გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ცის-ვაზი ღია გრუნტში (Glicinia Wisteria)

ამ მცენარეს 2 სახელი აქვს ოფიციალური - ლათინურად ვისტერია, ბერძნულად კი გლიცინია ჰქვია. ეკუთვნის პარკოსნებს. იზრდება სუბტროპიკებში, ყურადღებას იპყრობს გრძელი ჩამოკიდებული იასამნისფერი მტევნისებრი სურნელოვანი ყვავილედებით. სულ 9 სახეობაა ცნობილი. კულტურაში კი მხოლოდ იაპონური ანუ უხვადმოყვავილე ცის-ვაზი იზრდება. 

ბუნებაში იგი იზრდება ხისმაგვარი ლიანას სახით 15-18მ მდე. ყვავილედის სიგრძე 30სმ მდეა. ყვავილობს ადრე გაზაფხულზე და მთელი ზაფხულის განმავლობაში. მას სხვადასხვა ფორმით ზრდიან - ლიანად, კედლის ამყოლად, ღობისთვის, შტამბურ მცენარედ. სახლშიც ზრდიან კონტეინერში, მაგრამ უმეტესად იგი მაინც ეზოს მცენარეა.

დათესვა - მცენარე ითესება ნოემბერში სუბსტრატში, რომელიც შედგება 4 წილი ფოთლოვანი მიწის, 1 წილი კორდის მიწის, 1 წილი ქვიშისგან.ზემოდანაც თხლად აყრიან ქვიშას, მერე ნამავენ და ასათბურებენ 20-22 გრ ზე. ნიადაგი მუდამ ნამიანი უნდა იყოს. ამოდის დაახლოებით 1 თვეში, 10 დღის მერე გადაქვთ უფრო ნათელ ადგილზე, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს არიდებენ. 2 ფოთლის ამოსვლის მერე ხდება პიკირება ცალკე ქოთნებში.

ნერგები - ასე ცალკცალკე დარგული ნათესი თანდათან უნდა შეაჩვიონ გარე პირობებს, ამიტომ დღეში რამდენიმე სთ გააქვთ გარეთ, ან დებენ ღია სარკმელთან, ოღონდ არა ორპირში.

მისი დათესვა შეიძლება ღია გრუნტშიც ადრე გაზაფხულზე. ასე ნათესი თავიდანვე შეეგუება გარე პირობებს და შედარებით ამტანი იქნება. 

დარგვა - მცენარეს გაზაფხულზე რგავენ, როცა ყინვები აღარ იქნება.იგი ყინვას კარგად უძლებს. მაგრამ ახალგაზრდა მცენარის დაცვა სჯობს ზამთარში. დასარგავ ადგილს ისე არჩევენ, რომ მცენარეს ნახევარი დღე ხვდებოდეს მზის სხივები, ქარისგან დაცული უნდა იყოს, ნიადაგი კი ნოყიერი სჭირდება, დრენირებული და სუსტადმჟავე.

მისთვის თხრიან პატარა ორმოს 60-60-50სმ. შეაქვთ მინერალური სასუქი- 25 გრ კვ მ ზე. თავიდან მცენარე სიცოცხლის ნიშანს არ იძლევა. დიდხანს იზრდება. პირველ წელს მხოლოდ გრძელი წვრილი ტოტი ეზრდება, ყვავილს კი 4-5 ან 10 წლის მერე იკეთებს. 

მოვლა - გაზაფხულიდან ზომიერი მორწყვა სჭირდება. მიწა მუდამ ნამიანი უნდა იყოს. თუ წვიმიანი გაზაფხული არაა, მეტად რწყავენ, რომ კოკრები არ დასცვივდეს. სექტემბრიდან მორწყვა მცირდება.

აქტური ზრდის დროს სჭირდება კვება თხევადი მინერალური და ორგანული სასუქის მონაცვლეობით. სეზონზე ერთხელ მცენარეს რწყავენ ცარციანი ხსნარით - 100გრ ცარცი 1 სათლ წყალზე. ყვავილის დაჭკნობის მერე მათ აშორებენ. აჭრიან გამხმარ ტოტებს, მზარდ ტოტებს კი საყრდენზე მიბმა სჭირდება, რომ სწორი მიმართულებით გაიზარდოს მცენარე.

ზამთარში მას ხსნიან საყრდენიდან, ტოტებს მიწაზე აწვენენ, ზემოდან მშრალ ფოთლებს აყრიან და აფარებენ ლუტრასილს. ასე სჭირდება უთოვლო ზამთარში განსაკუთრებით.

ყვავილობა - ჩინური ცის-ვაზი ყვავილობას 3 წ დან იწყებს, იაპონური - 10 წლის მერე. ყვავილობა აპრილიდან იწყება და ყველა ყვავილი ერთდროულად იშლება. მიწაში არ უნდა იყოს ჭარბად აზოტი - ასე იგი მწვანე მასას გაივითარებს, მაგრამ არ იყვავილებს. 

გასხვლა - ყვავილობის სტიმულაციისთვის სხლავენ. ასევე გასხვლით აძლევენ მცენარეს ფორმასაც. შტამბური მცენარისთვის ყველა გვერდით ტოტს აშორებენ და ერთ ძლიერს სტოვებენ. თუ ხვიარად გსურთ გაზარდოთ, ასევე უნდა მოშორდეს გვერდითა ტოტები, რომ მცენარემ ზედმეტი ენერგია არ დახარჯოს მათზე. გაზაფხულზე მცენარეს აშორებენ გამხმარ ტოტებს. ახალი ტოტები კი ყვავილს გამოიტანს მაშინ, თუ მათ დაამოკლებთ 30 სმ მდე. მცენარის ფორმირებისთვის ზაფხულში სხლავენ - გვერდითა ტოტებს 20-40 სმ მდე ამოკლებენ, ზაფხულის ბოლოს კი კიდევ 10-20 სმ ით.

გამრავლება - თესლით გამრავლების შესახებ ზემოთ დაიწერა, მაგრამ ხშირად ასე გაზრდილი მცეარე არ ყვავილობს. მიზეზი უცნობია, ზოგადად, თესლით გაზრდილი მცენარე არასაიმედოა, ამიტომ მას უმეტესად ვეგეტატიური გზით ამრავლებენ. ყველაზე კარგი მეთოდი - გადაწვენაა. გაზაფხულზე ირჩევენ ძლიერ ახალ ტოტს. მის შუაში სიგრძეზე აკეთებენ ნაჭდევს ირიბად. ტოტს ხრიან მიწაზე, ამაგრებენ და ზემოდან აყრიან მიწას. მომდევნო გაზაფხულზე დაფესვიანებულ ტოტს აშორებენ დედა მცენარეს.

დაავადებები - ხანდახან ემტერება ბუგრი ან სამყურას ტკიპა. მათ ებრძვიან ინსექტიციდით ან აკარიციდით. თუ მცენარე ტუტე ნიადაგზე იზრდება, შეიძლება დაემართოს ქლოროზი, მის წინააღმდეგ რკინის პრეპარატებს აძლევენ.

სახეობები - ჩინური- 15-20მ სიგრძის ლიანა იასამნისფერი ყვავილებით. ნაყოფი 15 სმ სიგრძის პარკი. შეიძლება ყვავილი იყოს თეთრი და ხუჭუჭა. უხვადმოყვავილე - 8-10 მ სიგრძის, ბევრი ყვავილებით. ყვავილედიც გრძელია- 50 სმ მდე. ყვავილი კი უფრო პატარაა, იისფერ-ცისფერია.და თანდათან იშლება. მცენარე უფრო ყინვაგამძლეა. არის საბაღე ფორმებიც - თეთრი, ვარდისფერი, იისფერი, ხუჭუჭა და ვარიეგატული ჭრელი ფოთლებით.

კიდევ არსებობს ბუჩქისებრი, მშვენიერი, მსხვილყვავილედიანი სახეობები. ასევე გამოყვანილია ბლუ მუნ - ჯიში, რომელიც კარგად უძლებს ყინვას. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

22 June 0 21 429

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно