ინდური იასამანი, ირმის რქა (Lagerstroemia)

მცენარე მიეკუთვნება ცოცხმაგარასებრთა ოჯახს. გვარი აერთიანებს 25 სახეობას, ყველა ლამაზადმოყვავილე ბუჩქი ან ხეა, ჩვენში რამდენიმე სახელით იცნობენ. ოფიციალური სახელი - ლაგერსტრომია კი ვაჭარი მაგნუს ფონ ლაგერსტრემის პატივსაცემად დაერქვა, რომელსაც ეს მცენარე ჩამოჰქონდა ევროპაში და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქების გუნერნატორებს ჩუქნიდა. მისი სამშობლო ჩინეთია, მაგრამ გავრცლდა ინდოეთიდან, სწორედ ამიტომ აქვს სახელი - ინდური იასამანი.

დღეს იგი გავრცელებული საბაღე დეკორატიული მცენარეა და კარგად ხარობს უკრაინაში, კავკასიის ქვეყნებში, როგორც ოთახის მცენარე - ასევე პოპულარულია უკვე მთელს მსოფლიოში. ბუნებაში მისი სიმაღლე ხშირად აღწევს 10მ ს, სახლში კი მხოლოდ 1მ იზრდება, აქვს მუქი მწვანე ოვალური ფოთოლი, რომელიც შემოდგომაზე წითელ ან ყვითელ ფერს იძენს და მერე ცვივა. კვირტები კი უკვე იანვარში ამოაქვს. უხვად ყვავილობს სახლშიც და ეზოშიც ივლის-ოქტომბრის პერიოდში, თუ სწორად მოუვლით.

ყვავილი ამოდის მრგვალი, კენკრისებრი კვირტებიდან. ყვავილედი მტევნისებურია, ყვავილს გრძელი ბუტკო აქვს, მცენარის ასაკის და დღის პერიოდის მიხედვით ყვავილი ფერს იცვლის და ხშირად ერთ მცენარეზე სხვადასხვა ფერის გვხვდება - ფერები მოიცავს თეთრიდან მუქ იისფრამდე ყველა ტონალობას. 

სახეობები - ყველაზე ხშირად ინდური გვხვდება - 6 სმ სიგრძის ფოთლები 2 ფერია - ღია მწვანე ზემოდან და მუქი ქვემოდან, ადვილად ადაპტირდება გარემოში და სწრაფად ამიტომ მოიპოვა პოპულარობა.

ასევე ცნობილია უხვადმოყვავილე და მოხდენილი ლაგერსტრომია. - სხვადასხვა ტონალობის ვარდისფერი ყვავილებით, ფოთლები კი წაწვეტებული აქვთ ბოლოებში. ხის ტანი თეთრია კრემისფერ ტონალობაში. იზრდება როგირც ბუჩქად, ისე დაბალ ხეებად.

მოვლა - მცენარე პრეტენზიულია და კარგი მოვლა სჭირდება, წესების დაცვის გარეშე ცუდად იყვავილებს. ყვავილობის ხარისხზე მოქმედებს გასხვლა და განათება. მნიშვნელოვანია მოსვენების ეტაპი - თუ იგი ფოთლებით გამოიზამთრებს, მომდევნო წელს ენერგია არ  ეყოფა გაზრდისთვის. სახლის სახეობები მედეგია მავნებლებისადმი, მაგრამ ყოველწლიურად სჭირდება პროფილაქტუკური დამუშავება.

მორწყვა - მთავარი პირობაა  მისი სწორად გაზრდისთვის. ყვავილობისას და აქტიური ზრდისას ესაჭიროება რეგულარული მორწყვა, რომ მიწა სულ ნამიანი იყოს, დაუშვებელია გამოშრობა, ასე იგი კოკრებს დაიცვენს, მაგრამ არც გადაჭარბება ივარგებს - მიწაში გაჩნდება ობი, რაც მცენარეს მოკლავს.

 გაზაფხულზე და შემოდგომაზე  დღეში ერთხელ ირწყვება, ცხელ ზაფხულში კი ორჯერ. ზამთარში მინიმუმამდე დაჰყავთ და მხოლოდ მიწას ნამავენ, რომ ბოლომდე არ გამოშრეს. 

მორწყვა სჭირდება ნადგამი წყლით, მას მოსწონს მაღალი ტენიანობა ჰაერში, ამიტომ თუ ოთახში მშრალი ჰაერია, სჭირდება დანამვა დილით ან  საღამოს, რომ მზე არ მოხვდეს სველ ფოთოლს და არ დაეწვას. დანამვა სჭირდება ზამთარშიც, თუ იგი ფოთოლს არ იცვენს.

ტემპერატურა - ზრდის დროს სჭირდება 18-24 გრ, ზამთარში კი სიგრილეში გააქვთ - 10-12 გრ ზე, მას მოსვენების ეტაპი აქვს, თუ თბილად გამოიზამთრებს და ვერ დაისვენებს, დასუსტდება და  შეიძლება საერთოდ არ იყვავილოს.

მცენარე იტანს ხანმოკლე ყინვებს - სახლის პირობებში -5 გრ მდე, გარეთ - 10 გრ მდე, თუ გახანგრძლივდება ყინვა, მცენარე კვდება,

იგი კარგადაა ს აღ ან ს დას მხარეს ფანჯარაზე ან აივანზე. მას არ ეშინია მზის, ძლიერ ჩრდილში ტოტები ეწელება და არც ყვავილობა აქვს უხვი. მსუბუქად მოჩრდილვა უნდა ზამთარში, მაგრამ ახალგაზრდა მცენარეს მოსვენების ეტაპზე ფანჯარაზე დებენ, რომ ტემპერატურა ოთახისაზე ოდნავ ნაკლები იყოს.

გასხვლა - ხეც და ბუჩქიც სწრაფად იზრდება და იტოტება, რამდენიმე წლის მერე იმდენად ხშირდება, რომ ყვავილობას ვეღარ ახერხებს, ყვავილი მას ახალ ტოტეზე ამოაქვს, ამიტომ 2 წლიდან სჭირდება გასხვლა. ეს ხდება წელიწადში ერთხელ. შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე მის სრულ გაღვიძებამდე. ტოტებს უმოკლებენ 20-30 სმ მდე, ტოვებენ სიგრძის მესამედს.

შესაძლებელია მისი ფორმირებაც გასხვლით - თუ მას ხედ ზრდიან, უტოვებენ ერთ ძლიერ ტოტს ფესვიდან, სხვებს აშორებენ, თუ ბუჩქი სჭირდებათ, რამდენიმე გავითარებულ ტოტს სტოვებენ. ასევე აშორებენ წვრილ სუსტ დაზიანებულ ტოტებს და შიგნით მიმართულ ტოტებსაც. იგი კარგი საბონსაე მცენარეა. 

კვება - ინდური იასამანი კარგად იზრდება ნოყიერ ნიადაგზე, რომელიც შედგება ტორფის, ქვიშის, კორდის და ფოთლოვანი მიწის თანაბარი ოდენობისგან. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს, ნიადაგი უნდაიყოს ფხვიერი.

სასუქი რეგულარულად შეაქვთ ზრდის და ყვავილობის დროს. გაზაფხულზე 2 კვირაში ერთხელ რწყავენ თხევადი კომპლექსური სასუქით. ყვავილობის წინ კი მოყვავილე მცენარეებისთვის განკუთვნილ სასუქს უმატებენ.

გადარგვა - სჭირდება ფესვების ზრდის მიხედვით, დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ. იგი ცუდად იტანს გადარგვას. ახალი ქოთანი ოდნავ დიდი უნდა იყოს წინაზე. ფესვები სიღრმეში მიდის, ამიტომ არჩევენ შედარებით მაღალ ქოთანს. გადარგვა ხდება გაზაფხულზე, სანამ ზრდას დაიწყებს.

გამრავლება - შეიძლება თესლით, კალმით ან დაყოფით. დაკალმება კარგია ადრე  გაზაფხულზე. გახევებულ ტოტებს აჭრიან, ამუშავებენ ფესვის ზრდის სტიმულატორით და რგავენ ტორფნარევ ქვიშაში ნათელ თბილ ადგილზე. კარგია დასათბურება, მაგრამ პერიოდულად ხდიან თავს და ანიავებენ. 20 დღეში ფესვები ეზრდება.

დათესვა ხდება ნამიან სუბსტრატში 1-2 სმ ზე. ზემოდან ჭურჭელს აფარებენ მინას და დებენ 24 გრ ზე, პერიოდულად მიწას ნამავენ. 2-4 კვირაში ნათესი ამოვა. კიდევ 2 თვის მერე გადააქვთ ცალკე ქოთნებში.

ფესვის ამონაყარის დედა მცენარდან მოშორება  გაზაფხულზე ხდება, გადარგვის დროს. მთავარია, ამონაყარს საკუთარი ფესვებიც ჰქონდეს. მას რგავენ მსუბუქ სუბსტრატში, კარგად ნამავენ და დებენ თბილ მოჩრდილულ ადგილზე. მოძლიერებული მცენარე მოგვიანებით გადააქვთ მუდმივ ადგილზე. ახალგაზრდა მცენარე იყვავილებს მეორე წელს.

დაავადებები - მცენარე ადვილად ავადდება და ხშირად მწერებიც სტუმრობენ. ბუნებაში მთავარი მტერი ბუგრია, იშვიათად აზიანებს წითელი აბლაბუდა ტკიპა. სახლის პირობებში ზოგჯერ ობი უჩნდება, მერე კი ნაცარი, მას მკურნალობენ ფუნგიციდებით.

ხშირი პრობლემებია - სუსტი ყვავილობა - არასაკმარისი განათების, დაბალი ტემპერატურის ან მოსვენების პერიოდის უქონლობა

ტოტების გაწელვა - არასაკმარისი განათება და კვება. ყვავილების არარსებობა - არასწორი გასხვლის შედეგად. გახმობა - ჭარბი მორწყვის ან მიწის გაშრობის გამო, ასევე დიდი ხნით სიცივეში ყოფნისას. ფოთლების და ყვავილის ცვენა ზაფხულში - ტენიანობის ნაკლებობისას. მისი მოვლა სახლში რთულია და გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. იმისთვის, რომ მცენარემ უხვად იყვავილოს, წესების სრული დაცვაა საჭირო. იგი კარგად ეწერება გვიმრების, სხვა ბუჩქების ან ხეების კომპოზიციაში.

გარეთ - სამხრეთ რეგიონებში იგი გარეთაც კარგად ხარობს, გაალამაზებს ეზოს, მაგრამ მისი მოვლა დიდად არ განსხვავდება სახლის მცენარის მოვლისგან. უხვად ყვავილობისთვის სჭირდება მზიანი ადგილი, ნოყიერი და არც ისე მძიმე ნიადაგი, თბილი გამოზამთრება, ეს მის გაზრდის პირობებზეა დამოკიდებული. მას ან დიდ კონტეინერში დებენ ან ღია გუნტში აქვთ ჩარგული, პირველ შემთხვევში, როცა მცენარე ფოთოლს დაიცვენს, კონტეინერი შეაქვთ გრილ შენობაში - 5 - 10გრ სითბოში და იქ გამოაზამთრებენ. ძალიან იშვიათად, თვეში ერთხელ ცოტა წყალს უსხამენ, აპრილიდან კი ისევ გამოაქვთ გარეთ.

თუ პირდაპირ ღია გრუნტში იზრდება, ზამთარში უნდა გადაიჭრას და ნახერხს ან წიწვოვნების ტოტებს აყრიან.

ინდური იასამანი სხვებზე გვიან იღვიძებს და ზოგ გამოუცდელ მებაღეს ჰგონია, რომ მოკვდა, თუმცა, როდესაც მიწა კარგად გათბება, იგი ისევ იწყებს ზრდას. ასე რომ, ინდური იასამანი შეიძლება იქონიოთ ეზოშიც და სახლშიც. კარგი მოვლით იგი დიდხანს გაგახარებთ უხვი ყვავილობით. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქში https://www.facebook.com/groups/yvavilebi/
 

17 June 0 2 468
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно