გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

დრაცენას გასხვლა

ამ მცენარეს თითქმის ყველგან ნახავთ, ნებისმიერ შენობაში, რადგან მინიმალური  ყურადღება სჭირდება. ადვილად იტანს ტემპერატურის ცვლილებას, არარეგულარულ მორწყვას, იზრდება ხელოვნურ განათებაზეც და თან ეგზოტიკური სილამაზით ატკბობს პატრონს მთელი წლის განმავლობაში.  ამბობენ, რომ  იგი აუმჯობესებს სახლის ენერგეტიკას, ატენიანებს ჰაერს და აქვეითებს მავნე აირების რაოდენობას. კარგი მოვლისას საკმაოდ დიდი იზრდება- 2-3 მ მდე. ასე დიდი უკვე აღარაა მიმზიდველი, მერე ცდილობენ გადაჭრან და ამ პროცედურას სულ სამომავლოდ დებენ. თუმცა ეს არც ისე რთული პროცესია.
როდის ისხვლება დრაცენა: თუ მცენარე სწრაფად იზრდება და სადაცაა ჭერს მიაღწევს, იგი უნდა გადაიჭრას. ასეთ პროცედურას ატარებენ მცენარის აქტიური ზრდისას, ანუ გაზაფხულ -ზაფხულის პერიოდში. ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა მისი გადაჭრა ზამთარში. ამ სეზონზე მცენარეს სძინავს და მისი შეწუხება დიდად არაა სასურველი. გასხვლა საკმაოდ დიდი სტრესია მცენარსთვის და რომც ყველაფერი წესის მიხედვით გაკეთდეს, მაინც შესაძლებელია სხვადასხვა პრობლემა წარმოიქმნას. არსებობს იმის ალბათობაც, რომ საერთოდ, მოკვდეს კიდეც. ზრდის პროცესში მცენარე გამოჰყოფს ზრდის ჰორმონებს, რომლებიც აჩქარებენ გადაჭრილი ღეროს შეხორცების პროცესს. ზამთარში კი ეს არ ხდება და შეხორცება ჭიანურდება. ასე რომ, სჯობს, დაელოდოთ გაზაფხულს და მაშინ ჩაატაროთ ეს პროცედურა. მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში, მაგ. მცენარის გადმოვარდნის და გადატეხისას, რასაკვირველია, ვერ დაელოდებით გაზაფხულს. თუ შემდგომი მოვლა სათანადო იქნება, მცენარე მალე მოვა გონს და ისევ გააგრძელებს გავითარებას.
კიდევ ერთი შეკითხვაა აქტუალური - შეიძლება თუ არა დასუსტებული ან დაავადებული მცენარის გადაჭრა. აქ პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. ისედაც დასტრესილი მცენარისთვის კიდევ ახლის მომატება უარესი იქნება, ამიტომ ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს მცენარე, მერე კი იზრუნეთ მის გარეგნობაზე. 

ინსტრუქცია: გასხვლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა მცენარისთვის, იგი ასტიმულირებს ახალი კვირტების წარმოქმნას და ამ პროცედურის მერე იგი დატოტვას იწყებს. არსებობს რამდენიმე მიზეზი, ის გამოც უნდა გაისხლას მცენარე:
 -ტოტების დეფორმირება. ასეთ დროს კეთდება სანიტარულ-ფორმისმიმცემი გასხვლა, რომლის შედეგადაც უკვე ახალი ტოტები სწორად გაიზრდება.
 - მცენარე იზრდება და კარგავს პირვანდელ სახეს, გასხვლა ეხმარება მას დაიბრუნოს თავდაპირველი შესახედაობა.
 - ზოგჯერ მცენარეს სჭირდება სანიტარული გასხვლა, თუ იგი დაავადებულია. მას აცლიან დაზიანებულ ტოტებს დაუნანებლად და რაც შეიძლება ჩქარა, რომ მერე ჯანმრთელი ტოტებიც არ დააზიანოს.

გასხვლისთვის დაგჭირდებათ მჭრელი დანა. გადაჭრის სიმაღლეს თავად წყვეტთ, თუმცა ოპტიმალურია 15-20 სმ წვეროდან. გადაჭერით ღერო იქ, საიდანაც გსურთ, მცენარეს გამოუვიდეს ტოტები. გადანაჭერს არ აგდებენ, შესაძლებელია მისი დაფესვიანება. ამისთვის მას ჰაერზე დებენ რამდენიმე  დღით, მერე კი ან წყალში ან მიწაში დებენ და ელოდებიან ფესვის გამოღებას. დაფესვიანებულ მცენარეს უკვე მუდმივ ადგილზე რგავენ. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს. ქოთანს სადრენაჟე ხვრელიც უნდა ჰქონდეს. გადანაჭერს დამუშავება აუცილებლად სჭირდება, რომ ლპობა არ დაეწყოს. კარგია გააქტივებული ნახშირის ფხვნილის მოყრა ან გამდნარი პარაფინის გადასმა. გადაჭრილი მცენარე სწრაფად ჰკარგავს ტენს, რაც ხელს უშლის ახალი კვირტების წარმოქმნას. ამის თავიდან ასაცილებლად მცენარეს დღეში რამდენჯერმე სჭირდება დანამვა. 
კარგი იქნება, თუ გადაჭრის ადგილს შემოახვევთ ტენიან ხავსს, ზემოდან კი გამჭირვალე პაკეტს ჩამოაცვამთ, ასე ნაკლები ტენი აორთქლდება. კვირაში 2-3 ჯერ იგი უნდა მოხსნათ და შეამოწმოთ მცენარის ამ ნაწილის მდგომარეობა, მერე კვლავ დაახუროთ. ასე ჩქარდება ახალი ტოტების წარმოქმნის პროცესიც.
ქოთანს დებენ სიბნელეში და სითბოში, დაახლოებით 25  გრ ზე. მას არ უნდა მოხვდეს ორპირი. კვირტების წარმოქმნა ნელი პროცესია - დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. როცა ახალი კვირტების გამოსვლა დაიწყება, პაკეტს და ხავსს ხსნიან . მცენარე საკუთარ თავს უკვე თავად მიხედავს
. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/122-dracena.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

10 May 0 14 665

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно