რატომ არ ყვავილობს იორდასალამი - პიონი

ზოგჯერ ასეც ხდება - გარეგნულად იორდასალამი სრულიად ჯანსაღად გამოიყურება, მაგრამ რატომღაც არაფრით ყვავილობს. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

1.თუ ადგილი არასწორადაა შერჩეული. ზედმეტად ჩრდილში, მშრალ ან პირიქით, სველ ნიადაგზე დარგული მცენარე არ იყვავილებს. მისთვის არ შეიძლება დაგუბებული წყალი, ასეთ ადგილზე იგი სწრაფად დალპება. თუ გვერდით დიდი ხეები ან შენობაა, სჯობს გადარგვა, ვინაიდან ხეები მას წყალს და საკვებს ართმევენ, შენობის სიახლოვეს კი ადვილად გადახურდება, ან შეაწუხებს სახურავიდან დამდნარი თოვლის წყლის დიდი მასა.

2.თუ მცენარე ახალი დარგულია ან ძალიან პატარაა. ასეთ შემთხვევაშიც არ იყვავილებს, რადგან თავიდან 1-2 წელი ნელა იზრდება. პირველი წელი სჭირდება საკვების დაგროვებას შედარებით დიდ ფესვებში და ამ დროს ახალი ფესვები არ ვითარდება. ეს უკვე მეორე წელს ხდება. 

3. თუ დანაყოფი ძალიან დიდია, შეუსაამობაა ფესვების ზომასა და კვირტების რაოდენობას  შორის. როდესაც კვირტები მეტია, ფესვები კი ცოტა. მზარდ ტოტებს საკვები არ ჰყოფნის და  კვდება. ამისთანა მცენარეს თავიდან სჭირდება დაყოფა.

4. როდესაც მცენარეს ხშირად იღებენ მიწიდან და ჰყოფენ. ეს მის დასუსტებას იწვევს. დაყოფის მერე მას ხელი არ უნდა ახლოთ 4-5 წელი მაინც.

5.თუ ბუჩქი ძალიან ღრმად ან პირიქით, ზედაპირულადაა ჩარგული. ზედა კვირტსა და მიწის ზედაპირს შორის 3-5 სმ უნდა იყოს მძიმე თიხნარ მიწაში და 5-7 სმ მსუბუქ ქვიშნარ მიწაში. თუ კვირტები უფრო ზემოთ დარჩა, ისინი გაზაფხულის ყინვას ვერ გაუძლებენ ან ზაფხულის სიცხე-სიმშრალეში დაიღუპებიან.

6. თუ ბუჩქი დაბერდა . მცენარეს დაჰყოფენ და თავიდან რგავენ.

7. როდესაც მიწაში შეაქვთ ჭარბად სასუქი. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ყვავილობაზე აზოტიანი სასუქი. ამიტომ სჯობს, დააკლდეს კვება, ვიდრე ჭარბად მოუვიდეს დოზა.

8. შესაძლებელია, მიწის მჟავიანობა მაღალი იყოს, სადაც იორდასალამია ჩარგული. ასეთ შემთხვევაში მიწას ატუტიანებენ. მასში შეაქვთ 350გრ კირი კვ. მ ზე. ნორმალური მჟავეობა იორდასალამისთვის - 6,5 ია.
9.თუ პირიქით, მცენარე შიმშილობს და სასუქი აკლია. ასეთ დროს შესაძლებელია გამოიტანოს კოკრები, მაგრამ მერე ყვავილი ბოლომდე არ იშლება. ამ მცენარეს კვება სჭირდება არა მარტო ყვავილობამდე, არამედ მერეც. სწორედ მაშინ ხდება მომავალი ზრდის კვირტების ფორმირება, რომლიდანაც 2 წლის მერე კოკორი ყალიბდება.  მცენარეზე მოქმედებს მშრალი ამინდებიც ყვავილობის მერე. იგი ისევ არ იყვავილებს მომდევნო სეზონზე.

10.თუ ნიადაგში არაა საკმარისი რაოდენობის კალიუმი. ასეთ ნიადაგში შეაქვთ კალიუმის სულფატი 10-15გრ კვ მ ზე

11. ხანგრძლივი წვიმა კოკრობის ფაზაში. ასეთ შემთხვევაში კოკრები იბერება წყლით, მუქდება, არ იშლება და ისე ცვივა. ეს უფრო მეტად შეინიშნება ლპობადაწყებულ  ან დაავადებულ მცენარეზე, ამიტომ საჭიროა ყურადღება და პროფილაქტიკური სამუშაოების  ჩატარება.

12.თუ კოკრობისას მშრალი ამინდებია. მცენარე კარგად უნდა მოირწყას, მაგრამ შედარებით იშვიათად. ერთ მოზრდილ ბუჩქს დაახლოებით 30ლ მდე წყალი სჭირდება.

13.როდესაც მცენარეს ნაადრევად აჭრიან ფოთლებს. ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მოყვავილების მერე მას აღარ სჭირდება ფოთოლი და სექტემბრის დასაწყისში აშორებენ მწვანე მასასაც. ეს უხეში შეცდომაა. ყვავილობის შემდგომი პერიოდი მნიშვნელოვანი ეტაპია იორდასალამისთვის - ამ დროს ხდება საყვავილე კვირტების ჩამოყალიბება, ამიტომ მხოლოდ გვიან შემოდგომაზე ხდება მისთვის ფოთლების მოცილება.

14. თუ თაიგულისთვის ყვავილებს უხეშად და არასწორ ადგილზე ჭრიან. მცენარეს უნდა დარჩეს ტოტის ნაწილი ფოთლებთან ერთად. ტოტის ძირში ყალიბდება ზრდის ახალი წერტილები. ამიტომ მთლიანი ტოტის მოჭრით ეს ადგილებიც იკარგება, მცენარე სუსტდება და აღარ იზრდება.

15. თუ მცენარეს ფესვები დაზიანებული აქვს. კერძოდ, შეესია ნემატოდა. ასეთ მცენარეს თხრიან და ანადგურებენ.

16.თუ მის ფესვებს ჭამს თაგვი, თხუნელა.საჭიროა ბრძოლა მღრღნელებთან. ისინი ნაგავთან ახლოს სახლდებიან. ამიტომ ეზოში სისუფთავის  შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია იორდასალამის ყვავილობისთვის.

17. თუ მცენარე დაავადებულია ვირუსებით. მისი ნიშნებია: ტოტების დაგრძელება, ფოთლების ჩახვევა. ასეთი მცენარე ჯუჯავდება და არ აქვს ენერგია ყვავილობისთვის, ამიტომ ამგვარ მცენარეებსაც ამოღება და განადგურება უნდა, რომ დაავადება სხვებზეც არ გავრცელდეს. თარგმანი თ.სუპატაშვილის

18 May 0 7 514
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно