ალოკაზია


ეს ეგზოტიკური მცენარე დეკორატიულფოთლიანად ითვლება, რადგან სახლის პირობებში თითქმის არ ყვავილობს, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, დარჩეს ერთერთ ულამაზეს მცენარედ - მას საოცრად მოხატული ფოთლები აქვს, მოგრძო გულის ფორმის, ზეთისხილისფერი ღია ფერის ძარღვებით. ყვავილები საკმაოდ შეუხედავია, მაგრამ ერთად შეკრული დიდ ტარო ყვავილედად, ასეთი ფოთლების ფონზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.ნაყოფი კი კენკრაა. მცენარეს ყვავილს ხშირად აშორებენ, რადგან ყვავილობისას ახალი ფოთოლი არ ეზრდება. 

მცენარე ნიუკასებრთა ოჯახს ეკუთვნის. გვარში კი 50 მდე სახეობაა. ყველა მათგანს აქვს სქელი ფოთლები, წაწვეტებული ბოლოებით, კარგად გამოხატული ძარღვებით და დიდი ყუნწებით. იგი რამდენიმე ჯგუფად იყოფა: სქელფესვიან, სურნელოვან, სპილენძსფერ-წითელ, შავ-ხავერდისმაგვარ და ამაზონის.

მისი სამშობლო ს- აღ. აზიაა, ცეილონის კუნძული, მალაიზია. წვიმის სეზონზე მცენარე ვერ ითვისებს ჭარბ წყალს და “ტირილს” იწყებს- ფოთლები გამოჰყოფს ჭარბ წყალს. ასე ემართება სახლშიც ზედმეტი მორწყვის ან ჰაერის მაღალი ტენიანობის დროს. ხშირად ამბობენ რომ მცენარე წვიმას წინასწარმეტყველებს.

მოვლა- სახლის პირობებში არც ისე რთულია, ვინაიდან საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა. 

ტემპერატურა - ზამთარში საკმარისია 18-20 გრ. ზაფხულში - 22-26 გრ. მაგრამ მცენარე უნდა მოარიდოთ ორპირს.

განათება - ახალგაზრდა მცენარე ზრდის პერიოდში კარგ განათებას საჭიროებს, მერე კი შესაძლებელია სახეობის მიხედვით განათების დარეგულირება.ჭრელფოთლიან მცენარეებს მეტად მკვეთრი სინათლე უნდა მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვით, ერთფეროვან მცენარეებს კი უფრო ნაკლებად განათებულ ადგილზე დებენ.

მორწყვა - ჭარბად მორწყვაც და არასაკმარისი მორწყვაც - ორივე ნეგატიურად აისახება მცენარეებზე. სითბოში უხვად რწყავენ მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება. არც წყალი არ უნდა დარჩეს სადგამზე ნახევარი საათის მერე მორწყვიდან. ზამთარში ირწყვება დღე ან 2 დღეგამოშვებით.

ჰაერის ტენიანობა - ყველაზე მეტი მოთხოვნა მცენარეს ტენიანობასთან აქვს. ზამთარში დანამვა არ სჭირდება, ზაფხულში კი ხშირად ნამავენ. ხშირად სჭირდება ფოთლების გაწმენდაც სველი ღრუბლით. მაგრამ გაპრიალება არ უნდა პოლიროლით. ასევე ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე, მაგრამ ისე, რომ ქოთნის ძირი წყალს არ ეხებოდეს.

კვება - მარტიდან ოქტომბრამდე თვეში ორჯერ სასუქის შეტანა სჭირდება. კვებავენ როგორც მინერალური, ისე ორგანული სასუქით.

გადარგვა - დიდი მცენარე გადარგვას საჭიროებს 2-3 წელიწადში ერთხელ. ახალგაზრდა კი- საჭიროების მიხედვით. მიწა უნდა იყოს ფხვიერი, წყალ და ჰაერგამტარი, ნეიტრალური ან სუსტადმჟავე. კარგია ასეთი შემადგენლობა: 1 წილი ქვიშა, 1 წილი ტორფი, 2 წილი ნეშომპალა, 2 წილი ფოთლოვანი და 2 წილი კორდის მიწა. აუცილებელია კარგი დრენაჟის ფენაც. ალოკაზიას რგავენ უპირატესად პლასმასის მაღალ ქოთნებში, მომდევნო ქოთანი 2-3 სმ ით მეტი უნდა იყოს წინაზე.

გამრავლება - სხვადასხვაგვარად შეიძლება - ყველაზე ნაკლებ გამართლებული დათესვაა, ახალი მცენარე დედის თვისებებს ხშირად არ იმეორებს, ამიტომ ასე არ ამრავლებენ ჭრელფოთოლა სახეობებს.

მისი გამრავლება ხდება კალმით, შვილეული ბოლქვებით, ამონაყრით ან ბუჩქის დაყოფით. უმჯობესია ეს გაზაფხულზე მოხდეს, გადარგვისას. ტემპერატურა 20-22 გრ უნდა იყოს. დაფესვიანება ხდება ტორფნარევ ქვიშაში თანაბარი რაოდენობით.

დაავადებები - მცენარე უპრეტენზიოა, მაგრამ ზოგჯერ ემტერება ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ფარიანა. თუ შორსწასული შემთხვევა არაა, შეიძლება ფოთლის საპნიანი ღრუბლით გაწმენდითაც მოშორდეს, ძლიერი დაზიანებისას კი იყენებენ აქტელიკს - 1-2 მლ 1ლ წყალზე.

საყურადღებოა, რომ მცენარე შხამიანია და ამიტომ იგი ბავშვების და შინაური ცხოველებისგან მოშორებით უნდა დადგან. მასთან მუშაობა კი რეზინის ხელთათმანებითაა საჭირო.მისი წვენის მოხვედრა ლორწოვანზე და კანზე აღიზიანებს მათ. თუმცა ასევე აქვს სამკურნალო თვისებებიც და ჩინურ ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭის ან კბილის ტკივილის დროს.ფოთლებისგან ამზადებენ პრეპარატებს ტუბერკულოზის და პნევმონიის სამკურნალოდ. ზოგი სახეობის ბოლქვი კი საკვებად ვარგისია - მასში ბევრია სახამებელი. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

23 June 0 1 543
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно