ვარდის მოვლისას დაშვებული შეცდომები

აგარაკი მხოლოდ ხეხილი და ბოსტნის კვლები არ არის, აქ ასევე უამრავი ლამაზი ყვავილია. მათ შორის ვარდს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ვარდი განსაკუთრებული მცენარეა და ასევე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მაგრამ ზოგჯერ იგი ან არ ყვავილობს, ან ავად ხდება, ან საერთოდ, კვდება.

გამოუცდელი მოყვარულები ხშირად შეცდომებს უშვებენ მისი გაზრდის დროს. ყველაზე ხშირად კი შემდეგი სახის  შეცდომები მოსდით:

1.დარგვის არასწორი ადგილის შერჩევა - ვარდს არ რგავენ იქ, სადაც მოხვდება. გასათვალისწინებელია მცენარის მოთხოვნები:

განათება დიდად მნიშვნელოვანი მომენტია მცენარის ზრდის, ყვავილობის და დაავადებებისადმი მდგრადობის კუთხით. რაც მეტია სინათლე, მით უკეთ გრძნობს თავს ვარდი.

სითბოს ნაკლებობისას მცირდება სასარგებლო ნივთიერებების დაგროვება მცენარეში. განსაკუთრებით მოქმედებს ცივი ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი, ამიტომ საჭიროა ვარდის დარგვა ქარისგან დაცულ ადგილზე.

ტენიანობა მიწაში არც ისე მოსწონს ვარდს და მისი ფესვები კვდება ჰაერის უკმარისობის გამო, მერე კი მთელი მცენარე ხმება. ზამთარში, სველი მიწა უფრო მეტად იყინება და მცენარესაც მოყინვა ემუქრება.

ნიადაგის მჟავეობასაც მნიშვნელობა აქვს.  ვარდს მოსწონს ნეიტრალური ნიადაგი. მასში მცენარე კარგად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს. თუ მაჩვენებელი გაიზრდება ან შემცირდება, ნივთიერებები გადავლენ მცენარისთვის რთულად ასათვისებელ ფორმაში.

 მას არ რგავენ ხეებქვეშ. ასე დარგული ვარდი ცუდად იყვავილებს,- ხე ართმევს წყალს და საკვებს, მისი ჩრდილის გამო კი ტოტები უგრძელდება, უწვრილდება, იკეთებს ტყუილ კოკრებს, მცენარე ხშირად ავადდება სოკოვანი დაავადებებით.

იმისთვის, რომ მცენარემ უხვად იყვავილოს, უნდა დაირგას მზიან, თბილ, უქარო ადგილზე ხეებისგან მოშორებით.

2.დამყნობილი ვარდების არასწორად დარგვა, -დამყნილი ვარდის შედარებით სუსტი წერტილია მყნობის ადგილი. ამიტომ ამ ადგილს მეტი ყურადღება სჭირდება. სწორად დარგულად ითვლება ვარდი, თუ მყნობის ადგილი3-5 სმ ით დაბლაა მიწაში. რატომაა ასე მნიშვნელოვანი ეს მომენტი?

თუ მყნობის წერტილი  მიწის ზემოთ მოექცა, ახალი კვირტები და ტოტები ვითარდება ადგილზე, რაც კარგადაა განათებული, ანუ საძირეზე, რაც უმეტეს  შემთხვევში ასკილია. შესაბამისად ახალი ნაზარდი ასკილი იქნება, იგი წაართმევს ვარდს საკვებს და წყალს და დაასუსტებს. თუ,პირიქით, ეს ადგილი მიწაში ღრმად მოხვდა, ვარდი ცუდად შეეზრდება, მორწყვისას კი ყელი ადვილად სველდება და ვარდი კვდება. რაც შეეხება ხვიარებს, მათ უფრო ღრმად სჭირდება ჩარგვა - 10სმ ზე მაინც. ასე დარგულ მცენარეს ფესვები უვითარდება კულტურულ ნაწილში, უფრო ღრმა ასკილის ფესვები კი ნაზარდს არ იკეთებს.

3.ვარდის არასწორი გასხვლა ზაფხულში - აქ ორგვარ შეცდომას უშვებენ ხშირად. - როცა მცენარეს არ აშორებენ მოყვავილებულ ნაწილებს. გვირგვინის ფურცლები სცვივა, ტოტზე რჩება ნაყოფი. ეს არასწორია, მომდევნო ყვავილობა ბუჩქზე არ იქნება.

ბუნებაში ეს ასე ხდება და ვარდი ზამთრისთვის მზადებას იწყებს, მაგრამ ეზოში მეტი ყვავილობაა საჭირო, ამიტომ ყვავილის მოცლით მომდევნო კოკრების წარმოქმნის სტიმულირება ხდება.

და მეორე - ზოგჯერ ვარდს ტოტები ეზრდება კოკრების გარეშე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მცენარემ უკეთ იცის, სად გამოისხას ყვავილი და ასეთ ტოტებს ყურადღებას არ აქცევენ. სულ ტყუილად - ასეთი ტოტების გასხვლის მერე იქაც გამოვა ყვავილი.

4.ზედაპირული მორწყვა - ვარდი განიცდის წყლის ნაკლებობას, როდესაც მცენარეს ზედაპირულად რწყავენ. ასეთ მორწყვას, თუნდაც ყოველდღიურად, შედეგი არ აქვს. მიწა მხოლოდ ზედა ფენებზე სველდება, ფესვებთან კი წყალი არ მიდის და გარეგნულად კარგად მორწყულ ვარდს მაინც სწყურია. მაშ, როგორ უნდა მოირწყას ვარდი?

მცენარეს გარშემო უკეთებენ 12-15 სმ სიღრმის თხრილს და ავსებენ წყლით, მერე კი როცა წყალს შეიწოვს სრულად, ისევ მიწით ავსებენ. ვარდს აქტიური ვეგეტაციის დროს 7-10 დღეში ერთხელ რწყავენ. სიცხეში კი 3-5 დღეში

ერთ ჯერზე ბუჩქს სჭირდება 5-10ლ წყალი,- ნიადაგმფენ ვარდებს და 10-15 ლ -ხვიარებს.

არ შეიძლება მცენარის მორწყვა სიცხეში, მზეზე. თუ რწყავთ შხაპური მეთოდით, მაშინ არც მზეში და არც საღამოს ივარგებს, რადგან მზეზე სველი ფოთლები ეწვება, საღამის დასველებული კი ვერ ასწრებს გაშრობას და სოკოვანი ინფექციის წყარო ხდება.

შემოდგომიდან მორწყვას ამცირებენ. გამონაკლისია ის ვარდები, რომლებიც ამ სეზონზეც აგრძელებენ ყვავილობას.

5.არასწორი მიდგომა კვებისადმი - ზოგჯერ ცდილობენ, ყვავილობისას  რაც შეიძლება კარგად კვებონ ვარდი და დიდ შეცდომასაც უშვებენ.ხშირად არასწორ დროს მცენარის კვება ყვავილებს აცვენს, ზოგჯერ კი მცენარე კვდება კიდეც.

სრული კომპლექსური სასუქი აზოტის, ფოსფორის და კალიუმის თანაბარი შემცველობით  ვარდს სჭირდება გაზაფხულზე, ყვავილობისას კი ზიანის მოტანა შეუძლია.

აზოტი საჭიროა გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ტოტების და ფოთლების აქტიური ზრდისთვის, შემოდგომაზე კი მცენარეს ავნებს, რადგან იგი იწვევს ტოტების ზრდას, რომლებიც ზამთარში ვერ მოასწრებს მოღონიერებას და შეიძლება მოიყინოს.

ყვავილობას ხელს უწყობს ფოსფორი და კალიუმი, ამიტომ  კოკრობისას მათი მიცემა საჭიროა.

ბოლო კვება სექტემბრის შუა რიცხვებში სჭირდება და ამ პერიოდში იყენებენ ფოსფორ-კალიუმიან ნარევს.

გადამწვარი და ნახევრადგადამწვარი ნაკელი კარგი ორგანული სასუქია, ახალი კი ფესვების დამწვრობას გამოიწვევს

ყვავილობისას სჯობს კვებისგან თავის შეკავება.

6.და ბოლოს, ვარდის ბუჩქის ზამთრისთვის არასწორად მომზადება - აქ ოთხნაირი შეცდომა მოსდით უმეტესად-როცა შემოდგომაზე აზოტიან სასუქს აძლევენ მცენარეს, როცა მცენარეზე რჩება ფოთლები, როცა ბუჩქს ნაადრევად აფარებენ საზამთროდ, როცა ზედმეტად სხლავენ ბუჩქს. ასეთი რამ შეცდომად ითვლება, რადგან აზოტი ხელს უწყობს ახალი ტოტების ზრდას, უმეტესობა ვერ ასწრებს მოღონიერებას ზამთრისთვის და იყინება. ფოთლები, რომლებიც რჩება ზამთარში ტოტებზე, ხშირად მავნე მწერების ბუდეს წარმოადგენს. ნაადრევად ბუჩქის დაფარება განაპირობებს მისი ტოტების მოყინვას, რადგან მათში ზრდის პროცესი ისევ გრძელდება და მომწიფება არ ხდება, ამიტომ დაფარება საჭიროა პირველი ყინვების მერე. გასხვლა ხდება ადრე გაზაფხულზე, როცა ნათელი ხდება, რომელმა ტოტებმა გაუძლეს ზამთარს.

ამ შეცდომებს თუ არ გაიმეორებთ და რჩევებს გაითვალისწინებთ, ბაღში  მშვენიერ ჯანმრთელ ვარდებს გაზრდით. ჩვენი ჯგუფი ფეიზბუქზე მოცემულია ბმულზე, თუ გსურთ შემოგვიერთით გადადით ლინკზე: https://www.facebook.com/groups/yvavilebi/

26 May 0 6 498
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно