მცენარეები, რომლებსაც ვერ მოკლავთ

ვისაც ეზოიანი სახლი არ აქვს და აგარაკზეც არც ისე ხშირად უწევს წასვლა სამსახურის გამო, ეძებს ისეთ მცენარეებს, რომლებსაც მინიმალური მოვლა სჭირდება. ზოგიერთი მცენარე ვერ უძლებს გვალვას, ზოგიც ყინვის გამო კვდება, მაგრამ არსებობენ მცენარეები, რომლებსაც ასეთი პირობები არ აშინებს და მთელი წელი მშვენივრად არიან.

პეტუნია - ბევრისთვის საყვარელი მცენარეა. გასაზრდელად ადვილი, უხვად და დიდხანს ყვავილობს, არც კვება სჭირდება, ახალი ჯიშები კი დაავადებების მიმართ საკმაოდ გამძლეა.

ყვავილობს მზეზეც და ნახევრადჩრდილშიც, უწყლოდაც რამდენიმე დღე სძლებს უფრო დიდხანს თუ გაგრძელდა გვალვა, მცენარე იწყენს, მაგრამ ერთი ჭიქა წყალი უცებ მოასულიერებს.

ექინაცეა - ასეთ მცენარეებში ერთერთი პირველი ადგილი უჭირავს. ეგუება ყოველგვარ პირობებს, არ უჭირს სხვა მცენარეებთან ურთიერთობაც. თუ მას კარგად დრენირებულ ნიადაგზე მიუჩენთ ადგილს, სხვა მხრივ არაფერი უნდა- ყვავილობს მზეზეც და ნახევრადჩრდილშიც. 

იგი იზიდავს პეპლებს და ფუტკრებს, რის გამოც თქვენი ყვავილნარი ცოცხალი იქნება. ექინაცეა კარგია თაიგულისთვისაც, დიდხანს სძლებს მოჭრილ მდგომარეობაში. ყვავილი სხვადასხვა ფერისაა ჯიშის მიხედვით - თეთრი, ვარდისფერი, იისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანეც კი.

ცხრაფერა - კოსმეა თუ მოგწონთ დიდი, მაღალი და ნაზი ყვავილები, ეს მცენარე თქვენთვისაა. იგი ერთწლიანია, მაგრამ თვითჩათესვითაც ამოდის მომდევნო წელს. ყვავილობს მთელი ზაფხული და შემოდგომა, ყინვებამდეც კი. 

ადვილად ამოდის, მოვლა დიდად არ უნდა. ეს მაღალი მცენარე ადვილად ფარავს შეუხედავ კუთხეებს ბაღში.

ყვითელი შროშანი - იგი კლასიკური ბაღისთვისაა. თანაც უძლებს გვალვას, წყალდიდობას, ცხოვრობს მარილიან ნიადაგზეც, მას სპეციალურად რგავენ ციცაბო ფერდზე მიწის ეროზიის თავიდან ასაცილებლად.

კარგად ყვავილობს მზეზე, თუმცა ცხოვრობს ჩრდილშიც. 3-5 წელიწადში ერთხელ ბუჩქებს ყოფენ - ეს არც ისე რთული პროცედურაა.

კლდისვაშლა - ლამაზი სუკულენტია და მისი მოკვლა მხოლოდ გადაჭარბებული ყურადღებით შეიძლება. მცენარე ძალიან უპრეტენზიოა. კარგად იზრდება როკარიუმებსა და ალპინარიუმებში. ფესვები არც ისე ღრმად აქვს, ამიტომ ნებისმიერ ადგილს ერგება, თუმცა ურჩევნია კარგად დრენირებული ნიადაგი.

ასფურცელა - ესეც მარადიული მცენარეა სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებით, რაც ყვავილედებადაა შეკრული - ყვითელი, თეთრი, ვარდისფერი ან წითელი.

ამ მცენარის ზოგი ჯიში ძალიან აგრესიულია და სწრაფად იზრდება, მერე კი გამოხშირვა სჭირდება. ამიტომ შეარჩიეთ ნაკლებაგრესიული დასარგავად. იგი კარგად იტანს  გვალვას და თქვენი უყურადღებობაც არ სწყინს დიდად.

ჰოსტა - იგი ჩრდილის მცენარეა, ბევრი ფოთოლი აქვს და თან დეკორატიული, განსხვავებული ფერის, ფორმის, ტექსტურის. მაგრამ ეს არ ნიშნვს, რომ არ ყვავილობს, ან ყვავილი არ უვარგა. ზაფხულში ამოაქვს თეთრი, ვარდისფერი ან იისფერი მორცხვად მომზირალი ყვავილები მაღალ ღერზე.

თუ მას გუბურასთან დარგავთ, მორწყვა არც მოგიწევთ მერე  და გუბურაც  გალამაზდება. მცენარე ადვილად იყოფა, რაც ნიშნავს, რომ ადვილი გასამრავლებელია.

კვირისტავა - ცინია კარგად უძლებს სიცხეს, გვალვას, დაავადებების მიმართ მედეგია. იგი ერთწლიანი  მცენარეა, ლამაზად და დიდხანს ყვავილობს - ყინვებამდეც კი. 

სახეობები უამრავია, თუმცა ყვავილნარში ძირითადად  წვრილფოთოლა და მოხდენილი კვირისტავა აქვთ, ამ სახეობების ჯიშები უამრავია და ბაღიც მრავალფეროვანი ხდება მათი წყალობით.

ასე რომ,თუ გნებავთ ნაკვეთში ლამაზი ყვავილნარი გქონდეთ და მის მოვლაზეც დიდი დრო  არ დახარჯოთ, უკვე იცით, რომელი ყვავილები გჭირდებათ ამისთვის. გაქვთ კითხვები? შემოგვიერთდით ფეისბუქზე,დააჭირეთ მოცემულ ბმულ: https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

01 June 0 3 694
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно