ჯიჯლაყას დარგვა - მოვლა( Amaranthus)

მიეკუთვნება ჯიჯლაყასებრთა ოჯახს, ბუნებაში ხარობს ამერიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში. ზოგან მას ზრდიან, როგორც ბოსტნეულ კულტურას, თუმცა ბევრგან იგი მიჩნეულია დეკორატიულ მცენარედ. იგი 8 000 წ წინ სიმინდსა და პარკოსნებთან ერთად ძირითად მარცვლეულ კულტურად იქცა დღევანდელი მექსიკის და ს ამერიკის ტერიტორიაზე დასახლებული ტომებისთვის. მის ზოგ სახეობას დღესაც იყენებენ ასეთ კულტურად, ზოგი - სარეველაა, ზოგიც ლამაზი ყვავილის გამო გაკულტურებულია.

ევროპაში იგი ესპანელმა მეზღვაურებმა შეიტანეს, როგორც ყვავილნარის გასალამაზებელი მცენარე, მე 17 ს ში იგი საკვებ მცენარედ მოიაზრება უკვე ევროპაშიც. სახელი ბერძნულია და უკვდავ ყვავილს ნიშნავს. მცენარეს ბევრი სახელი აქვს - ხავერდულა, მამლის ბიბილო, კატის კუდი, მცენარეს დატოტვილი ღერები და ზედ მორიგეობით განლაგებული ფოთლები აქვს, ოქროსფერი, წითელი, მწვანე ან იისფერი ყვავილები თავთავა ყვავილედადაა განლაგებული ან შეკრულია კონებად., ნაყოფი კოლოფია. მცენარეც მრავალფეროვანია და ზოგჯერ ერთ მცენარეში გვხვდება მეწამული, იისფერი, მწვანე ფერი. სახეობის მიხედვით მისი ზომები 30-300სმ მდეა. უმეტესად მას ზრდიან ერთწლიან მცენარედ.

დათესვა - გაზაფხულზე, როდესაც მიწა კარგად გათბება, მას თესავენ ღია გრუნტში, რომელიც წინასწარ უნდა გადაიბაროს და შეტანილი უნდა იყოს კომპლექსური სასუქი. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ აზოტს მიწაში ჯიჯლაყა გარდაქმნის ადამიანისთვის საშიშ ნიტრატებად, ამიტომ ბევრ აზოტს ნუ შეიტანთ სასუქად, მცენარე სწრაფად ამოდის და იზრდება. გარშემო კი სარეველები არ იქნება. თესლს ურევენ სილაში და კვალში ერთ რიგზე ყრიან. თუმცა სჯობს თავიდან ცოტა გაწვალდეთ და თითო-თითოდ ჩათესოთ , რადგან მერე ერთ მცენარეს განში 7-10სმ ადგილი სჭირდება, კვლებს შორის მანძილი კი 45 სმ უნდა იყოს, ნათესის გარშემო ნიადაგს ხშირი გაფხვიერება უნდა. როდესაც სიმაღლეში 20 სმ გახდება, ნიადაგში შეაქვთ აზოტი, მაგრამ 2 ჯერ მეტად გაზავებული, ვიდრე მითითებულია.

ჩითილები - ადვილია მისი მოვლა ჩითილებადაც. ასე მცენარე ითესება მარტში, კონტეინერებში ნამიან გრუნტში 2 სმ სიღრმეზე, მათ დებენ სითბოში და ხანდახან ნამავენ. ერთ კვირაში ნათესი ამოდის, მერე დასჭირდება გამოხშირვა - სუსტ მცენარეებს აშორებენ. როდესაც 3 ფოთოლი გამოუვა, ხდება პიკირება ცალკე ქოთნებში.

დარგვა - როდესაც ყინვების საშიშროება აღარ იქნება, შეიძლება მცენარის დარგვა ღია გრუნტში კარგად განათებულ ადგილზე, დრენირებულ, მსუბუქ და ნოყიერ ნიადაგზე, რომელშიც საკმარისადაა კირი. მცენარე უპრეტენზიოა, მაგრამ ვერ იტანს დაბალ ტემპერატურას და ჭარბად მორწყვას.

სახეობის მიხედვით რგავენ 10-30სმ დაშორებით ერთმანეთისგან. რიგებს შორის კი 40-70სმ უნდა იყოს. სანამ იგი მიეჩვევა გარემოს, კარგად რწყავენ, თუ მოულოდნელად აცივდა, ჯიჯლაყიან ადგილს დაფარებაც დასჭირდება.

მოვლა - მხოლოდ პირველ თვეს უნდა, სანამ ზრდას დაიწყებს. თავიდან საკმაოდ ნელა იზრდება და ამ პერიოდში სჭირდება მორწყვაც, გათოხვნაც და მიწის გაფხვიერებაც. მერე კი, როდესაც მოძლიერდება, გარშემო სარეველა აღარ ჭაჭანდება. მხოლოდ ძლიერ გვალვაში რწყავენ მოზრდილ მცენარეს. 

სეზონზე 3-4 ჯერ შეაქვთ სასუქი - ნაკელის ხსნარი 1:5 და ნაცარი 200გრ 10ლ წყალზე.

დაავადებები- მცენარე ადვილად არ ავადდება. მაგრამ ხანდახან ემტერება ბუგრი ან გრძელცხვირა. გრძელცხვირას მატლი მცენარის ტოტებზე ცხოვრობს და აზიანებს მას, მხოლოდ ზრდის დასაწყისში ან წვიმიან სეზონზე. მწერებს ებრძვიან აქტელიკით ან ფუფანონით.

თუ მიწაში ბევრია წყალი, შესაძლოა გაჩნდეს სოკო, და დააზიანოს მცენარე. ასეთ შემთხვევაში მას ამუშავებენ კოლოიდური გოგირდით, შაბიამნით და სხვ.

ყვავილობის მერე - თუ თესლის აღებას აპირებთ,შეარჩიეთ ყველაზე ძლიერი მცენარეები და ფოთლები არ შეაცალოთ. როდესაც ქვედა ფოთლები გაწითლდება, და დაცვივდება, ღერო კი გათეთრდება, მშრალ ამინდში მოჭერით ყვავილედები და გააშრეთ კარგად ვენტილირებად შენობაში. 2 კვირის მერე გამხმარი ყვავილედის გამოფშვნით თესლი დაიყრება. მათ აგროვებენ და ქაღალდის პაკეტით ინახავენ. თესლი ამოსვლისუნარიანია 5 წელი. 

ზამთარში - მცენარე ზამთარს ვერ უძლებს, და ერთწლიანად იზრდება უმეტეს რეგიონებში. სეზონის ბოლოს მის ნარჩენებს აგროვებენ და თუ იგი საღია და დაზიანებული არაა მწერების ან დაავადებებისგან, მის მწვანე მასას კომპოსტში ყრიან. მისგან კარგი სასუქი მიიღება. ასევე კარგია იგი ცხოველების საკვებადაც, მაგ. ღორების ან სახლის ფრინველებისთვის. მცენარეში ბევრი ცილა, კაროტინი და ვიტამინი ც- არის.

სახეობები - საგველა - გამოდგება თაიგულებისთვის, მცემარე 75-150 სმ იზრდება, მუქი წითელი ფოთლებით და წითელი ყვავილებით, რაც სწორმდგომ ყვავილედადაა შეკრული. ყვავავილობს ივნისიდან ყინვებამდე, მისი რამდენიმე

ფორმა - ნანა, კრუენტუსი, სანგუინეუსი, და რამდენიმე შედარებით დაბალი ჯიშები - როტერ დამ, როტერ პარის, გრუნეფაკელ, ჰოთ ბისქუით. 

-მუქი - ნაკლებდატოტვილი, მეწამული ფოთლებით თავთავა ყვავილედებით უმეტესად მუქ წითელ ფერებში. მისი ჯიშებია - ფიგმი თორჩ, გრიინ თამბ. -სამფერა - 70-150სმ სიმაღლის ყვითელი, წითელი ან მწვანე ფოთლებით. ჯიშები - ილუმინაცია, ავრორა, ერლი სპლენდერ. -კუდიანი - სქელღერებიანი სწორმდგომი 150სმ სიმაღლის მცენარე მეწამულ-მწვანე ფოთლებით, მუქი წითელი, მოყვითალო-მომწვანო ან ჟოლოსფერი ყვავილებით, შეკრული ბურთა ყვავილედებად.

თვისებები - მცენარე საკვებად ვარგისია, სასარგებლოა, უმეტესად დადებითი თვისებები აქვს მის თესლს.- შეიცავს ადამიანისთვის საჭირო ბევრ ცხიმოვან მჟავას - სტეარინის, ოლეინის, პალმიტინის, ასევე ვიტამინებს - ბ, ც, დ, ე და პ.

ფოთოლში არის ისეთივე საჭირო ნივთიერებები, როგორიც ისპანახშია და მას სჯობნის ცილების რაოდენობით. მასში შედის ამინინომჟავა ლიზინი, რომელსაც დაახლოებით იმავე რაოდენობით შეიცავს სოიოც, მაგრამ ამარანტიდან იგი გაციულებით ადვილად შეითვისება, ვიდრე სოიოდან. იაპონელები მის ფოთოლს ადარებენ კალმარის ხორცს და ფიქრობენ, რომ მცენარის ყოველდღიური გამოყენება.

საკვებად აღადგენს სასიცოცხლო ენერგიას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. 

საკვებად ვარგისია არა მხოლოდ ბოსტნეულ კულტურად ცნობილი სახეობები, არამედ დეკორატიული მცემარეებიც. მათი თესლის გარჩევა ადვილია - სამკურნალო და ბოსტნეული სახეობების თესლი უფრო ღია ფერისაა. და სჯობს საკვებად მხოლოდ მათ თუ გამოიყენებთ. ძალიან სასარგებლოა მისი ზეთიც. იგი ქაცვის ზეთს ბევრად სჯობს სამედიცინო მაჩვენებლებით. მასზე დამზადებული მალამოები აახალგაზრდავებს კანს, ზრდის მის ტონუსს.

გაღივებულ თესლს შემადგენლობით ამსგავსებენ დედის რძეს, მასაც ხშირად იყენებენ მედიცინაშიც და კულინარიაშიც. 

მცენარეს იყენებენ სიმსუქნის, ათესროსკლეროზის, ნევროზის, დისბაქტერიოზის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებების დროს, ასევე იმუნიტეტის ასამაღლებლად. სხვა სტატიები და რჩევები http://dedebi.ge/page/2/
 

26 June 0 803
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно