ცეროპეგიას მოვლა სახლის პირობებში

ცეროპეგია (Ceropegia) -  ქენდირისებრთა (Apocynaceae) გვარის ყვავილოვანი მცენარე.ბუნებრივ პირობებში გავრცელებულია ველური სახით სამხრეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში,გვხვდება ინდოეთში,ჩინეთში,არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთში,კანარის კუნძულებზე.ცნობილია და აღწერილია ამ გვარის 180 სახეობაზე მეტი.

ცეროპეგიების უმრავლესობა - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მცოცავი ღეროებით და ბოლქვისებური ფესვებით,რომელშიც ტენის მარაგი ინახება.ფოთლები მომცრო ზომისაა,საპირისპიროდ განლაგებული,შესქელებული ან ხორციანი,ფორმით კვერცხისებური,გულისებური ან ლანცეტისებური.არსებობს სახეობები რომლებსაც ძალიან მცირე ზომის რუდიმენტული ფოთლები აქვს,ან საერთოდ არ გააჩნია ისინი,მაგრამ ოთახის მემცენარეობაში ისინი პრაქტიკულად არ გვხვდება.სახლის ცეროპეგიას ყლორტები ერთ მეტრამდე სიგრძის ეზრდება.

ზოგიერთ სახეობას (ცეროპეგია ვუდი) ღეროს მუხლებში უნვითარდება მცირე ზომის ბულბები,რომლებსაც აქვთ უნარი გაიზარდნენ და დაფესვიანდნენ მაღალი ტენიანობის პირობებში.

ყვავილები იზრდება ფოთლის უბეებიდან,ცალკეული ან ქოლგებად შეკრული.გვირგვინი მილისებურია,ძირში უფრო ფართო.მრავალ სახეობას ყვავილის ფორმა უცნაური აქვს,პატარა სანთლებს ან ფანარებს მოგვაგონებს.ცეროპეგიას მრავალი ხალხური სახელი აქვს,რომლებიც გამოხატავს ამ მცენარის უცნაურ შესხედაობას: ყვავილი-ფანარი,პლაჟის ქოლგა,პარაშუტი,გველის ლიანა,ბუშმენის მილი,გულების მძივი.ცეროპეგიას ყვავილები მორგებულია ბუზების მიერ დამტვერიანებას.მისი ყვავილის ფურცლები ხშირად შეზრდილია ერთმანეთს თავსა და ბოლოში,რაც ქმნის მახეს მწერებისათვის.

ცეროპეგიას სახეობები ოთახის პირობებში ყველაზე ხშირად შეხვდებით ცეროპეგია ვუდის და სანდერსონის ცეროპეგიას.
 

ცეროპეგია ვუდი (ceropegia woodii- ყველაზე გავრცელებული სახეობაა.ნატიფი ამპელური მცენარე გრძელი,წვრილი მოყავისფრო იისფერი ყლორტებით და მცირე ზომის მომრგვალო ან გულის ფორმის ფოთლებით (დიამეტრით 2 სმ-მდე). ფოთლები ხორციანია,ზემოდან მწვანე მარმარილოსებური ნახატით,ქვემოთა მხარე ღია მწვანე ან იისფერია.შორიდან ეს მცენარე მოგვაგონებს თითქოს ძაფზე ასხმული,წვრილი მოვერცხლისფრო-მომწვანო მონეტების კასკადს.

ზაფხულში მუხლებზე უნვითარდება ღია ფერის პატარა ბოლქვები,რომლებიც ინვითარებს ფესვებს მომატებული ტენიანობის დროს,რაც დაფესვიანებაში ეხმარება.მცირე ზომის მილისებური ყვავილები იშლება ფოთლის უბეებიდან,ყვავილის ფურცლები მუქი ყავისფერია,შიგნიდან მოთეთრო -შებუსული.ყვავილობს უხვად მთელი წლის განმავლობაში,თუმცა ისინი არც თუ ისე მიმზიდველი შესახედაობისაა. ცეროპეგია ვუდის ჩვეუებრივ ზრდიან როგორც ამპელურ მცენარეს,დაკიდულ კალათში.ზოგჯერ მავთულის კარკასზე გარკვეულ ფორმას აძლევენ.ფორმის მიცემისას გახსოვდეთ,რომ ცეროპეგიას წვრილი ყლორტები ერთმანეთში იხლართება და მათი გახსნა რთულდება ან შეუძლებელი ხდება გადარგვის შემთხვევაში.

სანდერსონის ცეროპეგია (Ceropegia sandersonii) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე,მცოცავი წვრილი ყლორტებით,ბუნებაში გვხვდება მოზამბიკის ქვიან სანაპიროებზე და სამხრეთ აფრიკაში.ყლორტები გრძელი აქვს,შიშველი,მუხლებს შორის მანძილი 200 სანტიმეტრს აღწევს,მუხლებზე კი საპირისპიროდ განლაგებული მომრგვალო ან კვერცხისებური ხორციანი ფოთლები აქვს,ფოთლის ფირფიტა პრიალაა,ოდნავ ამობურცული,გამოყოფილი მთავარი ძარღვით,სიგრძით 6 სმ, სიგანით 4 სმ.

ფასობს როგორც ორიგინალური ყვავილების მქონე ამპელური მცენარე - ყვავილები მინიატურულ პარაშუტებს წააგავს.გვირგვინი სიგრძით 7 სანტიმეტრია,მწვანე ფერის,ხუთი თხელი ზემოთ გაფართოებული ფურცლით,შებუსულია მოთეთრო ფერი ბუსუსით.გვირგვინის ქვედა მხარე მწვანეა,ზემოთ ღიავდება,თითქმის თეთრდება,ზემოდან ემჩნევა  წვრილი მწვანე ფერის ძარღვები,ყვავილობა პრაქტიკულად მთელი წელი გრძელდება.

სახლის პირობებში სანდერსონის ცეროპეგიას ზრდიან საყრდენზე,მასზე ახვევენ ღეროებს.მცენარე ზოგჯერ საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება,თითქოს მავთულის მწვანე გორგალს მოგვაგონებს,რომელსაც პარაშუტისმაგვარი ყვავილები ამშვენებს,საყრდენად გამოსადეგია ნებისმიერი ბადე,მსხვილი მავთული ან ხის ფესვი.

 

რჩევები მოვლის შესახებ ეს საკმაოდ ადვილად მოსავლელი მცენარე ახალბედებისთვისაც შესაფერისია.

განათება. ცეროპეგიას მკვეთრი სინათლე ესაჭიროება,მისთვის შესაფერისია სამხრეთის მზიანი ფანჯარა.შუადღის საათებში გადახურებისაგან დასაცავად მოუჩრდილეთ თხელი ფარდით,თუ ოთახი მუდმივად ნიავდება,ან მცენარე აივანზეა,ამის გაკეთება არ არის საჭირო.არასაკმარისი განათების დროს ღეროები იწელება,ფოთლები წვრილდება,მცენარე არ ყვავილობს.

ტემპერატურა. ცეროპეგია კარგად იტანს სიცხეს,ზაფხულში გრილ შენობაში კარგად იზრდება.მისთვის სასარგებლოა დღეღამის ტემპერატურული ცვლილებები.ზაფხულში სასურველია დღისით 22-25°С,ღამით 10-15°С.ზამთარში დგება მოსვენების პერიოდი და ამ დროს ცეროპეგია სასურველია იმყოფებოდეს 14-16°С,მაგრამ არანაკლებ 10°С-ისა.არ უყვარს ცივი ორპირი ქარი.

ტენიანობა. არ მოითხოვს ჰაერის მაღალ ტენიანობას (არაუმეტეს 40-50%),კარგად იტანს გამათბობელის მშრალ ჰაერს ზამთარში.

ნიადაგი. ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი და ჰაერგამტარი,საჭიროა დაემატოს ქვიშა,ან პერლიტი ტორფთან ერთად თუ ის ზედმეტად მძიმეა.შეგიძლიათ მისთვის საჭირო სუბსტრატი თქვენც მოამზადოთ: 3 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა,2 წილი კორდის მიწა,2 წილი ნეშომპალა.1 წილი ქვიშა.საჭიროა კარგი დრენაჟი,ქოთანს რამოდენიმე ნახვრეტი უნდა ქონდეს,რომ არ მოხდეს წყლის ჩაგუბება და ფესვები არ დალპეს.

მორწყვა. ნიადაგი ოდნავ უნდა იყოს ნესტიანი და მოასწროს შეშრობა მორწყვებს შორის.უმჯობესია მორწყათ კვირაში ერთხელ და უხვად.ყურადღება მიაქციეთ რომ ქოთნიდან გამოსული წყალი არ დარჩეს სადგამზე.ზამთარში შეზღუდეთ მორწყვა 20-30 დღეში ერთხელ,მაგრამ ყურადღება მიაქციეთ რომ ფოთლები არ მოუჭკნეს.ცეროპეგიას მცირე ზომის ფოთლები აქვს და ბევრიც არა,ამიტომ მცენარე ცოტა წყალს აორთქლებს.ტენის მარაგი მას ყოველთვის აქვს შესქელებულ ფესვებში.საყურადღებოა,რომ გამოშრობა დიდ ზიანს არ აყენებს,ჭარბი წყალი კი სახიფათოა მისთვის.

სასუქი. ხალგაზრდა ცეროპეგიას კვება არ ესაჭიროება.მისთვის სრულიად საკმარისია ნიადაგში არსებული ნივთიერებები.მოზრდილ მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში შესაძლოა მიაწოდოთ სუკულენტებისათვის და კაქტუსებისათვის განკუთვნილი თხევადი სასუქი თვეში ერთხელ,ორმაგად გაზავებული.

გამრავლება. ცეროპეგიას გამრავლება არ არის რთული კენწეროდან აღებული კალმებით რომლებიც 8-10 სმ სიგრძისაა და რამოდენიმე მუხლი აქვს.ცეროპეგია ვუდის შემთხვევაში უმჯობესია ბოლქვიანი კალმები გამოიყენოთ,რომლებიც მიწაზე პატარა კენჭების საშუალებით დაამაგრეთ და შემდეგ დანამეთ.უფრო მოსახერხებელია კალამი სპირალისებურად დაახვიოთ და ქოთანში მიწაზე დადოთ.დაფესვიანებამდე კალამი  უნდა გამოშრეს და ქვედა ორი ფოთოლი შეეცალოს.

შესაძლებელია ყლორტების ნაწილებით გამრავლებაც რომლებსაც კარგად აქვს განვითარებული ბოლქვები,ყლორტი დაჭერით რამოდენიმე ნაჭრად,ისე რომ თვითოეულს  ქონდეს ბოლქვი და ფოთლები.ფესვიანდება ქვიშაში,დაფესვიანების შემდეგ რგავენ ქოთანში,შესაძლებელია რამოდენიმეს ერთად ჩარგვაც,უკეთესად ფესვიანდება 20°С.

ზოგჯერ აფესვიანებენ წყალშიც,ცეროპეგია ვუდი არ იძლევა ცუდ შედეგებს,მაგრამ უფრო ხორციანი სახეობები ხშირად ლპება.

შესაძლოა გამრავლება ძირის დაყოფითაც,გრძელი ყლორტები ასეთ შემთხვევაში ჯობია გასხლათ.

სანდერსონის ცეროპეგიას გამრავლების უმთავრესი მეთოდი არის დაკალმება.ამისათვის საუკეთესო დრო არის გაზაფხული.აიღეთ ყლორტის ნაწილი 2-3 მუხლით,ჩვეულებრივ ეს საკმაოდ გრძელი ღეროა.კალამი დადეთ ქოთანში რგოლისებურად,ნიადაგი ფხვიერი და ნესტიანი უნდა იყოს.მუხლები უნდა ეხებოდეს ნიადაგს,მათ მავთულის საშუალებით ამაგრებენ ან უბრალოდ კენჭებს აწყობენ.გადანაჭერი ადგილები არ უნდა ეხებოდეს ნიადაგს.ფესვები ზრდას დაიწყებს მუხლთაშორისებზე და არა გადაჭრილი ადგილებიდან.კალმის დასათბურება აუცილებელი არ არის,მაგრამ ნიადაგი არ უნდა გამოშრეს

გადარგვა. უნდა გადაირგას მხოლოდ ძლიერად დაბუჩქული მცენარე,რომელსაც ქოთანში ადგილი აღარ აქვს,გადარგვისას იმტვრევა გრძელი ყლორტები,ამიტომ ფრთხილი გადარგვაა საჭირო,უფრო სწორად გადასმა,ისე რომ მიწა არ მოსცილდეს.ცეროპეგია უმჯობესია განაახლოთ 5 წელიწადში ერთხელ,ამიტომ გადარგვის მაგივრად დააფესვიანეთ ახალი კალამი.

დაავადებები და მავნებლები. ავადდება ფქვილოვანი ცრუფარიანათი,ასევე აბლაბუდიანი ტკიპით და ბუგრებით.მათი აღმოჩენის შემთხვევაში ჩამორეცხეთ მთელი მცენარე თბილი შხაპით.შემდეგ შეწამლეთ.

დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია  არასწორი მოვლის შედეგები - ფოთლების მზით დამწვრობა,მოყინვა,სინათლის უკმარისობის გამო ღეროების გაწელვა.წყლის სიჭარბის დროს შესაძლოა დაულპეს ფესვები და ღეროები,ფოთლები კი გაუყვითლდეს და ჩამოსცვივდეს.
 

11 April 0 1 280
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно