრილ- სექტემბრის შუალედში კვირაში ერთხელ. ზამთარში არ კვებავენ.

გადარგვა - იგი სწრაფად იზრდება. ამიტომ ყოველწლიური გადარგვა სჭირდება 5 წლამდე. მერე კი 2-3 წელიწადში ერთხელ. ნიადაგი უნდა შედგებოდეს ფოთლოვანი, ტორფიანი, ნეშომპალიანი, კორდის მიწის და ქვიშისგან თანაბარი ოდენობებით. ქოთნის ძირში კი დრენაჟად ყრიან კერამზიტს.

გასხვლა - დეკორატიულობის შესანარჩუნებლად მცენარე რეგულარულად უნდა გაისხლას და ტოტებს თავი უნდა წააწყვიტონ დასაბუჩქად. გაზაფხულობით სანიტარული გასხვლა უტარდება

გამრავლება - ადვილად მრავლდება ვეგეტატიურად, წვეროს ტოტებით, რაც ხშირად რჩება გასხვლის მერე. ტოტებს ავლებენ ზრდის სტიმულატორში და აფესვიანებენ წყალში ან მიწაში. ზოგჯერ დეკორატიულობისთვის ერთ ქოთანში რამდენიმე ტოტს დებენ

მისი გამრავლება ასევე შეიძლება გადარგვისას ბუჩქის დაყოფით.

დაავადებები - ემტერება აბლაბუდა ტკიპა ან ბუგრი. მათ წინააღმდეგ ქიმიურ პრეპარატებს ფრთხილად იყენებენ, რადგან მისი ფოთლები ძალზე მგრძნობიარეა. პრობლემები - თუ ფოთლები ამოიბურცა, სჭირდება ხშირად დანამვა. თუ ფოთლის წვერები გაყავისფერდა და გახმა, ესეც მშრალი ჰაერის ბრალია. ფოთლის გაფერმკრთალება ნიადაგში საკვების ნაკლებობის შედეგია. თუ მცენარე ნელა იზრდება, ასევე ესაჭიროება საკვები. ჩვენი საიტი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/ თარგმანი:თ.სუპატაშვილის
 

29 June 0 824
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно