გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორ გადავრგოთ სწორად

როგორ გადავრგოთ სწორად 

მრავალწლიანი მცენარეების უმრავლესობას გადარგვა წელიწადში ან ორ წელში ერთხელ ჭირდება. ზოგიერთი ნელამზარდი მცენარეების გადარგვა კი 3 წელიწადში ერთხელაც საკმარისია. 

გადარგვისთვის საუკეთესო დრო გაზაფხულია, როცა მცენარეს საკმარისი სითბო და სინათლე ექნება. ამ წესიდან გამონაკლისია მცენარეები, რომლებიც გაზაფხულზე ყვავილობს, მაგალითად, აზალია და კამელია. საწინააღმდეგო შემთხვევაში მცენარეს კოკრები და ყვავილები შეიძლება დასცვივდეს. 

როგორ უნდა გაიგოთ, ჭირდება თუ არა მცენარეს გადარგვა? პირველ რიგში, დააკვირდით, ყოფნის თუ არა მიწა. 


თუ ქოთნიდან ამოღების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ მიწის გოროხი მჭიდროდაა შემოქსოვილი ფესვებით და მიწა თითქმის არ ჩანს, ე.ი. გადარგვა აუცილებელია. მაგარი, ხორცოვანი ფესვების მქონე მცენარეებს ზედმეტად ვიწრო ქოთნიდან თავადაც შეიძლება ოდნავ ამოიწიონ. 

ამ შემთხვევაში მცენარის მოვლა მორწყვითა და სასუქის მოყრით არ შემოიფარგლება. თუ მას უფრო დიდ ქოთანში არ გადარგავთ, სადაც ახალი მიწა ექნება, ადრე თუ გვიან მცენარეს ზრდას შეწყვეტს. 


გადარგვა იმის გამოცაა საჭირო, რომ დროთა განმავლობაში ნიადაგის შემადგენლობა და სტრუქტურა უარესდება: ირღვევა ჰაერის გამტარი კაპილარები, ჭარბად გროვდება მინერალური ნივთიერებები, რომლებიც მავნებელია მცენარეებისთვის: ნიადაგის ზედაპირზე თეთრი ნადები წარმოიქმნება. 

გადარგვის წინ მცენარე კარგად უნდა მორწყოთ, უკეთესი იქნება, თუ 1 დღით ადრე ქოთანს წყლიან ჭურჭელში ჩადგამთ. ქოთნიდან მცენარის ამოღების შემდეგ ჩამოაფერთხეთ არასაჭირო მიწა და შეძლებისდაგვარად მოაშორეთ მკვდარი ან ლპობაშეპარული ფესვები. ახალი ქოთნის დიამეტრი წინაზე 2-3 სმ-ით მეტი მაინც უნდა იყოს. 


ქოთნის ძირზე დადეთ თიხის ნამტვრევები ან პატარა ქვები, რათა სადრენაჟო ნახვრეტი მიწით არ ამოივსოს, ჩაყარეთ ცოტა მიწა და ჩადეთ მცენარე ახალ ქოთანში ისეთ სიღრმეზე, როგორზეც წინა ქოთანში იდო. 

გაავსეთ ქოთანი ახალი მიწით, მსუბუქად დატკეპნეთ, მიწის ზედაპირი ქოთნის კიდიდან დაახლოებით 1 სმ-ზე უნდა იყოს. ბოლოს უხვად მორწყეთ მიწა, რათა ის დაჯდეს და დარჩენილი სიცარიელეები სრულად ამოივსოს. შემდეგი 3-4 კვირის განმავლობაში მცენარე ზედმეტად არ მორწყათ და სასუქი არ დააყაროთ. მცენარეების უმრავლესობას ამ პერიოდში ახალი ფოთლები არ გამოაქვს. მიწაში სასუქის შეტანა ახალგაზრდა ყლორტების გამოჩენისთანავე შეგიძლიათ. 


ქოთნის არჩევა: პლასტმასი თუ კერამიკა? 

ქოთნებს ძირითადად პლასტმასის ან თიხისგან ამზადებენ. ორივე მასალას თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს. ასე, რომ ქოთნის არჩევანი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. ბევრი მცირე ზომის პლასტმასის ქოთნებს ამჯობინებს, პირველ რიგში მისი სიმსუბუქის გამო. ასეთი ქოთნები ძალიან მოსახერხებელია ჩამოშვებული მცენარეებისთვის. თიხის ქოთნები კი მძიმე და გამძლეა, ამიტომაც დიდი მცენარეებისთვის უდავოდ თიხის ქოთანია უკეთესი. თიხის ქოთანში ჩარგული მცენარე უფრო უხვად უნდა მოირწყას, რადგან ფოროვანი თიხა ზედმეტ ტენს აორთქლების საშუალებას აძლევს. პლასტმასის ქოთანში კი ტენი საკმაოდ დიდხანს ინახება, თუმცა, იმავდროულად ნიადაგის ზედმეტად დანესტიანების საფრთხეც იქმნება. 


მიწის არჩევა

ჩვენი რჩევაა: თუ რომელიმე დიდი მცენარის გადარგვა არ გინდათ, მისთვის ახალი მიწის უზრუნველსაყოფად უბრალოდ აიღეთ მიწის ზედა ფენა. თუმცა ეს ძალიან აკურატულად უნდა გააკეთოთ, რათა ფესვები არ დაზიანდეს. 

უკვე რამდენიმე ათწლეულია დეკორატიული მცენარეებისთვის ტორფის საფუძველზე დამზადებულ ნარევს იყენებენ. ამ ნარევის თვისებები თითქმის არ იცვლება, ის ფხვიერია და მცენარეებისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს საკმარისად შეიცავს. 


ყვავილების მაღაზიებში იყიდება ტორფზე დამზადებული ნარევები კირის დამატებით. მის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მინერალური ბამბა ან პოლისტიროლის ნაფხვენი, რაც ზრდის ნიადაგის უნარს შეინარჩუნოს ტენი და გაატაროს ჰაერი. სახლის პირობებში მიწის რაოდენობა, როგორც წესი, ბევრი არ არის საჭირო, ამიტომაც ნარევის დამოუკიდებლად მომზადება ყოველთვის აუცილებელი არ არის. უფრო მარტივია მზა ნარევით სავსე პაკეტის ყიდვა, რომელსაც ნებისმიერ სპეციალიზებულ მაღაზიაში იპოვით. შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ კორდის მიწის შემცველ ნიადაგსა და ტორფის შემცველ ნარევებს შორის. მინერალური ნივთიერებების ოდენობის მიხედვით, ის გამოსადეგია თესვისას, ახალგაზრდა ან ზრდასრული მცენარეებისთვის. 

არსებობს ასევე სპეციალური, ისეთი მცენარეებისთვის განკუთვნილი ნარევები, რომელთაც ნიადაგის შემადგენლობის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ. მაგალითად, კაკტუსის მიწაში უნდა იყოს მეტი ქვიშა, ორქიდეისთვის განკუთვნილი ნარევი უნდა იყოს მსუბუქი და ფხვიერი, აზალიებს კი მაღალი მჟავიანობის მიწა ჭირდება. 

ტორფის მარაგი ბუნებაში შეზღუდულია, ამიტომ დიდი ხანია მისი შემცვლელი სუბსტრატის ძიება მიმდინარეობს. ასეთ სუბსტრატად გამოდგება მაგალითად ხის დაქუცმაცებული ქერქის შემცველი ნარევი. ბოლო ხანებში გაყიდვაში კომპოსტური ნარევებიც გამოვიდა.


მინერალური კვება

წყალი, ჰაერი და სიყვარული - ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ მცენარეს მაინც არ ყოფნის. მას კარგად ზრდისა და ყვავილობისთვის მინერალური ნივთიერებებიც ჭირდება. 


საიდან იღებენ მცენარეები საკვებ ნივთიერებებს ბუნებრივ პირობებში 

ბუნებრივ პირობებში ყოველი მცენარე ბუნებაში ნივთიერებათა წრებრუნვაში მონაწილეობს. წვიმის ჭიები, სოკოები, ბაქტერიები და ნიადაგში მცხოვრები მწერები მკვდარ ორგანიზმებს შემადგენელ ელემენტებად შლიან. ამ დროს წარმოიქმნება მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებები, რომლებიც მცენარეებს საკვებად ჭირდება. მათ მცენარეები ფესვების მეშვეობით ითვისებენ და ახალი უჯრედების სამშენებლო მასალებად იყენებენ. 

როდესაც მცენარე კვდება, მას ნიადაგში მცხოვრები მწერები და მიკროორგანიზმები გადაამუშავებენ; მინერალური შენაერთები, რომლებისგანაც მისი ქსოვილები შედგება, შემადგენელ ელემენტებად იშლება და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. 


ოთახის მცენარეები ნივთიერებათა ამ წრებრუნვიდან გამოთიშული არიან და ამიტომ მათ მხოლოდ ჩვენ მიერ შეთავაზებული მინერალური ნივთიერებებით დაკმაყოფილება უწევთ. ქოთანში ნიადაგის მოცულობა საკმაოდ მცირეა, ამიტომ მცენარეები ხშირად საკვები ნივთიერებების ზედმეტობას ან ნაკლებობას განიცდიან. 


უმნიშვნელოვანესი საკვები ნივთიერებები 

ჩვეულებრივ, საკვები ნივთიერებები მცენარის მოთხოვნილებების შესაბამისად მიკრო და მაკრო ელემენტებად იყოფა. 

ყველაზე მეტად მცენარეს მაკროელემენტები ჭირდება: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, ასევე გოგირდი, მაგნიუმი და კალციუმი. მიკროელემენტებში შედის ბორი, რკინა, სპილენძი, მარგანეცი, მოლიბდენი და თუთია. მინერალური საკვების შემადგენელი თითოეული ელემენტი მცენარის განვითარებაში მინიმუმ ერთ, ზოგჯერ კი რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. მიკროელემენტები მცენარეს მცირე ოდენობით ჭირდება, თუმცა, მათი უკმარისობა მის სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს. ამ ჩამონათვალში მოყვანილია ძირითადი საკვები ნივთიერებები და ფუნქციები, რომლებსაც ისინი მცენარის ორგანიზმში ასრულებენ.


აზოტი (N)

ის მცენარისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკვებად მიიჩნევა, რადგან მცენარეული ცილოვანი შენაერთების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აზოტი აუცილებელია ფოთლებისა და ყლორტების ზრდის, ასევე ფოთლის მწვანე უჯრედების (ქლოროფილა) წარმოქმნისთვის. 


ფოსფორი (P)

ფოსფორი მცენარის ფესვების, კვირტებისა და კოკრების ზრდაზე ზემოქმედებს. გარდა ამისა, ის აუცილებელია ყვავილების, ნაყოფისა და თესლის დამწიფებისა და შეფერვისთვის.


კალიუმი (K) 

ეს ელემენტი საჭიროა, პირველ რიგში, მცენარის წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად, რადგან კალიუმი უჯრედებში წყლის შეკავებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, კალიუმი ამაღლებს მავნებლების მიმართ მცენარის წინააღმდეგობის უნარს და არახელსაყრელი პირობების ატანას უადვილებს. 


გოგირდი (S)

აზოტის მსგავსად, გოგირდი მცენარეული ცილოვანი შენაერთებისა და ქლოროფილის წარმოებაში სამშენებლო მასალაა. იგივე ეხება კიდევ ერთ ელემენტს - მაგნიუმს (Mg). კალციუმი (Ca) ზრდის მცენარეული ქსოვილების სიმტკიცეს და კალიუმის მსგავსად, მცენარის გამძლეობის ამაღლებას განაპირობებს. 

29 January 0 14 428

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно