გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

რატომ ავადდებიან მცენარეები

ოთახის მცენარეები გვახარებენ თავისი ლამაზი ყვავილებით, ხასხასა ფოთლებით. ჯანსაღი იერით. მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ ისინი იწყენენ, ფოთლები ცვივა, არ ყვავილობენ, ავადდებიან და კვდებიან კიდეც. მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მათი შველა დასაწყისში შესაძლებელია, თუ ვიცით ყველაზე გავრცელებული დაავადებების სიმპტომები და მათი გამომწვევი მიზეზები.
სიმპტომები: 
ახალნაყიდ მცენარეებს სცვივა ფოთოლი - მცენარეები ადამიანების მსგავსად განიცდიან სტრესს ადგილის შეცვლისას. სტრესის პირველი ნიშანიც სწორედ ესაა - ფოთოლცვენა. გადაადგილებით გამოწვეული დისკომფორტის მინიმუმამდე დასაყვანად ტრანსპორტირებისას ზამთარში მცენარე უნდა შეიფუთოს, უნდა დაიცვათ ცივი ჰაერისგან.
ფოთლები ცვივა ფერის და ტურგორის შეცვლის გარეშე - ასე ემართებათ ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ან ცივი ორპირის გამო, ან კიდევ განათების ინტენსიობის მკვეთრი მატებისას.
ხის მსგავსი მცენარეები ფოთოლს იცვენენ, თუ მიწა ძლიერ გამოშრება. 

ფოთოლი ყვითლდება და მერე ცვივა - ქვედა ფოთლების ასე დაცვენა ნორმალური მოვლენაა, ბიოლოგიური პროცესია და ამ დროს ზომების მიღება საჭირო არაა. თუ მცენარე ერთბაშად რამდენიმე ფოთოლს იცვენს, ეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცივი ორპირის ან გრუნტის ზედმეტად მორწყვის გამო ხდება,
ფოთოლი ეხვევა და ცვივა - როდესაც ოთახში არ თბილა, იგი ორპირში მოხვდა ან მიწა ვერ ასწრებს გაშრობას მორწყვებს შორის.
ქვედა ფოთლები ხმება და ცვივა - ასე ხდება, თუ მცენარეს არ ჰყოფნის წყალი, ოთახში ცხელა და განათებაც ნაკლებია.
ზედა ფოთლები ყვითლდება - თუ ფოთლები ყვითლდება, მაგრამ არ ჭკნება, ეს ნიშნავს, რომ სარწყავი წყალი ძალიან ხისტია, კიდევ ერთი მიზეზია მიწაში კალიუმის ჭარბი ოდენობა. 

ღერო და ფოთლები ლპება - ასე ხდება, თუ წყალი ფოთლებზე ხვდება ან როზეტში ჩავიდა ჰაერის დაბალი ტემპერატურის დროს. ზამთარში მორწყვის სიხშირე და დანამვა თითქმის ყველა მცენარეს უნდა შეუმცირდეს.
ფოთლებზე ყავისფერი ლაქებია - მშრალი ლაქები არასაკმარისი მორწყვის შედეგია. თუ რბილი და სველი - მორწყვა ზედმეტი მოგსვლიათ.
ყვითელი ან თეთრი ლაქები ფოთლებზე - ასეა, როდესაც მცენარე დიდხანს დგას მზეზე, ბევრი მცენარე ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს და ფოთლები ეწვება, ან კიდევ მცენარე ავადდება ან მწერები დაესია. ასეთივე ლაქები ჩნდება, თუ მცენარეს ცივი წყლით რწყავენ და წყალი ფოთლებზე ხვდება. 

ფოთლის კიდე ან წვერო ხმება და ყავისფერდება - როდესაც ფოთოლი ედება კედელს, ფანჯარას, როცა ოთახში მშრალი ჰაერია. ამიტომ მის გარშემო ჰაერი ხშირად უნდა დაინამოს.
ყავისფერი ან ყვითელი კიდეები ფოთლებზე - ეს რამდენიმე მიზეზით ხდება -ჭარბი ან ნაკლები მორწყვით, მშრალ ჰაერზე, ზედმეტად სასუქის მიცემით, ორპირში, სიცხე-სიციივეში, განათების სიჭარბის ან ნაკლებობისას.
მომჭკნარი ფოთლ;ები - მორწყვის რეჟიმის დარღვევისას, ოთახში მაღალი ტემპოერატურის ან მკვეთრი განათებისას, ან თუ ქოთანი მჭიდროა და გადარგვა სჭირდება. კიდევ მწერების დახვევა და ჰაერის სიმშრალეც იმავეს იწვევს.
ფერმკრთალი ფოთლები - თუ მცენარე ავადდება აბლაბუდა ტკიპით ან მკვეთრი განათებაა ოთახში.
ნახვრეტები ფოთოლზე - ეს ან მავნებლების ან მექანიკური დაზიანების შედეგია. 

ტოტები იწელება, ახალი ფოთლები კი წვრილი და ფერმკრთალია- თუ მას არ ჰყოფნის მინერალური სასუქი ან  განათება. განსაკუთრებით ასე ემართება მცენარეებს ზამთარში.
მცენარე ან არ იზრდება, ან ნელა იზრდება - ზამთარში ეს ნორმალურია, უმეტესობა მცენარეებისაამ დროს  ისვენებს. მაგრამ თუ იგი არ იზრდება ვეგეტაციის პერიოდში, სავარაუდოა, მცენარეს სასუქი აკლია, ქოთანი სავსეა ფესვებით, მცენარეს გადარგვა სჭირდება. ასევე ხდება, თუ განათება არასაკმარისია ან ჭარბად ირწყვება მცენარე.
კოკრები ცვივა - იმ მიზეზების გარდა, რის გამოც ცვივა ფოთლები, კოკრების ცვენას იწვევს ასევე განათების მკვეთრი ცვლა, მავნე მწერები, ადგილის შეცვლა კოკრობისას.

არ ყვავილობს - მოსვენების ეტაპზე არასწორი მოვლის  გამო, მშრალი ჰაერის, ნაკლებ განათებულ ადგილზე ყოფნის, ზედმეტი მინერალური სასუქის ან ძალიან დიდი ქოთნის გამო შეიძლება მოხდეს ასე.
ყვავილობა მცირე ხანს გრძელდება - წყლის ნაკლებობის, ჰაერის სიმშრალის, სიცხის ან განათების ნაკლებობისას.
თიხის ქოთანში ნადები - მწვანე ფერის ნადები ჩნდება ჭარბი მორწყვის და ცუდი დრენაჟის გამო. მიწა ვერ ასწრებს გაშრობას, ზედმეტი წყალი კი არ გადის ქოთნიდან. 

თეთრი ნადები უჩნდება ხისტი წყლით მორწყვისას ან ჭარბი  მინერალური სასუქით კვებისას.
ყველა ამ მიზეზის აღმოფხვრაა შესაძლებელი, თუმცა სჯობს, არც დაუშვათ  ეს შეცდომები  მცენარეების მოვლისას. მაშინ ისინი უამრავ ყვავილს გაჩუქებენ და დიდხან იყვავილებენ.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

28 July 0 8 190

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно