ჩაგირი - საოცარი მცენარე (Bergenia)

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ქვატეხიასებრთა ოჯახიდან. გვარში 10 სახეობაა. იზრდება 60სმ სიმაღლის. ტყავისებრი მუქი მწვანე მრგვალი ფოთლები როზეტებადაა შეკრული ფესვთან. ყვავილი ზანზალაკისებრია, ვარდისფერი, თეთრი ან წითელი. შეკრულია ფარისებრ ყვავილედად. ბუნებაში ყვავილობს ივნის- ივლისში, ეზოებში კი გაზაფხულიდან იწყებს ყვავილობას.

სამშობლო - შუა აზია, ჩრ მონღოლეთი, ალტაის მხარე. კარგად მრავლდება თესლით ტოტით ან ზრდასრული მცენარის დაყოფით, ირწყვება  ზაფხულში  რეგულარულად. ზამთარში არ რწყავენ. დანამვა არ სჭირდება, კარგად უძლებს გვალვას და ყინვას. მოსწონს ნახევრადჩრდილი. მისი გაზრდა შეიძლება სახლის პირობებშიც.

ბაღში - მცენარე ირგვება ივლისის ბოლოს, მისთვის ვარგისია ნებისმიერი ნიადაგი, ოღონდ კარგი დრენაჟით - ვერ იტანს წყალს ფესვებში. თუ რამდენიმე უნდა დაირგას, მანძილი მათ შორის 40სმ უნდა იყოს იმისთვის, რომ ფესვები ნორმალურად გავითარდეს. პირველ წელს იზრდება ნელა, მეორე წელს ზოგ ტოტზე იშლება რამდენიმე ყვავილი, მესამე წლიდან კი უკვე სრულყოფილად ყვავილობს.

გამრავლება - შესაძლებელია თესლით, კალმით ან ბუჩქის დაყოფით. თესლით გამრავლება ხანგრძლივი პროცესია და ხშირად არც კარგი შედეგი აქვს, ზედმეტი ყურადღება სჭირდება და განსაკუთრებული მოვლა.ამიტომ იშვიათად იყენებენ.

კალმად გამოდგება 10-20სმ სიგრძის  მცოცავი ფესურა ზედ მინიმუმ 3 კვირტით. მას რგავენ 1,5-2სმ სიღრმეზე 35-40სმ დაშორებით ერთმანეთისგან. ასე ხდება ყვავილობის მერე მაის-აგვისტოს პერიოდში, რომ ყინვამდე მოასწროს დაფესვიანება.

ბუჩქის დაყოფა ხდება 5 წელიწადში ერთხელ სექტემბერში. ირგვება 30-40სმ დაშორებით ერთმანთისგან. პირველი 2-3 კვირა უხვად ირწყვება.

მოვლა - იგი უპრეტენზიოა, კარგად იტანს ყინვას, გვალვას, პერიოდულად  სჭირდება მულჩირება, ზოგჯერ გაზრდილი ტოტების დამოკლება, ყვავილობამდე და მის მერე კი -კომპლექსური მინერალური სასუქი 2-3 კვირაში ერთხელ.

ერთ ადგილზე იზრდება 20 წლამდე, მაგრამ უკეთესი გავითარებისთვის სჯობს 7-8 წელიწადში ერთხელ გადარგვა,

სახეობები - გულისებრფოთოლა ჩაგირი - ხარობს ალტაის მხარეში, იზრდება 20-40სმ სიმაღლის, ფოთოლი მუქი მწვანეა, გულის ფორმის, ზამთარს ატარებს თოვლის ქვეშ. ყვავილი მუქი ვარდისფერი ან იასამნისფერ-ვარდისფერია, მტევნისებრ ყვავილედად შეკრული. არის კიდევ თეთრი ან ლილისფერი ყვავილებითაც. ყვავილობს მაისში დაახლოებით 20 დღე. ზამთარში უძლებს -40გრ ს.

სქელფოთოლა ჩაგირი - ხარობს ჩრ მონღოლეთში. მრავალწლიანი 60სმ სიმაღლის მცენარე სქელი, მიწისზევით მცოცავი ფესურით, რომელიც დაფარულია ძველი, გამხმარი ფოთლების ასევე გამხმარი ნაზარდით. მათი უბეებიდან კი ბევრი დამატებითი ფესვი გამოდის.

მცენარე მწვანე ფოთოლს მომდევნო გაზაფხულამდე ინარჩუნებს. 1 სმ ზომის იასანმნისფერ-ვარდისფერი ყვავილები საგველა ყვავილედებადაა შეკრული ტოტის თავზე. ყვავილობს აპრილში 40-50 დღე, აგვისტოში მწიფდება თესლი, რომელიც ამოსვლის უნარს ინარჩუნებს 2 წელი.

მცენარე ლამაზია ეზოებში, პარკებში, მაგრამ მას კიდევ მედიცინაშიც იყენებენ. მისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ, სისხლის აღმდგენად, აქვს ბაქტერიციდული ეფექტი, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აქვეითებს წნევას. იყენებენ გინეკოლოგიაში, სტომატოლოგიაში.

მცენარეს საკვებადაც იყენებენ - კარგად დამბალ და გამშრალ ფესურებს, რომლებიც მდიდარია სახამებლით, ფქვავენ და ფქვილს უმატებენ. 
 

15 June 0 892
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно